Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა, შესაძლოა, ბელორუსიას ახალი სანქციები დაუწესოს


“ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში კვლავ

ბელორუსიაზე გვექნება საუბარი – ქვეყანაზე, რომლის მთავრობასაც ბევრი "ევროპის უკანასკნელ დიქტატორულ რეჟიმად" მიიჩნევს. იქ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ევროპის კავშირი ოფიციალურ მინსკზე ზეწოლას აძლიერებს და არჩევნებამდე დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ევროკავშირმა ბელორუსიას ახალი სანქციები დაუწესოს.


ევროპის კავშირი ბელორუსიის მიმართ სულ უფრო მეტ სიმკაცრეს ავლენს.

კავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარი ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ბელორუსიის პრეზიდენტ ლუკაშენკას მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია ასე ჩამოაყალიბა:

[ჯეკ სტროუს ხმა] “ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბელორუსიაში დემოკრატიის ირგვლივ შექმნილი პრობლემების გამო. ჩვენი სურვილია, ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. თუ საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იქნება, დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული წინასწარი შეთანხმებიდან ჩანს, რომ გამყალბებლების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომებს გამოვიყენებთ – იქნება ეს საბანკო ანგარიშების გაყინვა თუ ვიზის გაცემის აკრძალვა.”

თუმცა ჯეკ სტროუს ამ მწვავე გამოსვლიდან ცოტა ხანში შეხვედრაზე ფორმალური დეკლარაცია შეიმუშავეს, სადაც არანაირი კონკრეტული სანქცია არ არის დასახელებული. საბანკო ანგარიშების გაყინვისა და ვიზების გაცემის აკრძალვის თაობაზე საუბარი სამუშაო დოკუმენტებში იყო, მაგრამ საბოლოო დოკუმენტში ეს ასპექტები აღარ შევიდა.

ფორმალური დეკლარაციიდან კონკრეტული სანქციების გამოტოვება ნიშნავს, რომ პოლონეთმა საწადელს სრულად ვერ მიაღწია.

ევროპის კავშირის ახალ წევრ ქვეყნებს შორის პოლონეთი ყველაზე ინტენსიურად ცდილობს მინსკის მიმართ ბრიუსელის დამოკიდებულება გაამკაცროს. მაგრამ ევროპის კომისია ფიქრობს, რომ ლუკაშენკას მთავრობაზე მძლავრი ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ ბელორუსიის მთავრობას კიდევ აქვს შანსი ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ამ ასპექტს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, ბელორუსიის მთავრობას მივცეთ შანსი, შეასრულოს ჩვენი მოთხოვნები და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ეს მოწოდება საკმარისად გამჭვირვალე და მკვეთრია და ბელორუსიის ხელისუფლებამ მას ყური უნდა ათხოვოს.”

ევროკავშირი, ზოგადად, ბელორუსიის დემოკრატიზაციითაა დაინტერესებული. თუმცა ორშაბათის შეხვედრაზე არა ზოგადად პოლიტიკურ წყობას, არამედ კონკრეტულად 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს განიხილავდნენ.

ლუკაშენკა ამ არჩევნებზე მესამე ვადით იყრის კენჭს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გასულ წელს ბელორუსიაში რეფერენდუმი ჩატარდა და იმისათვის, რომ ლუკაშენკას კიდევ შეძლებოდა კანდიდატურის წამოყენება, კონსტიტუცია შეიცვალა. მაშინ ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა და ეუთომ რეფერენდუმი არადემოკრატიულობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს.

ევროკავშირს სურს, რომ მომავალი წლის არჩევნები ყველა შესაფერისი კანდიდატურისთვის ღია იყოს და მას საერთაშორისო დამკვირვებლები ჰყავდეს.

ამ ეტაპზე ევროკავშირში შესვლა უკვე ბელორუსიის ექვს მაღალჩინოსანს აქვს აკრძალული. მათ შორის ოთხს 2000 წელს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გაუჩინარებაში ედება ბრალი, ორს კი - გასული წლის საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივად ჩახშობაში.

ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვიზების გაცემაზე ახალი აკრძალვების დაწესება ბელორუსიის წამყვან პოლიტიკოსებზე – მათ შორის, თავად ლუკაშენკაზე – არ გავრცელდება, ვინაიდან ევროკავშირს პოლიტიკური დიალოგისთვის აუცილებელი მექანიზმების შენარჩუნება სურს.

სანქციების დაწესების შესაძლებლობასთან ერთად, ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ბელორუსიაში სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობაზეც ისაუბრა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა] “ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბელორუსიის გამო - იმ ზეწოლის გამო, რომელიც იქ დემოკრატიულ ძალებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ხორციელდება. სწორედ ამიტომ კომისიის წევრები შევთანხმდით, რომ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე მივმართავთ. და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.”

დაფინანსება, რომელიც ბელორუსიამ ევროკავშირისგან შეიძლება მიიღოს, – იგივე ტასისის ფარგლებში გამოყოფილი თანხები, – დახარჯვამდე მიმღები ქვეყნის მთავრობის თანხმობას საჭიროებს. ამდენად, ევროპის კავშირში ახლა ცდილობენ ბელორუსიის სამოქალაქო საზოგადოებას ისეთი ფორმით დაეხმარონ, რომ ოფიციალურ მინსკთან შეთანხმების აუცილებლობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

მოსალოდნელია, რომ 2007-2013 წლების ბიუჯეტი ევროპას სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებისთვის ბევრად მეტ თავისუფლებას მისცემს. ეს კი, თავის მხრივ, ბელორუსიის მსგავს ქვეყნებში არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების პირდაპირ დაფინანსებას გახდის შესაძლებელს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG