Accessibility links

logo-print

საქართველოში აზერბაიჯანული რევოლუციის შესაძლებლობას გამორიცხავენ

  • ნინო როდონაია

ვარდების რევოლუციამდელი ქართული ოპოზიციის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არც აზერბაიჯანული ოპოზიცია ცნობს

და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. ბაქოში რომ მოვლენები თბილისისგან განსხვავებულად განვითარდება, ამაში დარწმუნებულნი არიან როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები. ისინი მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანაში რევოლუციური ვითარება არ შეუქმნია.

საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული, არც ძალადობის ფაქტები ყოფილა, ცალკეულ დარღვევებს კი შედეგებზე რაიმე სერიოზული ზეგავლენა არ მოუხდენია. იმას, რომ აზერბაიჯანული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს, მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან დუჩიძე, რომელიც, ამ მხრივ, საქართველოსა და უკრაინასთან რაიმე პარალელის გავლებას უადგილოდ მიიჩნევს:

[ლევან დუჩიძის ხმა] ,,ორივე ამ ფერადი რევოლუციის გამომწვევი მიზეზებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, ჯერ ერთი, პარალელური ხმის გადათვლის შედეგები, რომელიც ძალიან უმნიშვნელოდ განსხვავდება ოფიციალური წინასწარი შედეგებისგან. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ჩაიარა დემოკრატიულად, უფრო დემოკრატიულად, ვიდრე აქამდე ტარდებოდა აზერბაიჯანში არჩევნები.” (სტილი დაცულია)

აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობის მაჩვენებელს კავკასიის ქვეყნებისთვის საკმაოდ დაბალს უწოდებს ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის” რესპუბლიკელი წევრი ივლიანე ხაინდრავა. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ მხარდამჭერთა სათანადოდ მობილიზება ვერ შეძლო:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ამომრჩევლებს არ ჰქონდათ იმედი იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგად შესაძლებელია პოლიტიკური კონფიგურაციის შეცვლა ქვეყანაში. თუ ისინი არ მივიდნენ არჩევნებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ მიიღონ აქტიური მონაწილეობა, ვთქვათ, ქუჩის საპროტესტო აქციებში. ამიტომ მე არა მგონია, რომ, ამ არჩევნების შედეგად, აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა რევოლუციური ვითარება.” (სტილი დაცულია)

ორი წლის წინანდელი თბილისური სცენარის ბაქოში განმეორების შესაძლებლობას გამორიცხავს პოლიტოლოგი გიორგი ხელაშვილიც.მას მიაჩნია, რომ სიტუაციის განვითარება, შესაძლოა, იყოს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის მსგავსი, როდესაც ოპოზიციური გამოსვლები პოლიციამ აღკვეთა:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,აზერბაიჯანის ოპოზიციას არა აქვს ის პოლიტიკური სტრუქტურები, რაც თბილისში უკვე არსებობდა. გარდა ამისა, მათ არა აქვთ ფინანსური რესურსები, რომ იგივე გაიმეორონ, არა აქვთ მხარდაჭერა უცხოეთიდან და მთავრობაც გაცილებით უფრო მობილიზებული და ეფექტიანია, ვიდრე საქართველოს მთავრობა იყო ორი წლის წინ, ნოემბერში.” (სტილი დაცულია)

გიორგი ხელაშვილი მიიჩნევს, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის არგუმენტი აზერბაიჯანული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები აღმოჩნდა. პოლიტოლოგი აზერბაიჯანში არარევოლუციური ვითარების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს:

[გიორგი ხელაშვილის ხმა] ,,საქართველოს და უკრაინის რევოლუციების მაგალითზე, მე არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელებმა ცხადად დაინახეს, რომ რევოლუციას მკვეთრი გაუმჯობესება მოჰყვება მათი პირობების.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ აზერბაიჯანში მოვლენები საქართველოსა და უკრაინის მსგავსად არ განვითარდება, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დასავლეთის პოზიციაც. ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე არსებობდა სერიოზული მინიშნებები იმისა, რომ აშშ ამ არჩევნების შედეგებს აღიარებდა:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,მართალი გითხრათ, გამიჩნდა განცდა, რომ დასავლეთს არ სჯერა აზერბაიჯანის ოპოზიციისა. ეტყობა, ამ კონფიგურაციის ოპოზიციაზე დასავლეთმა და, უპირველეს ყოვლისა, აშშ-მა ხელი ჩაიქნია.” (სტილი დაცულია)

თავად აზერბაიჯანის ოპოზიციის ერთი პრეტენზიისადმი პასუხის გაცემა თბილისში უკვე მოუწიათ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თბილისიდან ბაქოში ამომრჩეველთა მარკირების მიზნით გაგზავნილი სითხე ვადაგასული იყო. მარკირებისთვის საჭირო ინვენტარი, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეთანხმებით, აზერბაიჯანისადმი საქართველოს წინასაარჩევნო საჩუქარი იყო.
XS
SM
MD
LG