Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი გაიზარდა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 240 ერთეულით გაიზარდა.

ეს მიუხედავად იმისა, რომ საგზაო წესების დარღვევისთვის სასჯელი საგრძნობლად გამკაცრდა, ანუ გაიზარდა ფულადი ჯარიმების მოცულობა. განხორციელდა სხვა ცვლილებებიც, კერძოდ კი, როგორც ცნობილია, ახლა, საგზაო პოლიციის ნაცვლად, მოძრაობის წესების დაცვა საპატრულო პოლიციის პრეროგატივას წარმოადგენს. როგორ ართმევს თავს ამ ამოცანას საპატრულო პოლიცია და რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მატება?

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2005 წლის 5 თვეში რეგისტრირებულია 1223 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 92 ადამიანი და სხეულის დაზიანება მიიღო 1614 მოქალაქემ. სტატისტიკური ინფორმაცია იმასაც გვამცნობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 43 ერთეულითაა შემცირებული. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს საავტომობილო მაგისტრალებზე, განსაკუთრებით კი თბილისში, იქ, სადაც ყველაზე ინტენსიური მოძრაობაა, საგზაო წესებს უფრო ნაკლებად არღვევენ. აი, რას ამბობენ მძღოლები. ჯერ რომანს, შემდეგ კი იურის მოვუსმინოთ:

[მძღოლების ხმა] ”ალბათ, ახლა აღრიცხვიანობა მოწესრიგდა, თორემ არც ადრე იყო ნაკლები...”

”გაუარესდა, გაუარესდა უფრო. აი, ელემენტარული მოძრაობის წესები არ იციან. თან სხედან 16-17 წლის ბავშვები და, ძირითადად, ეგენი არღვევენ მოძრაობის წესებს. ეს მანქანებიც მომრავლდა უფრო.”

საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში მოძრაობის წესების დაცვა კარგა ხანია არამოდურად ითვლება და ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის მატებისა. ამ პრობლემატიკის მიზეზებზე აზრის გამოთქმა ვთხოვე ორგანიზაცია ”მძღოლი, გზა, სამართლის” პრეზიდენტს რობერტ იანტბელიძეს. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციაში ჯეროვნად არ ხდება ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის გაანალიზება:

[რობერტ იანტბელიძის ხმა] ”ავარიის მოხდენის გაანალიზება ნიშნავს, სამსახურის უფროსმა გაითვალისწინოს, რომ ამა თუ იმ ადგილზე გამოიყოს დამატებითი საშუალებები, რათა იქ ავარია აღარ განმეორდეს. გამკაცრებული არის კანონი, მაგრამ თვითონ საპატრულო პოლიცია არ აქცევს ყურადღებას დარღვევებს, ანუ არა აქვს მოცლა დამრღვევებისთვის.”

რობერტ იანტბელიძის თქმით, საპატრულო პოლიცია უფრო მეტ ყურადღებას სისხლის სამართლის ფაქტებს უთმობს, ვიდრე მოძრაობის წესების დაღვევას. სხვაგვარად ფიქრობს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი გრიგალაშვილი და მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების მოცულობის გაზრდას საკმაოდ ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევს. მე მას ვკითხე, დაჯარიმების ახალი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ რა თანხა შევიდა ბიუჯეტში.

[გიორგი გრიგალაშვილის ხმა] ”ასე ზეპირად არ მახსოვს, მე ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ რაც ახალი კოდექსი შევიდა ძალაში, საგრძნობლად იკლო ამ დარღვევებმა და ამოღების მომენტიც არის სადღაც 75-80 პროცენტამდე, ანუ ხალხი იხდის ამ ჯარიმებს. თუმცა არის ნაწილი, რომელიც არ იხდის, ერიცხება საურავები და გადადის სააღმსრულებლო ბიუროში იძულებით აღსასრულებლად.”(სტილი დაცულია)

გიორგი გრიგალაშვილი ამბობს, ამის გამო ავტოსაგზაო შემთხვევებმა კლება იწყო და სტატისტიკაში რომ მატება ჩანს, აღრიცხვიანობის მოწესრიგების დამსახურებააო.

მე მძღოლებსაც ვკითხე აზრი საპატრულო პოლიციის მუშაობის შესახებ ისინი, ძირითადად, კმაყოფილნი არიან, როდესაც საქმე აქვთ საგზაო პოლიციის ინსპექტორზე უფრო ზრდილობიან და არაკორუმპირებულ პატრულთან, თუმცა შენიშვნებს მაინც გამოთქვამენ:

[მძღოლების ხმა] ”თუ ვერ შეამჩნია, ვერ შეამჩნია, თუ არადა, განგებ თვალს არ ხუჭავენ.”

”ძირითადად, პატრული უფრო აჯარიმებს “მარშრუტკას”, იმას, ვინც დანგრეული მანქანით დადის, და ცოტა შეძლებულ ხალხს - ნაკლებად.”

[ისმის პატრულის სირენის ხმა]
XS
SM
MD
LG