Accessibility links

საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის შეხვედრა ბუქარესტში


ბოლო ორი დღის მანძილზე, ლიტვის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას, ბევრი ითქვა საქართველოს ინტერესზე, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში,

ანუ გაიაროს გზა, რომელიც ლიტვამ უკვე გაიარა ნატოსა და ევროკავშირში შესვლით. და ითქვა ისიც, რომ ლიტვას სურს, დაეხმაროს საქართველოს სტაბილიზაციაში, მეტიც - რომ ეს ლიტვის ინტერესებში შედის: [პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ევროკავშირის და ნატოს წევრი, რომელიც, როგორც ჩვენ გვეგონა (ადრე მიამიტურად მიაჩნდათ), შეგვასწრებდა ამ ორგანიზაციებში და შემდეგ კარებს მოიკეტავდა უკან, რომ აღარასოდეს ენახა ბანაკებში თავისი თანამეტუსაღე - ამის ნაცვლად, არასოდეს არ ივიწყებს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული, მხოლოდ ერთად შეგვიძლია, წავიდეთ წინ”.

“თანამეტუსაღე”, (ეს მეტაფორა საქართველოს პრეზიდენტმა იხმარა გუშინ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე) არა მარტო ლიტველებს ახსოვთ. გუშინ ბუქარესტში გაიმართა შეხვედრა იმ ევროპული ქვეყნების მონაწილეობით, რომელთაც “საქართველოს მეგობართა ახალ ჯგუფს” უწოდებენ - ამ ქვეყნებს შორის, სხვათა შორის ლიტვაც არის...

ლიტვის გარდა, მეგობართა ახალ ჯგუფში გაწევრიანებული არიან ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, მოლდავეთი, ბულგარეთი, რუმინეთი. საქართველო ახალ მეგობრებთან ამ შეხვედრაზე ახალი საგარეო საქმეთა მინისტრით იყო წარმოდგენილი - გელა ბეჟუაშვილით. მისთვის სწორედ ბუქარესტში ვიზიტი იყო პირველი მოგზაურობა უცხოეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლში. და ის არა მარტო საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის სხდომას დაესწრო, არამედ დღეს პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს შეხვდა.

ჩვენ კი ბუქარესტელ ჟურნალისტს, ჩვენი რადიოს კორესპონდენტ რადუ ბუშნიაგს ვკითხეთ, რა გამოხმაურება მოჰყვა, როგორ გაშუქდა საქართველოსთან დაკავშირებული შეკრება რუმინეთში და საერთოდ, არის თუ არა ინტერესი რუმინელებში საქართველოს მიმართ: [რადუ ბუშნიაგის ხმა] “რუმინეთის მასმედიაში, რუმინელ ხალხში არის საკმაოდ დიდი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. კარგად გვახსოვს ორი წლის წინანდელი მოვლენები - ქართული “ნარინჯისფერი რევოლუცია”. და საქართველოსადმი ჩვენს ინტერესს იწვევს ის მსგავსებაც, რომელიც მოლდავეთთან არსებობს - რუსეთთან რთული ურთიერთობის მხრივ. როგორც იცით, მოლდავეთს რუსეთთან პრობლემა აქვს დნესტრისპირეთის გამო. ასე, რომ არის მსგავსება საქართველოს პრობლემებთან და, ალბათ, ამიტომ რუმინეთისთვის საქართველო უფრო ახლობელია, ვიდრე რუსეთი.”

ამითვეა განპირობებული რუმინეთის მონაწილეობა საქართველოს მეგობრების ახალ ჯგუფში - ბუქარესტის ინტერესებშია საქართველოს პოზიციის გაძლიერება: [რადუ ბუშნიაგის ხმა] “დიახ, ეს შედის რუმინეთის ინტერესებში, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, არის მსგავსება მოლდავეთთან. მოლდავეთის დნესტრისპირეთის რეგიონის საკითხში რუმინეთის პოზიცია ემთხვევა მის პოზიციას საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - საკითხებში. ანუ, რუმინეთი ემხრობა როგორც მოლდავეთს, ისე საქართველოს, სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენისაკენ მისწრაფებაში. ეს არის მთავარი. და ყოველივე ეს ითქვა კიდეც შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ბუქარესტში გაიმართა”, იუწყება ჩვენი რუმინელი კოლეგა, რადუ ბუშნიაგი.

