Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 6 ნოემბერი


ქანდაკებები და ადამიანები. გასული კვირის კულტურული

ცხოვრება მთლიანად ამ მოტივზე – გაქვავებული და ცოცხალი სახეების ურთიერთობაზე - აიგო. ზუსტად იმ დროს, როცა თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე ნაწილად დაშალა დავით აღმაშენებლის ძეგლი, მერე კი ამაყად განაცხადა, ძეგლი ზუსტად იმ ნაწილებში დაიშალა, რომელშიც ავტორმა ააწყო, ე.ი. არ დაგვიზიანებიაო, გურჯაანში მერაბ ბერძენიშვილის სხვა ძეგლი, “ჯარისკაცის მამა”, გაძარცვეს. “მედიანიუსის” ინფორმაციით, “ბოროტმოქმედებმა ძეგლის კვარცხლბეკს სპილენძი მოაცალეს და ლითონმიმღებ პუნქტში ჩააბარეს”... ბოროტმოქმედები უკვე დაუკავებიათ, სპილენძი დაუბრუნებიათ, თუმცა ძეგლის კულტი ისევ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში – სკულპტურის ხილვა ზოგისთვის ესთეტიკურ ტკბობაა, ზოგისთვის - “ბევრი სპილენძი”, ზოგისთვის - წმინდანი და ზოგისთვის კიდევ - ვინ იცის, რა...

ასეთ სიტუაციაში, როცა ფსიქოლოგები ჯერ კიდევ ერიდებიან ახსნან, თუ რატომ გაიზარდა 2005 წლის საქართველოში ქვის კერპების თაყვანისცემის მოთხოვნილება, როცა ხელოვნებათმცოდნეებსა და ურბანისტებს აზრს არავინ ეკითხება, ისევ აქტუალური ხდება ეზოპეს ენა, ანუ ის, ვინც ვერ ბედავს ხალხს უთხრას, რა დროს ქვის კერპებია, ევროკავშირში გვინდა შესვლაო, ვისაც გულწრფელად აწუხებს ნეკროფილური ვნებების გამძაფრება ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში, ქარაგმულად თქმის ტექნიკას მიმართავს.

თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ქარაგმების ერთ-ერთი დიდოსტატი, მოგეხსენებათ, რობერტ სტურუაა. 11 ნოემბერს რუსთაველის სახელობის თეატრი ახალ სეზონს “კაცია-ადამიანით” გახსნის. ახლად გარემონტებული თეატრის სცენაზე ძველი წარმოდგენების ახალ ვერსიებსაც ვიხილავთ – მაგალითად, “ჰამლეტს”, რომლის ფინალში ფანტასტიკური სცენა უნდა გათამაშდეს: ოფელია საფლავიდან უნდა ამოვიდეს, ჰამლეტი თავის მკვდარ სხეულს გაემიჯნოს და გაზეთის კითხვა დაიწყოს.

ახლად აღდგენილ თეატრში სტურუა სიკვდილზე იქილიკებს. მაგრამ - არამარტო “ჰამლეტში”. 12 ნოემბერს ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს სტურუასა და გია ყანჩელის ახალ წარმოდგენას - “სტიქსი”. ყანჩელი სპექტაკლის თანაავტორად სახელდება, რადგან ამ უსიტყვო მისტერიას, რომლის პრემიერა 2004 წლის ნოემბერში შედგა მოსკოვის კინომსახიობის თეატრში, საფუძვლად გია ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოები დაედო, ე.ი. “სტიქსი” არის სცენაზე თეატრალური ხერხებით გაცოცხლებული მუსიკა, მთავარი, შეიძლება ითქვას, “გმირით” – ალტით, ინსტრუმენტით, რომელსაც იშვიათად იყენებენ როგორც სოლო საკრავს.

[მუსიკა. “სტიქსი”]

“სტიქსი” გია ყანჩელმა სპეციალურად იური ბაშმეტისთვის დაწერა. ესაა თავისებური რეკვიემი, რომელიც კომპოზიტორმა თავისი ახლობლების ხსოვნას მიუძღვნა. სტიქსი მდინარეა. სტიქსი ერთმანეთისგან ყოფს სიცოცხლესა და სიკვდილს. სტურუას წარმოდგენაში იქმნება საშინელი სამსჯავროს სურათი. ადამიანები სცენაზე კვდებიან, რათა მერე ისევ აღორძინდნენ. ქორეოგრაფია ფლამენკოს გაგახსენებთ, თუმც, რეჟისორის აზრით, “სტიქსი” არც ქორეოგრაფიაა, არც პანტომიმა. მოსკოველი კრიტიკოსები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ სტურუას ამ სპექტაკლით, იმასაც წერენ, რომ “სტიქსი” არ არის პოლიტიკური სპექტაკლი. სტურუა, უბრალოდ, მხატვრულ სახეებში აღბეჭდავს ისტორიას და ბიოფილური ინსტინქტებით ცდილობს დათრგუნოს ნეკროფილური ვნებები.

