Accessibility links

ახალი ფრაქციის შექმნა საკრებულოში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი გამოსვლა პარლამენტში


ახალი ფრაქციის შექმნა საკრებულოში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი გამოსვლა პარლამენტში, სასამართლო სისტემის რეფორმა - ასეთია მოკლე

ჩამონათვალი საკითხებისა, რომლებიც დღევანდელ პრესაში შუქდება.

9 ნოემბერს თბილისს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ეწვევა. გაზეთი ”24 საათი” დღეს აქვეყნებს ადამკუსის ერთ-ერთ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლის ტექსტს. ”შავი ზღვის ხედვა” - ასე ეწოდებოდა კონფერენციას, რომელიც გასული თვის ბოლოს ბერლინში ”მარშალის ფონდის” ინიციატივით ჩატარდა. ლიტვის პრეზიდენტს ბერლინში განუცხადებია: ”დღესაც კი ძალიან ცოტა აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ შავი ზღვის რეგიონი ერთადერთი რეგიონია, რომელიც, დასავლურ ცივილიზაციასთან ასეთი გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, დასავლური ცივილიზაციის შემდგომი განვითარებიდან სრულიად ამოვარდნილია. ჩვენ, დიდწილად, ხელიდან გავუშვით მომენტი და ის ხელსაყრელი შესაძლებლობები, რომელთაც ეს რეგიონი გვთავაზობს არა მარტო ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, არამედ ადამიანების პირისპირ კონტაქტების თვალსაზრისითაც, რაც, უდავოდ, გაამდიდრებდა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ იდენტურობას.” - ლიტვის პრეზიდენტის ბერლინში გამოსვლის სრულ ტექსტს მკითხველი გაზეთ ”24 საათში” გაეცნობა.

”რეზონანსი” ინტერესდება ვანო მერაბიშვილის ბედით, კერძოდ, იმით, ხსნიან თუ არა მას. ამასთან, გაზეთი მკითხველს სთავაზობს მთავრობაში მორიგ გადაადგილებათა საკუთარ ვერსიას: ”შსს მინისტრის პოსტს, სარწმუნო წყაროს ცნობით, შსს-ს კადრების სამმართველოს უფროსი ოთარ გოგოძე დაიკავებს”, - წერს ”რეზონანსი”-ს ჟურნალისტი და განაგრძობს: ”ასევე აქტიურად განიხილება კონფლიქტების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გოგა ხაინდრავას გათავისუფლების საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, ხაინდრავას გია ბარამიძე შეცვლის. სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ეკონომიკურ გუნდში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მინისტრის სავარძელს დატოვებენ ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”, სადაც საქართველოს ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებზე სხვა ვარაუდებსაც გაეცნობით.

ხელისუფლებაში მოსალოდნელი ცვლილებებით ინტერესდება ”ახალი თაობაც”. ”ნოღაიდელი, ალექსიშვილი და ჩოგოვაძე შეიძლება სააკაშვილმა გადააყენოს”, - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს გაზეთი. პუბლიკაციის ავტორი წერს: ”ზურაბ ნოღაიდელის გადაყენება პრეზიდენტს, შესაძლოა, საახალწლო საკლავად დასჭირდეს მოსახლეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნოღაიდელი საკმაოდ მომჭირნე იყო ფინანსთა მინისტრობისას და პრემიერობაშიც შეინარჩუნა იგივე თვისებები, მაინც ვერ ხერხდება სოციალური პრობლემების მოგვარება და დავალიანებების დაფარვა. სოციალურ სფეროსთან ერთად მოუგვარებელია სამრეწველო სფეროც”, - წერს ”ახალი თაობა”.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილთან. დის თანამდებობიდან გათავისუფლების არსებით მიზეზად ოთარ ზურაბიშვილი საგარეო პოლიტიკის შეცვლას ასახელებს და ამბობს: ”არსებობს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ებრძვის. ერთი არის ევროპული, მეორეში კი, გარკვეულწილად, რუსეთი მოიაზრება, თუმცა უფრო მეტად კერძო ინტერესები ჭარბობს. მაფიოზური, ანუ კერძო, დაინტერესება ევროპული გზისთვის მიუღებელია. მისთვის არსებითი არის დემოკრატია”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილის ძმა ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში. დღევანდელ ნომერში ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს პროფესორების ვახტანგ დავითაიასა და ლადო ვარდოსანიძის წერილს ”მზიურის” შესახებ. წერილის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ ”მზიურის” კუთვნილი მიწების გასხვისების გამო.
XS
SM
MD
LG