Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მედია ნაკლებად ინტერესდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მედია ნაკლებად ინტერესდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და მეტ ყურადღებას აზერბაიჯანის მიმართ იჩენს,

რაც გასაკვირი არ უნდა იყოს: აზერბაიჯანული პარლამენტის არჩევნები ერთგვარ ტესტად შეიძლება იქცეს, დასრულდა თუ არა დსთ-ს ტერიტორიაზე ფერადი რევოლუციების ციკლი. ამ ეტაპზე საფრანგეთში დაწყებული მოვლენებისთვის სახელი არ დაურქმევიათ, თუმცა რუსეთის მედიის პუბლიკაციები მოწმობს, რომ მეგაპოლისებში ეთნიკურ ნიადაგზე შესაძლო დაპირისპირება რუსეთს საკმაოდ აშფოთებს. რუსეთის პრესის ერთ პუბლიკაციას გაგაცნობთ.


„მიგრანტული მოსკოვი“ - ასეთი სახელით აქვეყნებს 8 ნოემბრის „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ დანამდვილებით არ არის ცნობილი, როგორია მიგრაციული მოძრაობა მოსკოვში, რაც, თავის მხრივ, ნოყიერ ნიადაგს უქმნის სხვადასხვა ნაციონალური ფობიისა და საფრთხის შექმნას. როგორც გაზეთი წერს, ათმილიონიან მოსკოვში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის რაოდენობის თაობაზე განსხვავებული მონაცემები არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო სტატისტიკური გამოკითხვის თანახმად, მოსკოვში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რაოდენობა მილიონს აჭარბებს, რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს მონაცემით, 200 ათასით ნაკლებია. კიდევ ერთი დაკვირვება: როგორც წესი, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები საცხოვრებლის შერჩევისას ცდილობენ ერთმანეთთან ახლოს დასახლდნენ. შესაბამისად, „ნეზავისიმაია გაზეტას“ აზრით, გამორიცხული არ არის, მალე მოსკოვში სხვადასხვა უბანი გაჩნდეს - ჩეჩნური, აზერბაიჯანული, ჩინური და ა.შ. გაზეთი წერს:


მოსკოვში ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ მიგრანტთა შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა თუნდაც სტატუსის მიხედვით. მაგალითად, გონებრივი შრომის თვალსაზრისით, ყველაზე მეტნი ქართველები არიან - მთლიანი რაოდენობის 41 პროცენტი, ყველაზე ნაკლები კი აზერბაიჯანელები - 12 პროცენტი. ამავე დროს, სამხრეთ კავკასიის მიგრანტებს შორის ძალიან ცოტანი არიან საინჟინრო-ტექნიკურ სპეციალობათა წარმომადგენლები. რაც შეეხება მოსკოვში მცხოვრებთა რაოდენობას, ქართველების რაოდენობა 55 ათასს აღწევს, აზერბაიჯანელების - 96 ათასს, სომხები ყველაზე სოლიდურად არიან წარმოდგენილნი მოსკოვში - 124 425 ადამიანი. მათზე მეტნი იქ მხოლოდ უკრაინელები ცხოვრობენ: მოსკოველი უკრაინელების რაოდენობა 254 ათასს აღწევს.


მოსკოვის სიჭრელე, ერთი მხრივ, ყველა დიდი მეგაპოლისისთვისაა დამახასიათებელი; მეორე მხრივ კი, ეს კრიმინალურ მდგომარეობაზეც აისახება. “ნეზავისიმაია გაზეტას” ცნობით, მოსკოვში, ე.წ. კანონიერი ქურდების თვალსაზრისით, ყველაზე მეტნი ქართველები და აფხაზები არიან. კერძოდ:

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოსკოვში მოქმედი დაჯგუფებებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანულია, რომლის წარმომადგენლებიც ნარკობიზნესით და მანქანების გატაცებით არიან დაკავებულები. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დაჯგუფება სომხურია, რომელიც შეკვეთილი მკვლელობებისა და სათამაშო ბიზნესის მხრივ აქტიურობს. რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ დაჯგუფებას, მისი ინტერესების სფეროში შედის ძარცვა, ფინანსური მაქინაციები და ბინების ქურდობა. სულ 2005 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მოსკოვში უცხოელმა მოქალაქეებმა დაახლოებით 18 ათასი დანაშაული ჩაიდინეს, რაც რეგისტრირებული დანაშაულის 40 პროცენტია.
XS
SM
MD
LG