Accessibility links

logo-print

სულხან მოლაშვილის საქმის სააპელაციო განხილვა დაიწყო


დღეს სააპელაციო სასამართლო საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის, საქმის განხილვას შეუდგა.

დაკავებულის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და მოლაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი დღეს შუამდგომლობის სახითაც დაისვა, თუმცა უშედეგოდ. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ მიღებული განაჩენი ჯერ კანონიერ ძალაში არ შესულა, სულხან მოლაშვილი ჯერჯერობით კვლავაც ერთ–ერთ ყველაზე სკანდალურ პატიმრად რჩება.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გასული წლის აპრილში დააკავეს. პროკურატურა მას სახელმწიფოსათვის 3 მილიონი ლარის ოდენობის მატერიალური ზარალის მიყენებას, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, დაკავებიდან თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

[იოსებ ბარათაშვილის ხმა]“ ხელისუფლებამ სხვა ვერაფერი მოიფიქრა, თუ არა სამ დღეში სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესის დასრულება – ისეთი საქმისა, რომელიც მოიცავს მრავალ ტომს, მრავალ მტკიცებულებას, მრავალ მოწმეს და პრაქტიკულად სამ დღეში დაასრულა საქმე, რათა ევროპის სასამართლოს გაეგზავნოს პასუხი, რომ სულხან მოლაშვილი უკვე არის მსჯავრდებული და იგი აღარ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. ეჭვს გარეშეა, რომ სასამართლო არის ხელისუფლების მორჩილი, პროკურატურის მორჩილი და ის ბოლოს შეასრულებს პროკურატურის დაკვეთას. მაგრამ, ვფიქრობ, მეორე და მესამე ინსტანციებში სასამართლოებს გაუჭირდებათ ამ დაკვეთის შესრულება.“ (სტილი დაცულია)

სულხან მოლაშვილის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის, ზუსტად 2 თვის წინ ნათქვამი ამ სიტყვების საპროგნოზო ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ მართლდება. კერძოდ, სულხან მოლაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლო ჯერ მხოლოდ შეუდგა მუშაობას და, ამდენად, გამამართლებელი განაჩენის შანსები ჯერჯერობით ისევ ძალზე მცირეა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ განაჩენი ძალაში კვლავ საკასაციო წესით შევიდეს. ეს ერთი. რაც შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ სულხან მოლაშვილისათვის წინასწარი პატიმრობის დროებითი ღონისძიებით შეცვლის საკითხმა აქტუალობა დაკარგა, ევროპის სასამართლო მაინც ელის დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსწავლელი პარიტეტული კომისიის დასკვნას. გასული წლის ზამთარში სულხან მოლაშვილის დაცვის მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სწორედ წინასწარი პატიმრობის აღკვეთის მოთხოვნით მიმართა. ეგრეთ წოდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის წარდგენის ერთი ვადა ქართულმა მხარემ უკვე დაარღვია. 31 ოქტომბრის ნაცვლად, სამედიცინო დასკვნას სტრასბურგში 10 ნოემბრამდე ელიან. თუმცა საეჭვოა, კომისია ვადებში ამჯერად მაინც ჩაეტიოს. თუ პირველ შემთხვევაში, ანუ კომისიის დაკომპლექტების დაგვიანებისას, ბრალდების მხარე სცოდავდა, მეორე შემთხვევაში, შესაძლოა, ჯოხი თავად მსჯავრდებულზე გადატყდეს.

[ირაკლი მაისურაძის ხმა]“ თოდუას სახელობის კლინიკაში სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარდა. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ სისხლის ანალიზი აეღოთ. მოლაშვილმა უარი განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ევროსასამართლომ უკვე მისცა მითითება დაცვის მხარეს, წერილი იყო გადმოგზავნილი, რომ ხელი არ შეეშალათ არანაირად. მაგრამ მოლაშვილმა რატომღაც ჩათვალა, რომ სამედიცინო კომისია აღარ აკმაყოფილებს და მოითხოვა, რომ გერმანიის ლაბორატორიამ “ლიმბახი და კოლეგები”, ანუ შ.პ.ს. „მრჩეველის“ სპეციალისტებმა გააკეთონ სისხლის ანალიზი.“ (სტილი დაცულია)

როგორც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი მაისურაძე შენიშნავს, კომისია კონსენსუსამდე მივა და გამოსავალიც გამოინახება. რაც შეეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეს, ბრალდებულს და მისი დაცვის მხარეს ადგილობრივი სამართალწარმოების შესაძლებლობების სრულად ამოწურვის შემდეგ საბრძოლო არსენალში ევროპის სასამართლო რჩებათ. თუ სულხან მოლაშვილის განაჩენი ძალაში შევა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნას ევროპელი მოსამართლეები იმ საქმეში ჩადებენ, რომელმაც ევროპის სასამართლოში უკვე გაიარა რეგისტრაცია, სათაურით „სულხან მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ.“ წარმოებაში მიღებულ სარჩელს პრიორიტეტულ რეჟიმში განხილვის უფლება აქვს მიღებული.
XS
SM
MD
LG