Accessibility links

logo-print

ლონდონის, რომისა და ტოკიოს შემდეგ Invest in Georgia-ს თბილისი მასპინძლობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ლონდონის, რომისა და ტოკიოს შემდეგ, 10-11 ნოემბერს, თბილისი ბიზნესფორუმს, ”Invest in Georgia”-ს, უმასპინძლებს. ფორუმის ორგანიზატორები ამ ღონისძიებაზე მსოფლიოს

18 ქვეყნის ბიზნესდელეგაციას ელიან. ქართული მხარე ასევე ვარაუდობს, რომ ფორუმის ფორმატით მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, რამაც, ხელისუფლების აზრით, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას უნდა შეუწყოს ხელი.

10-11 ნოემბერს თბილისში Invest in Georgia-ს ეგიდით გაიმართება მორიგი ბიზნესფორუმი, რომელშიც, ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, მსოფლიოს 18 ქვეყნის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე უმსხვილესი კომპანიების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაწილეობაა დაგეგმილი. ბიზნესფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის.

პირველი ბიზნესფორუმი Invest in Georgia გასული წლის ნოემბერში ლონდონში ჩატარდა. ამის შემდეგ, 2005 წელს, ფორუმის მასპინძლებად რომი და ტოკიო მოგვევლინენ. ფორუმის დაარსებიდან ერთი წლის თავზე კი ამ ღონისძიების თბილისში გამართვა გადაწყდა.

ამ ტიპის ფორუმზე, როგორც წესი, მასპინძელი მხარე ქვეყანაში შექმნილი საინვესტიციო გარემოსა და საგადასახადო კანონმდებლობის პრეზენტაციით გამოდის. ეკონომიკის სამინისტროში, რომლის პატრონაჟითაც მიმდინარეობს Invest in Georgia, ვარაუდობენ, რომ ფორუმი ქართველი ბიზნესმენებისთვისაც საუკეთესო საშუალება იქნება დასავლელ პარტნიორებთან კონტაქტების გასაღრმავებლად. ფორუმზე, გარდა საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, დაგეგმილია იმ საპრივატიზებო ობიექტების პრეზენტაცია, რომლითაც შეიძლება უცხოური კაპიტალი დაინტერესდეს.

Invest in Georgia იმთავითვე ჩაფიქრებული იყო როგორც ქვეყანაში უცხოური კაპიტალდაბანდებების მოზიდვის და საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო და სტაბილური ქვეყნის, ცნობადობის გაზრდის ღონისძიება. თუმცა ამ ფორუმის დაფუძნებიდან დღემდე საქართველოში ფართომასშტაბიანი ინვესტიციების შემოდინება ჯერჯერობით არ შეინიშნება, უფრო პირიქით, სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის 6 თვეში 194 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 18.3%-ით ნაკლებია.

სტატისტიკოსები ამგვარ მდგომარეობას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ¬სადე¬ნი¬ს მშენებლობის დასრულებას უკავშირებენ, მშენებლობისა, რომლის აქტიური ფაზა სწორედ 2004 წელზე მოდიოდა. მართლაც, „საუკუნის პროექტში“, მთლიანობაში, ნახევარ მილიარდ დოლარამდე კაპიტალდაბანდება განხორციელდა და ამ პროექტის დასრულებას არ შეიძლებოდა ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებელზე არ ემოქმედა. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის და რომ პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობის შემცირება პრივატიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებსაც უკავშირდება. ექსპერტები იმ სამეწარმეო გარემოზეც აკეთებენ აქცენტს, რაც, მათი აზრით, აფერხებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების აქტივობას. რაც შეეხება ამ გარემოს გაჯანსაღების მარტივ რეცეპტს, ის ცოტა ხნის წინ თავად ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემაც წარმოადგინა:
[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „ეს არის მაქსიმალურად დაბალი გადასახადები, ეს არის მაქსიმალურად ლიბერალური ადმინისტრაცია და ეს არის მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ, ჩადონ ფული და ამოიღონ მოგებით.“
ანუ რეცეპტი, მართლაც, უმარტივესია, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად თანმიმდევრულია დღეს ან იქნება მომავალში მთავრობა ამ ჭეშმარიტების რეალიზებისას.
XS
SM
MD
LG