Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები ერთიანი მინიმალური ხელფასის შემოღებას ითხოვენ


10 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. ოთხი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა

გადაწყვიტოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციას პრეზიდენტის მიერ 2005 წლის 24 იანვარს გამოცემული ნომერი 43-ე ბრძანებულება, რომელიც მინიმალური ხელფასის ოდენობას - 115 ლარს - მხოლოდ საჯარო სამსახურში მყოფი მოქალაქეებისთვის აწესებს.

სარჩელი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ლეიბორისტული პარტიისა და თბილისის საკრებულოს წევრების - კახა ძაგანიასა და გიორგი გუგავას - მიერაა შედგენილი. მათი აზრით, პრეზიდენტმა, 43-ე ბრაძანებულების გამოცემით, საზოგადოება საკუთარი შეხედულების მიხედვით დაანაწილა, რისი უფლებაც, კახა ძაგანიას მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა:

[კახა ძაგანიას ხმა] „კონსტიტუცია არ ცნობს ჩინოვნიკს, მუშას და ასე შემდეგ... კონსტიტუციის წინაშე ყველანი ერთნი არიან და არ შეიძლება მინიმალური ხელფასი დაუდგინო ადამიანების მხოლოდ ერთ ჯგუფს, ანუ გარანტიები მისცე ხელისუფლების წარმომადგენლებს და სხვა მოქალაქეები ისე დატოვო.“

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საჯარო სამსახურში მყოფი ადამიანის ხელფასი არ შეიძლება იყოს 115 ლარზე ნაკლები, მაშინ როცა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ამგვარი ზღვარი არ არსებობს. გიორგი გუგავას თქმით, კანონი ასევე ითხოვს ხელფასის ქვედა ზღვრის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას:

[გიორგი გუგავას ხმა] „მიღებულია შესაბამისი კანონი საარსებო მინიმუმის შესახებ და პენსიების, ხელფასების თუ სოციალური შემწეობის გაანგარიშება უნდა ხდებოდეს საარსებო მინიმუმთან შესაბამისობაში, რათა ადამიანი ფიზიკურად გადარჩეს.“

საკონსტიტუციო სასამართლომ ლეიბორისტული პარტიის სარჩელი ზაფხულში მიიღო, თუმცა პროცესი სამი თვის შემდეგ გაიხსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკოსები მხოლოდ კანონების მოხმობით არ დაკმაყოფილდნენ, რის გამოც მოსამართლე ოთარ ბენიძის შენიშვნა დაიმსახურეს:

[მოსამართლის ხმა] „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. თქვენ კი გაშალეთ და შეუდექით იმ საკითხებზე მსჯელობას, რომელიც ეხება ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, ქვეყანაში არსებულ ხარვეზებს და ასე შემდეგ. ჩვენ ხომ შეზღუდული ვართ კანონით!“

სასამართლო დარბაზი სავსე იყო ლეიბორისტული პარტიის წევრებითა და მხარდამჭერებით. პროცესის მსვლელობისას თანაპარტიელების გასამხნევებლად საკონსტიტუციო სასამართლოში შალვა ნათელაშვილმაც შეიარა.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციური ბრძანებულება ეწინააღმდეგება ქვეყნის ძირითად კანონს იმ ასპექტში, რომელიც ითვალისწინებს ადამიანების თანასწორობას და ეს თანასწორობა ამ შემთხვევაში უნდა გამოიხატოს ერთიანი საარსებო და სახელფასო მინიმუმის დაწესებით. სააკაშვილის მიგნება იმის თაობაზე, რომ მის მინისტრებს სხვა ადამიანებზე ხუთჯერ დიდი კუჭი აქვთ, არასწორია.“

ლადო ქარქაშაძე, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი, ამბობს, რომ პრეზიდენტის 43-ე ბრძანებულება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მისი თქმით, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა აუცილებლად გამოიწვევს უმუშევრობის გაზრდას:

[ლადო ქარქაშაძის ხმა] „დამქირავებელი, თუკი ამ ზღვარს დაუდგენ, იძულებული გახდება შეამციროს თანამშრომლების რაოდენობა. ორის ნაცვლად ერთს მისცემს 115 ლარს, თუმცა სამუშაოს ორისას გააკეთებინებს.“

სასამართლო კოლეგიამ მხარეთა მოსმენის შემდეგ სხდომა ერთი კვირით გადადო. 15 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრემიერ-მინისტრსაც ელიან, თუმცა იმის იმედი, რომ ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოს წინაშე წარდგება, ლეიბორისტებს არა აქვთ. სავარაუდოდ, მთავრობის მეთაურის ინტერესებს, ისევე როგორც პრეზიდენტისას, სახელმწიფო კანცელარიის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი დაიცავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG