Accessibility links

logo-print

რას მოიტანს გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება


ქართველი პარტიზანები აფხაზეთის ტერიტორიაზე თავიანთი საქმიანობის განახლებას გეგმავენ. ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებს პარტიზანული მოძრაობა ”თეთრი ლეგიონის”

მეთაური ზურაბ სამუშია. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ აფხაზეთში ქართველ პარტიზანთა შესაძლო გააქტიურების შესახებ განცხადებას ის დამოუკიდებლად არ აკეთებს, რადგან ზურაბ სამუშია არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე. ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის მითითებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შინაგან საქმეთა მინისტრისგან იღებდეს. რა შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის განახლებას და რამდენად დააზარალებს სამუშიას მიერ გახმოვანებული გეგმის რეალიზაცია ისედაც პრობლემატურ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას?

ყოფილი პარტიზანული შენაერთის, ”თეთრი ლეგიონის”, მეთაური პარტიზანული მოძრაობის განახლებას აუცილებლად მიიჩნევს გალის რაიონის ქართული მოსახლეობის დაუცველობის გამო. ის ფიქრობს, რომ აფხაზეთის ამ ნაწილში შემორჩენილი ქართველების დაცვა ამ ეტაპზე მარტოოდენ პარტიზანული მოძრაობის განახლებით არის შესაძლებელი.

გალის რაიონის ქართველების მდგომარეობა, მართლაც, სერიოზულად არის დამძიმებული. მათ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების გარდა, ადგილობრივი კრიმინალებიც ავიწროებენ. ამ რამდენიმე დღის წინ სოხუმში ცემით იქნა მოკლული გალის რაიონის სოფელ გაგიდაში დაკავებული დანიელ წურწუმია. საქართველოს მხარის ინფორმაციით, მას ფიზიკურად იმიტომ გაუსწორდნენ, რომ არ მიიღო აფხაზთა ჯარში გაწვევა. 8 ნოემბერს უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 70 წლის რევაზ ჯავახია გაიტაცეს. არსებობს ვერსია, რომ გატაცების მოტივი ფულის გამოძალვა უნდა იყოს, მით უფრო, რომ რევაზ ჯავახიას შვილს აქვს საკუთარი ბიზნესი ზუგდიდში. გალის რაიონში კრიმინალების გააქტიურებას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ და განმარტავენ, რომ ფულის გამოძალვის მოტივით ადამიანის გატაცების თუ დაყაჩაღების ფაქტები აფხაზ და ქართველ კრიმინალთა (იგულისხმება გალის რაიონის მკვიდრი, ადგილობრივი ქართველი კრიმინალები) შეთანხმებით ხდება. ასეა თუ ისე, ჩემ მიერ მოყვანილი ორი ფაქტი - გალის რაიონელი დანიელ წურწუმიას ცემით მოკვლა და გალელი რევაზ ჯავახიას გატაცება - ნათლად მეტყველებს, თუ რამდენად დაუცველია გალის რაიონის მოსახლეობა, თუმცა ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი ღრმად არის დარწმუნებული, რომ გალის რაიონის ქართველებს ქართველი პარტიზანები მშვიდობას ვერ მოუტანენ:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”სიმართლე რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დაცული გალის რაიონის მოსახლეობა, პარტიზანების დროს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყო. პარტიზანები თავად აწიოკებდნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას. პარტიზანებს თავიანთი კანონები ჰქონდათ იქ. ”

”პარტიზანული მოძრაობის განახლების შემთხვევაში (რაც ვერ მოხდება საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე), უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მხარე გალის რაიონში ძველი მეთოდებით ვითარების არევ-დარევაზე მიდის,” - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ” წარმატება იყო იმ მხრივ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალზედ ეფექტიანად მოახერხა პარტიზანული მოძრაობის აღკვეთა. სამუშიას განცხადება არ არის სპონტანური, ის ებმის ოქრუაშვილის მოგზაურობას კოდორში. მან ახსენა კიდეც სიტყვა პარტიზანი, როცა თქვა, ვერ მოვითმენთ პარტიზანად ცხოვრებასო. ესეც არ იყო შემთხვევითი განცხადება. როგორც ჩანს, ისევ უბრუნდება ხელისუფლება ძველ მეთოდებს, რომლებმაც არ გაამართლა არანაირად.” (სტილი დაცულია)


პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, გალის რაიონში დღეს იმაზე მეტი ქართველია, ვიდრე იქ პარტიზანული მოძრაობის აღკვეთამდე იყო. პარტიზანთა ქმედებები კიდევ უფრო ამძიმებდა გალის რაიონის ქართველობის მდგომარეობას. ბოლო წლებამდე აფხაზეთში ორი პარტიზანული მოძრაობა მოქმედებდა: ”ტყის ძმები”, დათო შენგელიას მეთაურობით, და ”თეთრი ლეგიონი”, ზურაბ სამუშიას მეთაურობით. ორივე მათგანზე კონტროლი აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით ხორციელდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოაცხადა, რომ არ სჭირდებოდა ისეთი გასამხედროებული ფორმირებები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებასაც უშლიდნენ ხელს და, იმავდროულად, კრიმინალური საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი - მათ შორის, კონტრაბანდისტობით. პარტიზანული დაჯგუფებები კანონგარეშედ გამოცხადდა. ”თეთრი ლეგიონის” მეთაურს პასუხისგებაში მიცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იარაღისა და საბრძოლო საშუალებების ნებაყოფლობით ჩაბარებამ აარიდა. რა ხდება დღეს, ვის და რისთვის დასჭირდა ზურაბ სამუშიას გააქტიურება? ამ შეკითხვის ირგვლივ არსებული ვერსიების მიხედვით შეიძლება მსჯელობა. ფაქტია, რომ ყოფილი პარტიზანული შენაერთის მეთაური ძველი თანამებრძოლების შეკრებასა და პარტიზანული მოძრაობის განახლებას გეგმავს.
XS
SM
MD
LG