Accessibility links

logo-print

საფრანგეთი: ქუჩაში ძალადობის ეკონომიკური და რასობრივი მიზეზები


პარიზი - ალბათ, ბევრი ჩვენგანის საოცნებო ქალაქი - ამ დღეებში ტურისტული მიმზიდველობით ნამდვილად არ გამოირჩევა. მითუმეტეს ღამის პარიზი...

უკვე მე-12 ღამეა, ქუჩებს მოდებული ქაოსით, ახალგაზრდების აგრესიული პროტესტით, მოძალადეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებით.

წუხელ ძალადობამ პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ადამიანის სიცოცხლეც იმსხვერპლა: ახალგაზრდებმა მოკლეს 61 წლის მამაკაცი, რომელიც მათ მიერ დანთებული ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. ძალადობა საფრანგეთის დედაქალაქის შემდეგ მრავალ ქალაქსაც მოედო: ქუჩაში გასულმა ახალგაზრდებმა 5 000-მდე ავტომანქანა დაწვეს, ჩაამსხვრიეს მაღაზიების ვიტრინები, არის სკოლის, ეკლესიის, საზრგადოებრივი ცენტრების დაწვის პრეცედენტები. მოხერხდება თუ არა ძალადობის შეჩერება ახლა - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ადგილობრივ მთავრობებს მისცა კომენდანტის საათის შემოღების უფლება - მალე შევიტყობთ. დღეს კი ძალადობის მიზეზებზე ვიმსჯელებთ.

რას მოჰყვა ძალადობა, ამაზე უკვე არაერთხელ ითქვა: გასული თვის მიწურულს, 27 ოქტომბერს, პარიზში ორი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა უბედურმა

[მარილუ ჟამპოლსკის ხმა] “ყველაფერი დაიწყო გარეუბანში ორი ახალგაზრდას სიკვდილით, რამაც დაძაბულობა ძალიან გაამწვავა. მაგრამ დაძაბულობა ამ უბედურ შემთხვევამდეც ძალიან მწვავე იყო, ვინაიდან ხალხი ძალიან შეწუხებულია გარეუბნებში ცხოვრების პირობებით. მათ ძალიან უჭირთ სამსახურის შოვნა, წესიერი ბინის შოვნა, ან კიდევ, უბრალოდ, გეტოსთვის თავის დაღწევა”, - ამბობს პარიზის არასამთავრობო ორგანიზაცია “SOS რასიზმის” პრეს-მდივანი, მარილუ ჟამპოლსკი. მან იცის, რომ ღარიბების, საფრანგეთში უმეტესწილად აფრიკიდან ჩასულების უბნებში უმუშევრობის მაჩვენებელი ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ აღემატება ქვეყნის საერთო მაჩვენებელს - 10 პროცენტს. იმიგრანტების შვილებსაც კი - უკვე ფრანგული მოქალაქეობის მქონეებს - უჭირთ კარიერის საფეხურების გავლა: არაერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ კომპანიები ღარიბი გარეუბნების მკვიდრთ დიდად არ ენდობიან, უარს ამბობენ ხოლმე მათ სამსახურში აყვანაზე.

ამდენად, არეულობა, საფრანგეთს რომ მოედო, არ უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ პროტესტად, რომელსაც ორი დაღუპული ახალგაზრდისადმი სოლიდარობის ნიშნად გამოთქვამენ - პროტესტს ღრმა სოციალურ-ეკონომიკური ფესვები აქვს. [მარილუ ჟამპოლსკის ხმა] “პირველია სოციალური მიზეზი, რადგან ეს არის ღარიბი ხალხი. მაგრამ არის რასობრივი მიზეზიც, იმიტომ, რომ თუ საფრანგეთში “ცოტა შავი” მაინც ხარ, დისკრიმინაციას განიცდი სამსახურის, ან ბინის ძებნისას - ის კი არა, ღამის კლუბში შესვლის დროსაც. ვფიქრობ, თუ ხარ ისიც და ისიც - ანუ, თუ ღარიბ უბანშიც ცხოვრობ და თან შავკანიანი, ან არაბი ხარ - ძალიან ძნელია, უკმაყოფილებას არ გრძნობდე და დისკრიმინაციას არ განიცდიდე”.

საფრანგეთში ახლა რაც ხდება, ბევრი ექსპერტის შეფასებით ცხადჰყოფს, რომ მთავრობამ თავი ვერ გაართვა იმიგრანტებისა და მათი შვილების ფრანგულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ამოცანას. ფრანგი სოციოლოგი, ლორენ ბლივე იმასაც კი ამბობს: საფრანგეთის მთავრობას ეგონა, ყველაფერი ავტომატურად მოგვარდებოდა, იმიგრანტები ან სამშობლოში დაბრუნდებოდნენ, ან კიდევ თავადვე მოახერხებდნენ ფრანგებში ინტეგრაციასო. [ლორენ ბლივეს ხმა] “საფრანგეთს არასოდეს დაუსვამს საკითხი ისე, რომ არსებობს იმიგრაციის თემა, რომელზეც მსჯელობაა საჭირო. ახლაც ამ დამოკიდებულებას შეამჩნევთ ჟურნალისტების მუშაობაში. უცხოეთის პრესაში იმიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის პრესაში კი კვლავინდებურად გარეუბნებთან დაკავშირებულ პრობლემაზე. ჯერ კიდევ თავს ვარიდებთ იმიგრაციის პრობლემაზე ლაპარაკს”.
არადა პრობლემა, როგორც ბოლო 12 ღამე განსაკუთრებული სიცხადით გვაჩვენებს, არსებობს. უკვე 15 წელია, წარმოშობით ჩრდილოაფრიკელი ახალგაზრდები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ხოლმე ქუჩებში პროტესტით, რომელსაც თან ახლავს მანქანების დაწვა და რომელიც, ჩვეულებრივ, ჟურნალისტების ყურადღების მიღმა რჩება პროტესტის შედარებით მცირე მასშტაბის გამო. მხოლოდ წელს 28 000-მდე ავტომანქანა დაწვეს და ეს მანამდე, ვიდრე ბოლო არეულობა იფეთქებდა ღამის პარიზში.
XS
SM
MD
LG