Accessibility links

logo-print

დღეს ჩვენს პროგრამაში ერთ თბილისურ ოჯახზე მოგითხრობთ. ოჯახი ორსულიანია და


დღეს ჩვენს პროგრამაში ერთ თბილისურ ოჯახზე მოგითხრობთ. ოჯახი ორსულიანია და და–ძმისგან შედგება. მათგან ერთი პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდია,

მეორე კი - უმუშევარი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოჯახის ყოველთვიური რეგულარული შემოსავალი საშუალოდ 50 ლარით შემოიფარგლება. ოჯახმა - უფრო სწორად, მისმა უფროსმა, ინვალიდმა ალიკა სტეპანიანმა - უმწეოთა დახმარების პროგრამაში მოსახვედრად რეგისტრაცია უკვე გაიარა. ჯერჯერობით მისი უძრავ–მოძრავი ქონების შესამოწმებლად სოციალური აგენტები არ მისულან, მაგრამ...მაგრამ მათ მისვლამდეც შეგვიძლია იმის თქმა, რომ ოჯახი სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.


[ალიკა სტეპანიანის ხმა]“ სახელმწიფო ავალდებულებს უმწეო მოქალაქის დას, ძმას, ახლობელს, რომ იზრუნონ მასზე და იბადება ლოგიკური შეკითხვა–რატომ? რატომ სახელმწიფო არ იღებს ვალდებულებას თავის თავზე ასეთ მოქალაქეებზე ზრუნვისას. თუნდაც საარსებო მინიმუმის ფარგლებში მაინც.“(სტილი დაცულია)

უმწეოთა ახალ სოციალურ პროგრამებში მოხვედრის შემთხვევაში, წინასწარი ინფორმაციით, ერთსულიანი ოჯახის დახმარება 60 ლარით განისაზღვრება, ორსულიანის - 85 ლარით, სამსულიანის - 105 ლარით და ასე შემდეგ, ანუ საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებით. ალიკა სტეპანიანი, თავისი სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად, საკმაოდ აქტიური ადამიანია.მაგრამ მისი სამოქალაქო აქტიურობა, ძირითადად, სახელმწიფო ორგანოებთან ჭიდილში იხარჯება – თუმცა ჩინოვნიკებთან მოხვედრა, ერთი მხრივ თუ ძნელია, მეორე მხრივ და უმეტესად, უშედეგოცაა.

[ალიკა სტეპანიანის ხმა]“რამდენიმე თვის წინ გავგზავნეთ წერილი ბატონ ლადო ჭიპაშვილის სახელზე. ჩვენ ვითხოვდით, რომ მომზადებულიყო შესაბამისი კანონპროექტი ჩვენი, აი, მე ხომ უსინათლო გახლავართ, ჩვენი, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებისთვის, შეღავათებზე. ელექტროენერგიის შეღავათს ვითხოვდით და ჩვენი დახმარების გაორმაგებას. მაგრამ ხდება ინვალიდთა ინტერესების იგნორირება, სრული.“(სტილი დაცულია)

უშედეგოდ დასრულდა ელექტოკავშირის მიერ სატელეფონო საუბრებისთვის დაწესებული წუთობრივი ლიმიტის გაზრდის მცდელობაც–არადა, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდისთვის ტელეფონი გარე სამყაროსთან ინტეგრაციის ერთადერთი საშუალება და სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა. ეს პირობა დაცულია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ ევროპის სოციალურ ქარტიაშიც–ეს დოკუმენტი ალიკა სტეპანიანმა ლამის ზეპირად იცის, მაგრამ... მაგრამ მისი ოჯახის 50 ლარიანი ბიუჯეტიდან ნაწილი სატელეფონო გადასახადებზეც მიდის.

[ასია სტეპანიანის ხმა]“ ყოველდღიური საზრუნავი რა არის? რა თქმა უნდა, ლუკმაპური. ძალიან გვეხმარება, რა დაგიმალოთ ახლა, ჰუმანიტარულ სასადილოში ვიღებთ სადილს და პურს გვაძლევენ. ეს რომ არ იყოს, საერთოდ არ ვიცი, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. რახან პური და სადილი მაინც არი, მაშინ უკვე შემიძლია ცოტა ან ვაშლი ვიყიდო, ან ხილი ვიყიდო, მხოლოდ ამის ხარჯზე, თორემ ისე ნამდვილად ვერ შევძლებდით.” (სტილი დაცულია)

ასია უმუშევარია. ხანდახან თუ რამე საქმე გამოჩნდა, ცოტაოდენ ფულს ისიც შოულობს. უმაღლესი განათლების მქონე და–ძმა ვერასოდეს იფიქრებდა, მათი ძირითადი საზრუნავი არსებობისთვის ბრძოლა თუ იქნებოდა. ამის მიუხედავად, მათ დღესასწაულების მოწყობა სხვებისთვის კარგად ეხერხებათ. ეს აკორდები მათ მყუდრო ბინაში მისვლის პირველივე წუთებში საგანგებოდ ჩვენთვის გაისმა.

[მუსიკა]

ალიკას, მხედველობის დაკარგვის შემდეგ, ლამის 30 წელია ინსტრუმენტი ხელში არ აუღია. მას დვორჟაკის იუმორესკის გასახსენებლად სამი დღე დასჭირდა. ღელავდა, მაგრამ სიურპრიზი, უდავოდ, წარმატებულად შედგა.

ჩვენს პროგრამაში „ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ“ პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდის ალიკა სტეპანიანის ოჯახის გასაჭირზე გიამბეთ. ინვალიდი ხელისუფლებას სოციალური შემწეობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და ელექტროენერგიისა და სატელეფონო მომსახურებაზე შეღავათების დაწესებას სთხოვს.
XS
SM
MD
LG