ასე რომ, ვისაც მოგბეზრდათ “ქვათა ღაღადი” და იმის თაყვანისცემა, ვინც “მაღალზე ბუდობს”, შეგიძლიათ რუსთაველის თეატრის ახალ წარმოდგენებს მაინც “გადააყოლოთ გული”. პრემიერაზე ბილეთის მაქსიმალური ფასი აქ 25 ლარი იქნება, ჩვეულებრივ სპექტაკლზე - 15 ლარი.

თუმცა, ვისაც მეტი ფული აქვს, იმან გასულ კვირას უკვე “გადააყოლა გული” – სეზარია ევორას მოუსმინა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და ამისათვის ძვირად ღირებული ბილეთიც შეიძინა – 30-დან ას ლარამდე.

[მუსიკა. ევორა]

“ფეხშიშველ პრიმადონად” მონათლული 64 წლის მომღერალი თბილისში კომპანია “თაგის არტსმა” ჩამოიყვანა. ევორას კონცერტზე ბილეთი ძვირი ღირდა, თუმცა ეგრეთ წოდებული “მორნას”, იმავე “გოდების” (ასე შეარქვეს სეზარია ევორას სიმღერების სტილს), თაყვანისმცემლებს ფული ტყუილად არ შემოხარჯვიათ: ევორამ, რომელიც ბავშვთა სოციალურ პროგრამებს აფინანსებს, თავისი კონცერტებით უკვე 50 მილიონ დოლარამდე შეაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ დიდი მომღერლის საათნახევრიან კონცერტზე ცოტათი მოიწყინეთ, მაინც კმაყოფილი უნდა იყოთ: თქვენი ფული კარგ საქმეებს მოხმარდება.

სეზარია ევორას თაყვანისმცემლებმა იციან, რომ თავდაპირველად იგი ბარებსა და ღამის კლუბებში მღეროდა. მაგრამ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ევორა ფრანგმა პროდიუსერებმა აღმოაჩინეს და იმდენს მიაღწიეს, რომ მთლად “ოლიმპიას” სცენაზე გამოიყვანეს იგი. ასე რომ, მაინცდამაინც ვერ დავეთანხმებით თბილისში გამართული საათნახევრიანი კონცერტით უკმაყოფილო მსმენელს, რომელიც ამტკიცებდა, ევორას შესრულების სტილი ამხელა დარბაზს არ უხდებაო. უბრალოდ, ის დრო გავიდა, როცა ევორა “ოლიმპიას” აჯადოებდა. თანაც, ვინ თქვა, რომ ამ დარბაზში მარტო გენიოსები მღერიან?

ბოლო დროს სეზარია ევორამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ წყვეტს საგასტროლო მოღვაწეობას, რადგან ჯანმრთელობა ღალატობს. მაგრამ პირობა არ შეასრულა. იგი კვლავ მოგზაურობს, კვლავ ფეხშიშველი მღერის და კვლავაც ეწევა სცენაზე. ეს ყველაფერი მან თბილისშიც გაიმეორა. ისევ შეასრულა თავისი ცნობილი ჰიტები - ზუსტად ისე, როგორც ფირფიტებზეა ჩაწერილი. იმპროვიზაციაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ დარბაზს სწორედ ასეთი ევორას მოსმენა უნდოდა – ნაცნობ მელოდიებს პუბლიკა ტაშით ეგებებოდა.

[ხმა. კონცერტის ჩანაწერი]

მაგრამ კონცერტის მეორე ნახევარში დარბაზში ჯერ ჩურჩული, შემდეგ შედარებით ხმამაღალი “გადალაპარაკება” გაისმა. დიდი მომღერალი სცენაზე არ იძვროდა...მხოლოდ მღეროდა. როგორც ჩანს, არამარტო იმიტომ, რომ გადაადგილება უჭირს. ევორას სტილი – საცეკვაო მუსიკა არ არის, მას და მის მუსიკოსებს მხოლოდ უნდა მოუსმინო. მაგრამ მისი ბენდი არც იმ დონისაა, რომ თვალი დახუჭო და ისე დატკბე შესრულებით...

[მუსიკა]

კონცერტის დასრულებას უკვე წუთები აკლდა, როცა ევორას ზოგიერთ თაყვანისმცემელს გაუნძრევლად ყოფნა მობეზრდა და საორკესტრო ორმოში ცეკვა დაიწყო. სცენის წინ პატარა მოედანი ნელ-ნელა გაივსო მოცეკვავეებით. მომღერალი აშკარად კმაყოფილი ჩანდა, იღიმებოდა, თითქოს ამბობდა, ჩემი ეს “გოდება” სამგლოვიარო მუსიკა არ არის, მე მიჭირს მოძრაობა, მაგრამ თქვენ ხომ ცოცხლები ხართ, ქართველო ხალხო, ნუ მისჩერებიხართ უმოძრაო, გაშეშებულ კერპებს, სიცოცხლის ნუ გეშინიათო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG