Accessibility links

logo-print

რას ფიქრობს საზოგადოება პოლიციის შესახებ


თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღეს პარლამენტის წევრთა წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრი წარდგება. დეპუტატები კვირაზე მეტია ვანო მერაბიშვილთან

შეხვედრისათვის ემზადებიან. პარლამენტში დაბარებულ მინისტრს, კრიტიკის მოსმენის გარდა, არაერთ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. თუმცა მერაბიშვილისათვის კითხვების დასმა მარტო დეპუტატებს როდი სწადიათ. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმატორული სულისკვეთება პატრულის შექმნის შემდეგ დაცხრა, რის გამოც ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა კრიმინოგენური მდგომარეობა. რას ფიქრობენ თბილისელები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ?

პატრული, ვარდების რევოლუციით შობილი ხელისუფლების ყველაზე წარმატებული პროექტი, პოპულარობას, დიდწილად, ყოველდღიურ სატელევიზიო გადაცემას უნდა უმადლოდეს. არადა, პატრულის პოპულარობა მთლიანად პოლიციის ნდობის ხარისხსაც ზრდის, თუმცა, როგორც სოციოლოგი მერაბ ფაჩულია ამბობს, უკანასკნელი თვეების განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის - მათ შორის, პატრულისა და პოლიციის - რეიტინგი:

[მერაბ ფაჩულიას ხმა] „თითქმის სამნიშნა რიცხვიანი რეიტინგი არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს აღარ დარჩა, - მათ შორის, არც პატრულსა და პოლიციას, - მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ამ ორ უკანასკნელ სტრუქტურას ერთმანეთისაგან ვერ არჩევს, პოლიცია და პატრული ერთმანეთს აბალანსებენ. თუ პოლიციის რეიტინგი მოსალოდნელზე მაღალია, ამაში ლომის წილი პატრულს მიუძღვის და, პირიქით, თუ პატრულის რეიტინგი შემცირდა, ეს პოლიციის „დამსახურებაა“.

მერაბ ფაჩულიას თქმით, არ შეცვლილა ეკლესიის რეიტინგი, რომელიც კვლავინდებურად ყველაზე მაღალია, ხოლო, ნდობის ხარისხით, პატრულს ქართულმა ჯარმა გაუსწრო. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები პოლიციის შესახებ და რა კითხვებს დაუსვამდნენ ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს.

[მამაკაცის ხმა] „ბევრად უფრო უკეთესია იმაზე, რაც იყო. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისე მაინტერესებს, როგორია რეალურად კრიმონოგენური მდგომარეობა - ამას ვკითხავდი მინისტრს.“

[ქალბატონის ხმა] „ჯერჯერობით ცუდი მდგომარეობაა. მაინტერესებს, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, რომ არ დაგვჭირდეს მილიცია.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ბევრი არაფერი, მაგრამ შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. მინისტრს ვკითხავდი, სიახლის შემოტანას თუ აპირებს. მარტო პატრული ვერ გასწვდება ყველაფერს.“

ამ მცირე გამოკითხვიდან ჩანს, რომ თბილისელთა ერთ ნაწილს არ აკმაყოფილებს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის ტემპი. „თავისუფლების ინსტიტუტის“ თანამშრომელი თეა თუთბერიძე კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამინისტროში არც არაფერი შეცვლილა:

[თეა თუთბერიძის ხმა] „ვკითხავდი, როდის აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრი რეფორმების განხორციელებას. რეფორმა განხორციელდა მხოლოდ ერთი მიმართულებით. საპატრულო პოლიცია ჩაენაცვლა საგზაო პოლიციას, მაგრამ ამით არ უნდა დასრულდეს პოლიციის რეფორმა. როდემდის უნდა იტრიალონ ძველმა კადრებმა, იმ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებმა, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ადამიანის უფლებებს.“

პარლამენტში მისულ ვანო მერაბიშვილს გაცილებით მწვავე კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. ოპოზიციონერი დეპუტატები მინისტრის დანდობას არ აპირებენ.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, სპეცოპერაციების დროს, ფაქტობრივად, ყოველდღე ვიღაცა სიკვდილით ისჯება.“

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] „მე არ ვთვლი, რომ ამოიწურა ის კითხვები, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის სიკვდილთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ სხვებსაც აქვთ სათანადო რაოდენობის კითხვები.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ცხადია, პარლამენტის უმრავლესობა ვანო მერაბიშვილისა და ოპოზიციის ერთი-ერთზე დატოვებას არ აპირებს. სახელისუფლებო ფრაქციები, დიდი ალბათობით, ნაცად ხერხს გამოიყენებენ: ოპოზიციის მწვავე კითხვებს ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის ქებით დააბალანსებენ.
XS
SM
MD
LG