მისგანვე შევიტყვეთ, საქართველოს მეგობრების ახალი ჯგუფის შევხედრაზე განხილული საკითხებიდან, რომლებმა მიიპყრო მიმომხილველების განსაკუთრებული ყურადღება. მაგრამ ვიდრე ამაზე გიამბობდეთ, ჯერ, ზოგადად, საკითხებზე, ბუქარესტში რომ განიხილეს. აქვე ვიტყვი, რომ ეს იყო “მეგობართა ახალი ჯგუფის” მეორე შეხვედრა და მასში საგარეო უწყებების ხელმძღვანელები, ან მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბუქარესტში იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირთან, ნატოსთან დაახლოების პროცესზე, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის ქვეყნების რეგიონულ თანამშრომლობაზე. ილაპარაკეს ასევე ტრანს-ნაციონალურ საფრთხეებთან - ტერორიზმთან, ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდასთან ბრძოლის საჭიროებაზე - შესაბამისად, საქართველოს საზღვრების დაცვაში ევროკავშირის როლის გააქტიურებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანასაც, შეაქეს თბილისის გეგმა, რომელიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას ითვალისწინებს და თბილისს დაჰპირდნენ მხარდაჭერას სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებაში.

საერთოდ, ბუქარესტის სამიტზე, როგორც ირკვევა, ძალიან ბევრი საკითხის წამოჭრა მოასწრეს. ყველაზე ლაპარაკი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამიტომ ისევ ჩვენს რუმინელ კოლეგას მოვუსმინოთ - მთავარის შესახებ: [რადუ ბუშნიაგის ხმა] “რუმინეთის პრესაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ითხოვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტებია მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობაში. რუმინეთის პრესაში მოყვანილია ასევე ბეჟუაშვილის განცხადება, რომ საქართველო იმედს ამყარებს ევრო-ატლანტილკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, რომ ამის მეშვეობით შეძლებს სეპარატისტიზმის პრობლემის მოგვარებას. პრესაშივე წერენ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიხაი უნგურეანუს განცხადების შესახებ, რომ საქართველო ახლა იმავე ეტაპზე იმყოფება, რომელზეც რუმინეთი 1996-ში იყო. როცა რუმინეთი ნატოში ინტეგრაციისთვის ემზადებოდა. ახლა, უნგურეანუს შეფასებით, საუცხოო მომენტია საიმისოდ, რომ საქართველო ნატოში გასაწევრიანებლად მოემზადოს, ვინაიდან მოგვიახლოვდა 2006 წელი, როცა ნატოს სამიტი იგეგმება - შემდეგ სამიტზე კი, სავარაუდოდ, 2008-ში განიხილება ალიანსის გაფართოების საკითხი. ამიტომ, საქართველომ ახლა სწრაფად უნდა იმოქმედოს ნატოსთან დასაახლოვებლად. და რუმინეთი, ალბათ, მართლაც გაუწევს მეგობრობას საქართველოს - ხელს შეუწყობს მის მისწრაფებას ნატოში გაწევრიანებისაკენ”. ამ შეფასებას გამოთქვამს ჩვენი ბუქარესტელი კოლეგა რადუ ბუშნიაგი.

და თუ “საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის” შეხვედრაზე ბუქარესტში საქართველოს საგარეო მინისტრი იყო ჩასული, მალე საქართველოს რუმინეთის პრეზიდენტი ეწვევა - ის, საქართველოს პრეზიდენტის სახელით “ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მიიწვია მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა.
XS
SM
MD
LG