Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ისეთი არაფერი მომხდარა, საზოგადოებისა და, შესაბამისად, მასმედიის ყურადღება


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში ისეთი არაფერი მომხდარა, საზოგადოებისა და, შესაბამისად, მასმედიის ყურადღება ერთიანად რომ მიეპყროს. ამდენად, ბოლო 5-6 დღის გაზეთების მიმოხილვაშიც

სხვადასხვა ამბავსა თუ ციტატას შევეხებით.

“როცა ჩემს ოჯახს ებრძვიან, ჩათვალეთ, რომ ამით ნინოს ებრძვიან. დისკრედიტაცია კი იმ წარმატებული პოლიტიკის დასაჩრდილად ესაჭიროებათ, რომელსაც იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩენს. არაერთხელ მომხდარა, როცა საერთაშორისო შეხვედრებში მისი გამოსვლა რუსეთის არხებს დაუბლოკავთ. ასე რომ, ყველაფერი იმ წარმატებული ნაბიჯების ბრალია, რომელიც ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ იდგმება,” – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მამის, ანზორ ბურჯანაძის, ეს სიტყვები გაზეთმა “ახალმა თაობამ” გამოაქვეყნა გასულ კვირაში.

უმაღლესი განათლების რეფორმის ყველაზე თვალსაჩინო ეტაპმა, ერთიანმა მისაღებმა გამოცდებმა, კარგა ხანია, ჩაიარა, მაგრამ, ჩანს, ამ გამოცდილების გააზრებას უკვე შეუდგნენ და პირველ დასკვნებსა თუ სამომავლო ცვლილებებს ამთავითვე აცნობებენ მოქალაქეებს. გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ, წლევანდელისგან განსხვავებით, გაისად აბიტურიენტს შეეძლება, ხუთის ნაცვლად, შვიდი სასურველი სპეციალობა ან უმაღლესი სასწავლებელი მიუთითოს განაცხადში. საგამოცდო საგნები ორ კატეგორიად იყოფა: სავალდებულო და არჩევითი. სავალდებულოა სამი: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები და უცხო ენა. არჩევით გამოცდას რაც შეეხება, აბიტურიენტებს შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ ისტორიას, საზოგადოებრივ მეცნიერებებს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკას შორის. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ სახელმწიფო სტუდენტს დააფინანსებს მხოლოდ ზოგადი უნარებისა და არა ყველა გამოცდის შედეგის საფუძველზე, როგორც ეს წელს მოხდა.

გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს იმ ცვლილებათა ნუსხას, რომელთაც საქართველოს პარლამენტი უპირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანას. მოკლედ რომ ვთქვათ, ცვლილებათა პროექტის შედეგად, უქმდება მუხლი, რომელიც ჩხრეკის ოქმს სავალდებულოდ მიიჩნევს. უქმდება დაპირისპირება და, წინასწარი პატიმრობის, გირაოსა და თავდებობის გარდა, აღმკვეთი ღონისძიების ყველა სხვა ფორმა. “რეზონანსი” ცვლილებათა პროექტს კომენტარებსაც აახლებს. კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე შეშფოთებას გამოთქვამს ჩხრეკის ოქმის შესაძლო გაუქმების გამო და მიიჩნევს, რომ ეს ხელ-ფეხს გაუხსნის სამართალდამცავებს დაკავებული მოქალაქეებისათვის იარაღისა თუ ნარკოტიკის ჩასადებად. ცვლილებათა ინიციატორია პარლამენტის იურიდიული კომიტეტი. თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პროექტი არ მოიწონა, მას არ განიხილავენ, – წერს “რეზონანსი”.

ერთი დეტალიც იმავე “რეზონანსიდან”. გაზეთი აქვეყნებს ცნობას, როგორ დაჭრა მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვაჟა ადამიამ თელასის თანამშრომლები. პუბლიკაციას გაეროში საქართველოს ელჩის რეზო ადამიას ფოტოსურათი ახლავს.

შევეხოთ შაბათის, 5 ნოემბრის, ქართულ გაზეთებსაც, მაგალითად, “ალიას”, რომელიც პოლიტიკურ სტატიას იწყებს სიტყვებით “”ერთხელ ასლან აბაშიძის მეხოტბის როლში მყოფმა მაია ნადირაძემ ზურაბ ჟვანია რაღაცაზე გააკრიტიკა”. თუმცა წერილი არა ისტორიაზე, არამედ მომავლის ჭვრეტაზეა მიმართული და ავითარებს აზრს, რომ კონტროლის პალატაზე კანონით მინიჭებული გავლენა პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისათვის ძლიერი ბერკეტია მინისტრებზე ზემოქმედებისათვის. ბურჯანაძის მჭიდიდან არც ერთ ფიგურას არ ერგო ბოლო ორი კვირის მანძილზე გამოთავისუფლებული სამინისტრო ვაკანსიები. “ალია” მიანიშნებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, კონტროლის პალატის მასალები მედიას დახურულად გადასცეს და ამით ესა თუ ის თანამდებობის პირი საზოგადოებისათვის მიუღებლად აქციოს.

გაზეთი “24 საათი”, გარდა იმისა, რომ მოკლედ ატყობინებს მკითხველს ლარის ინფლაციასა და, შესაბამისად, ფასების ზრდას საქართველოში, წერს ახალ თეატრალურ სეზონზე, რომელიც სამწლიანი პაუზის შემდეგ უნდა გაიხსნას რუსთაველის თეატრში. ავტორი ძუნწად აღწერს თეატრის რესტავრაციის შედეგს და ჩამოთვლის სპექტაკლებს, რომელთაც მსურველი მიმდინარე სეზონში ნახავს. მათგან ორი პრემიერა იქნება და ორივეს რეჟისორი რობერტ სტურუაა: ლაშა ბუღაძის “პ 25 პ”, რაც 25 პატარა პიესას უნდა ნიშნავდეს და “ვეფხისტყაოსანი”, რომელზეც თავად რეჟისორი ასე ლაპარაკობს: “ვეფხისტყაოსანზე ახლა ვერაფერს გეტყვით, მინდა ცოცხალი დავრჩე.”
XS
SM
MD
LG