Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მრეწველების” პოლიტიკური პლატფორმა უცვლელი დარჩება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი პოლიტიკური გაერთიანება "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" რიგით მესამე ყრილობას მართავს, რომელზეც განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შედეგები შეჯამდება

და სამომავლო პრიორიტეტები განისაზღვრება. რაზე იმსჯელებენ ”მრეწველები” საკმაოდ წარმომადგენლობით ყრილობაზე და იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება მათ პოლიტიკურ კურსში?

პოლიტიკური გაერთიანება ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თავის მესამე ყრილობას მართავს. ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას ქვეყნის ყველა რეგიონიდან 750-მდე დელეგატი მიიღებს. ”მრეწველები” ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე ითვლებიან ერთ-ერთ სტაბილურ გაერთიანებად, რომელიც, მართალია, მცირე წარმომადგენლობით, მაგრამ ყოველთვის ხვდება ამა თუ იმ დონის არჩევით ორგანოებში, მას ჰყავს თავისი გამოკვეთილი ელექტორატი და აქვს განსაზღვრული პროგრამა, რომელიც საქართველოში ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რაც გასაკვირი არაა, რადგან პოლიტიკური გაერთიანების ძირითად ბირთვს სწორედ ბიზნესმენები შეადგენენ.

”მრეწველები” ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ”ახალ მემარჯვენეებთან” ერთ პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანდნენ. ეს ბლოკი ”ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ერთადერთი გაერთიანება იყო, რომელმაც საარჩევნო ბარიერის გადალახვა მოახერხა.

მოძრაობის ლიდერი, კომპანია ”ყაზბეგის” პრეზიდენტი გოგი თოფაძე, აცხადებს, რომ ყრილობაზე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ, თუმცა მოძრაობაში ”ახალი სისხლის” გადასხმა და პოლიტსაბჭოს ”გაახალგაზრდავება” მაინც იგეგმება.

[გოგი თოფაძის ხმა] ”საკითხებია ორგანიზაციული, მაგრამ დიდი ცვლილებები არ იქნება - ლიდერები და პირველი პირები ვრჩებით; უბრალოდ, პოლიტსაბჭო იქნება, რომელიც უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების გაანალიზებასა და გახმაურებაში. ჩვენ ცოტა ახალგაზრდებით შევავსეთ ჩვენი პოლიტიკური ბირთვი, პოლიტსაბჭო და სხვადასხვა მმართველი ორგანოები.”(სტილი დაცულია)

თოფაძის განცხადებით, უცვლელი დარჩება მოძრაობის პლატფორმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა და რომელიც მრეწველობის აღორძინებასა და მეწარმეების ლობირებაზეა ორიენტირებული:

[გოგი თოფაძის ხმა] ”პოზიცია, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება. ჩვენ ახლაც მყარად ვდგავართ: საქართველოს შველის ერთადერთი გზა არის მისი სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარება. ძალიან ბევრი რამე არ მოგვწონს დღევანდელ პოლიტიკაში ამ მხრივ და ჩვენს პოზიციას ამ მხრივ დავაფიქსირებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას ამ პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.”(სტილი დაცულია)

თავად გოგი თოფაძე, რომელიც, ბიზნესის გარდა, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ბაკურიანის ზამთრის ოლიმპიადის ერთ-ერთი ინიციატორია, ბოლო პერიოდში აქტიურ პოლიტიკაში ნაკლებად ჩანდა. თუმცა სავარაუდოა, რომ მოძრაობის ყრილობის შემდეგ ”ლუდის მაგნატი” პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე ”გაახალგაზრდავებულ” პოლიტსაბჭოსთან ერთად ჩაერთვება.
XS
SM
MD
LG