Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებს მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს


საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი სოხუმში ცემით მოკლულ დანიელ წურწუმიას ხსოვნას. ის აფხაზებმა 2 ნოემბერს გალის რაიონში

დააკავეს და, საქართველოს მხარის მტკიცებით, ეგრეთ წოდებულ აფხაზურ ჯარში გაწვევის მიზნით გადაიყვანეს სოხუმში. სასტიკად ნაცემი დანიელ წურწუმია სოხუმში 4 ნოემბერს გარდაიცვალა. მართალია, აფხაზები წურწუმიას დაკავებას სხვა მოტივით ხსნიან, ფაქტია, რომ აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი ძალადობას შეეწირა. გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა ბოლო დროს საგრძნლობლად გართულდა. რუსი მშვიდობის დამცველები მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, რაზეც დანიელ წურწუმიას ბედიც მეტყველებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუსეთის სამშვიდობო ძალებს ნაკისრი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს.

არცთუ დიდი ხნის წინ საქარველოს პარლამენტმა უკანასკნელი შანსი მისცა რუსეთს აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ეფექტიანობის მისაღწევად: მიიღო დადგენილება და შეთანხმდა, რომ თუ 2006 წლის ივლისამდე რუსი მშვიდობის დამცველები ნაკისრი მოვალეობის შესაბამისად არ იმოქმედებენ, საქართველო მიიღებს ყველა ზომას უმოქმედო მშვიდობის დამცველების სხვა ძალებით ჩასანაცვლებლად. სერიოზული იმედი იმის, რომ ეს ნაბიჯი აფხაზეთში რუს მშვიდობის დამცველებს აიძულებდა, ნაკისრი მავალეობა გაეხსენებინათ, არ ყოფილა. ამდენად, შეიძლება ითქვას, გალის რაიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს პარლამენტის წევრებს და, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეს რუსეთის სამშვიდობო ძალებზე დამყარებული იმედი არ გასცრუებიათ.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”რა ეფექტიან სამშვიდობო ძალებზეა ლაპარაკი, როცა სამშვიდობოების თვალწინ აიძულებენ ახალგაზრდებს იმსახურონ აფხაზურ ჯარში და, უარის თქმის შემთხვევაში, მათ ფიზიკურად ანადგურებენ. ”

გალის რაიონის ქართველობის მდგომარეობა მარტო ე.წ. აფხაზურ ჯარში სამსახურის მოთხოვნით არ დამძიმებულა. აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ინფორმაციით, გალის რაიონის მოსახლეობას შიშის ქვეშ თხილის ბიზნესის გამო გახშირებული ყაჩაღური თავდასხმებიც აცხოვრებს. რა ხდება გალის რაიონში? - ამასთან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო თათბირის მოწვევა გადაწყვიტა სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ზაზა გოროზიამ. კონფლიქტის ზონებში - მათ შორის, აფხაზეთში - ბოლოს დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობისთვის კი საქართველოს პარლამენტში სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს იწვევენ. ამ საკითხზე დახურული სხდომა პარლამენტში, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში გაიმართება. სამშაბათს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პარლამენტმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი აფხაზეთის კონფლიქტის მორიგი მსხვერპლის, დანიელ წურწუმიას, ხსოვნას. აფხაზთა მხარე ამტკიცებს, რომ ის ჯარში გაწვევაზე უარის გამო არ დაუკავებიათ და უცემიათ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, წურწუმია გალის რაიონის მილიციის განყოფილების თანამშრომლის სახლზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი და ის სწორედ ამ მიზეზით დააკავეს. ”დაკავების დროს ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობასო,” - აცხადებს აფხაზთა მხარე და ამით ერთგვარად ამართლებს დაკავებულის ცემას. სხვა ინფორმაცია აქვს საქართველოს მხარეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფელ გაგიდას მკვიდრ დანიელ წურწუმიას აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში ფიცის მიღება მოსთხოვეს და სასტიკად სწორედ ამ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო სცემეს.
რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისთვის აფხაზთა განმარტებაა სარწმუნო და არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსი. აქედან გამომდინარე, რუსი მშვიდობის დამცველები აცხადებენ, რომ წურწუმიას გარდაცვალება არანაირად არ უნდა დაუკავშირონ სამშვიდობო ძალების უმოქმედობას. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე შეახსენებთ მათ, რა ფინალი შეიძლება ჰქონდეს ამ უმოქმედობას:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”თუ რუსეთის მხრიდან არ იქნება ის პროგრესი, რასაც ველით თებერვლიდან, ჩვენ დავიწყებთ სამშვიდობოების გაყვანის პროცედურას ცხინვალის რეგიონიდან, მოგვიანებით კი - აფხაზეთიდან. ”
XS
SM
MD
LG