Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ქართველი ჯარისკაცები საბრძოლო დავალების დროს დაიჭრნენ


ორი დღის წინ ერაყის ქალაქ ბაქუბაში სამშვიდობო მისიით მყოფი რამდენიმე ქართველი სამხედრო ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა. ქართველმა ჯარისკაცებმა მხოლოდ სხეულის

მსუბუქი დაზიანება მიიღეს, ერთ-ერთ კაპრალს კი სახის არიდან ნამსხვრევის ამოსაღებად ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ორი წლის განმავლობაში, რაც ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ერაყში იმყოფება, ეს ქართველი ჯარისკაცების დაჭრის მეოთხე შემთხვევაა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბატალიონი სამშვიდობო მისიით ერაყის ქალაქ ბაქუბაში მესამე თვეა იმყოფება. დაახლოებით 300 კაციანი ქართული ქვედანაყოფი ამერიკულ ბატალიონთან ერთად ის ერთადერთი სამშვიდობო ძალაა, რომელიც ერაყის მართლწესრიგის ძალებთან ერთად ბაღდადიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში სამხედრო ამოცანას ასრულებს. ეს კი ნიშნავს ყოველდღიურ რეჟიმში მოძრავი პოსტების ორგანიზებას, დაცვას სტრატეგიული ობიექტებისა, რომელთა შორის ქალაქის ხიდიცაა. ორი დღის წინ ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურე სწორედ ამ ხიდის დაცვის დროს დაიჭრა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტმაც დაადასტურა, ორი დღის წინ, ხიდზე გავლის დროს, დისტანციური მოქმედების ნაღმზე აფეთქდა ამერიკული სამხედრო მანქანა “ჰამერი”. ნაღმის ნამსხრევებით მსუბუქად დაიჭრა სამი ქართველი ჯარისკაცი, ხოლო ერთ ქართველ კაპრალს აფეთქების დროს ნამსხვრევი ყბაში მოხვდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. საველე ჰოსპიტალში ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ქართველი კაპრალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჩვენი მცდელობის მიუხედავად, თავდაცვის სამინისტროსგან ჯერ ვერ შევიტყვეთ ბაქუბაში საბრძოლო ამოცანის დროს დაჭრილი კაპრალისა და ქართველი ჯარისკაცების ვინაობა. სამინისტრო მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ამჟღავნებს, თუმცა ადასტურებს ქართველი სამხედროების დაჭრის ფაქტს, რომელიც უკვე მეოთხე შემთხვევაა ქართული სამშვიდობო კონტინგენტის ერაყში ყოფნის 2 წლის განმავლობაში. ყველაზე მძიმე შედეგი კი ჰქონდა ამა წლის 22 მაისს მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც იმავე ქალაქ ბაქუბაში მართვად ნაღმზე ამერიკული პატრული აფეთქდა. მანქანაში სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ერთი ქართველი ოფიცერი, მიხეილ ქუთათელაძე, იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად, ამერიკელი სამხედროები ადგილზე დაიღუპნენ, ლეიტენანტ მიხეილ ქუთათელაძეს კი ხელის და მაჯის ამპუტაცია დასჭირდა. ამჟამად მიხეილ ქუთათელაძე ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. მას ჭრილობები მოუშუშდა და სულ მალე საქართველოში დაბრუნდება. რაც შეეხება ბაქუბაში ორი დღის წინ დაჭრილ ქართველ კაპრალს, მას მკურნალობის კურსის გასავლელად მალე გერმანიის ტერიტორიაზე განლაგებულ ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG