Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყდება თუ არა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი?


სამშაბათს სადამ ჰუსეინისა და მისი რეჟიმის წარმომადგენელთა ვექილებს თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

ერთი ვექილი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. ამ ინციდენტმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ერაყის ყოფილი დიქტატორის სასამართლო პროცესს, რომელიც დროებითაა შეწყვეტილი.

ჯერჯერობით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არავის აუღია არც ამ და არც გასულ თვეში მომხდარი ინციდენტისთვის, რომლის დროსაც კიდევ ერთი ვექილი მოკლეს.

სამშაბათს მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა ადელ მუჰამად აბასი, რომელიც წარმოადგენდა იასირ რამადანს, ერაყის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს. დაიჭრა ტამერ ჰამუდ ჰადი, რომელიც სადამის ნახევარძმას, ბარზან იბრაჰიმ თიქრითის წარმოადგენს.

თავდამსხმელები გაიქცნენ, ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს კი ისღა დარჩენიათ, იმარჩიელონ, ვის უნდა ჩაედინა ბოროტმოქმედება.

ერთ-ერთი მათგანია მუსტაფა ალანი, სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ექსპერტი დუბაიში:

[ალანის ხმა] "მთავარი ეჭვიმტანილები შეიარაღებული შიიტები არიან. მთავარი ეჭვი მათზეა. ამის დადასტურება არ შეგვიძლია. ეს მხოლოდ ეჭია. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ ყველაზე მეტად ვის აძლევს ეს ხელს, ვინ აქვეყნებს ხოლმე მუქარებს მკვლელობების წინ, მრავალი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებისთვის შეიარაღებული შიიტები არიან პასუხისმგებელნი."

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ, შესაძლოა, მკვლელობების მიღმა დგას თავად ყოფილი მმართველი ძალა, ბაათის პარტია, რომელიც ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს.

მთავრობის წარმომადგენელმა ლაით კუბამ გუშინ განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინი და მისი მიმდევრები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ სასამართლო პროცესის შესაფერხებლად.

მაგრამ მუსტაფა ალანი არ იზიარებს ამ მოსაზრებას. მისი აზრით, პირიქით, ბაათისტებს ხელს აძლევს სასამართლოს გაგრძელება, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ჰუსეინი და მისი ჯგუფი ხალხის წინაშე გამოსვლით მასზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენენ.

ამავე დროს იგი მიიჩნევს, რომ ვექილების მოკვლისთვის პასუხისმგებლობა ერაყის ხელისუფლებას და შეერთებული შტატების არმიას ეკისრება, ვინაიდან მათ ვერ უზრუნველყვეს დაზარალებულთა უსაფრთხოება.

მთავრობა აცხადებს, რომ სასამართლოს დაწყებამდე მან დაცვა შესთავაზა განსასჯელთა ვექილებს, მაგრამ უარი მიმიღო.

თუკი ვექილები იძულებული გახდებიან, შეწყვიტონ პროცესში მონაწილეობა, სასამართლო შეიძლება დროებით მაინც შეჩერდეს. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ძნელი წარმოსადგენია, პროცესი საერთოდ ჩაიშალოს.

[ჰარტუელის ხმა] "ჩემის აზრით, ძალზე მცირეა იმის ალბათობა, რომ სასამართლო პროცესი შეჩერდება ან ჩაიშლება დაცვის ჯგუფზე თავდასხმების გამო. მე ფიქრობ, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება. და სავსებით შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ერაყიდან სხვაგან გადაიტანონ, თუკი ეს საჭირო იქნება პროცესის მიმდინარეობის მანძილზე."

ეს გახლდათ ლონდონის ჯეინს ინფორმეიშნ გრუპის თანამშრომელი დევიდ ჰარტუელი, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა.

მისი თქმით, ერაყის ახალი მთავრობისთვის პროცესის გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და იგი ყოველ ღონეს იხმარს მის გასაგრძელებლად.

როგორც ჰუსეინის ჯგუფის ვექილთა წარმომადგენელმა ისამ ღაზავიმ განაცხადა სამშაბათს, ჯგუფს მიაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნება პროცესის სამართლიანად წარმართვა.

სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის განახლება 28 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG