Accessibility links

logo-print

ქართველი მხატვრები, მწერლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები თბილისში, თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მონუმენტის დადგმას აპროტესტებენ


ქართველი მხატვრები, მწერლები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები თბილისში, თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მონუმენტის დადგმას აპროტესტებენ.

ზურაბ წერეთლის მორიგი გრანდიოზული ნამუშევრის დასადგმელად თავისუფლების მოედანზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. მოედნის ცენტრს, სადაც უწინ ლენინის ძეგლი იდგა, შემოვლებული აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულებით აჭრელებული ბარიერი. სწორედ ამ ბარიერს შემოავლეს ცოცხალი წრე შაბათს საზოგადოების წარმომადგენლებმა და ამით თავისუფლების მოედანზე ტოტალიტარული რეჟიმის დროინდელი მონუმენტის აღმართვის იდეა და გადაწყვეტილება გააპროტესტეს. რატომ ეწინააღმდეგება ქართველი მხატვრებისა და მწერლების ერთი ნაწილი თავისუფლების მოედანზე თავისუფლების მონუმენტის - გნებავთ, წმინდა გიორგის ძეგლის - დადგმას?

[ჩანაწერი აქციიდან] ”გადავიდეთ გზის სავალ ნაწილზე, გადავიდეთ!”

[ლაშა ბუღაძის ხმა] ”არ ვიტყვი არაფერს რუსულად, არ ვიტყვი. არ ვიცი, ბატონო, რუსული. სანამ საქართველოდან რუსეთის ბაზები არ გავა, რუსულად არ ვილაპარაკებ!”

თავისუფლების მოედანზე გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მწერალი ლაშა ბუღაძე, ასე მიმართავდა ჟურნალისტს, რომელიც აქციის თაობაზე კომენტარს რუსულ ენაზე სთხოვდა. აქციის მონაწილეები საქართველოდან რუსეთის ბაზების დაუყოვნებლივ გაყვანას არ მოითხოვდნენ, ისინი თავისუფლების მოედანზე თავისუფლების გრანდიოზული მონუმენტის დადგმასთან დაკავშირებით საკუთარ მწვავე რეაქციას გამოხატავდნენ, თუმცა დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამით ვერაფერს შეცვლიდნენ.

[ლაშა ბუღაძის ხმა] ”ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავმარცხდეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ არ უნდა მოვსულიყავით. ”

ქართველი მხატვრებისა და მწერლების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბევრი არ მისულა. ნოემბრის ცივ, წვიმიან დღეს მოედნის ცენტრს - იქ, სადაც, თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტის სახელით, წმინდა გიორგის ძეგლი უნდა დაიდგას - ცოცხალი ჯაჭვი საზოგადოების მცირე წარმომადგენლობამ შემოავლო. 2 წლის წინ ასეთსავე ცივ და წვიმიან ამინდში ამ ადგილას უამრავი ადამიანი გამარჯვების რწმენით იდგა, მათ შორის ისინიც, რომლებიც დღევანდელ დღეს კიდევ ერთ დამარცხებას მოელოდნენ.

შაბათს ჩატარებული საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ თავისუფლების მოედანზე დასადგმელი გრანდიოზული მონუმენტი ეროვნული უნიჭობისა და უგემოვნობის მკაფიო მაგალითი იქნება - უფრო მეტიც, ტოტალიტარული რეჟიმის დროინდელი მონუმენტი. და, აი, რატომ:

[ლაშა ბუღაძის ხმა] ”გარკვეული მოდა შეიქმნა, როცა საბჭოთა სიმბოლიკა შეიცვალა რელიგიური სიმბოლიკით. ეს ჩინოვნიკებმა დაამკვიდრეს, როცა ლენინის პორტრეტებს ხსნიდნენ დ ხატების ფონზე იძლეოდნენ ინტერვიუებს. ახლაც ასეთი ფარისევლობის სუნი მცემს: ლენინის ადგილას - წმინდა გიორგი.”

[მამუკა ჯაფარიძის ხმა] ”ვიცით, რომ წმინდა გიორგის ქანდაკებაა და ამას ეძახიან თავისუფლების ქანდაკებას. არ არის ეს თავისუფლების სიმბოლო. მართლა გვინდა ეს მოედანი იყოს თავისუფალი, ამისთვის გამოვდიოდით და ვიბრძოდით აქ. ასე დიქტატით თუ დაიწყეს ძეგლების დადგმა, ამას მოჰყვება ის, რომ ყველა რაიონულ ცენტრში ანალოგიური ძეგლების დადგმას მოინდომებენ. ეს არის კოშმარი...”

ლენინური პროექტი - მონუმენტური პროპაგანდა - მეოცე საუკუნის ჭირი იყო. სწორედ ამ პროექტის 21-ე საუკუნის ქართულ რეალობაში გაგრძელების ნიშნებს ხედავს მხატვარი მამუკა ჯაფარიძე. მისი აზრით, თავისუფლების მოედნად ქცეული ლენინის მოედანი სწორედაც რომ თავისუფალი უნდა იყოს და აქ არანაირი მონუმენტი არ უნდა იდგეს. მით უფრო, ქართული ტრადიციული ხელოვნებისთვის ასე უცხო გრანდიოზული მონუმენტი. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ზურაბ წერეთლის ნამუშევარი, რომელიც 30 მეტრიან სვეტზე უნდა დაიდგას, თავისუფლების მოედანზე 2006 წლის 26 მაისისთვის აღიმართება.
XS
SM
MD
LG