Accessibility links

logo-print

საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოში – დედაქალაქის მერია ხელფასების რევოლუციური ზრდის ინიციატივით გამოდის


ამ დღეებში თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ნატა მაჩალაძემ საკრებულოს შესაბამის კომისიას მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე

ჩატარებული სამუშაოებისა და მომავალი წლის ბიუჯეტის განცხადების შესახებ ანგარიში წარუდგინა. კომისიამ ანგარიში მოიწონა, საზოგადოება კი, უფრო მეტიც, აღფრთოვანებული დარჩა. საქმე ისაა, რომ 2006 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალური ბიბლიოთეკების, მუზეუმების და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ხელფასის 100 პროცენტით გაზრდას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, შრომის ანაზღაურების მატება დედაქალაქის სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგებზეც გავრცელდება.

დედაქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან საგანგებოდ გამოვყოფთ ბიბლიოთეკარებს. მართალია, თბილისის მერიის განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი ხელფასი მართლაც გაორმაგდება, მაგრამ რაღაც სიახლე მოსალოდნელია. ბიბლიოთეკარების ხელფასების მატება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბითაც, თუმცა როგორ და რამდენით, ჯერ ცნობილი არ არის. ბიბლიოთეკართა საშუალო ხელფასი ამ დროისათვის 30– 35 ლარია. ხელფასის უდავო სიმცირისა და სიმწირის გამო ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ, ქუთაისის ადგილობრივი მთავრობის გარდა, სამართლიანი პრეტენზიით მიმართეს კულტურის სამინისტროსაც.

[ბიბლიოთეკარის ხმა]“ ახლა მტკიცდება ბიუჯეტი. აქ თუ ბიუჯეტში არ ჩაისვა რაღაც გარკვეული თანხა, რომ ჩვენ ხელფასები მოგვემატოს, ესე იგი გამოდის, რომ არც 2006–ში მოგვეცემა ჩვენ ხელფასი.“ (სტილი დაცულია)

ბიბლიოთეკარებისათვის ხელფასის გაზრდის პროექტზე კულტურის სამინისტროში სპეციალური კომისია მუშაობს. კომისია მზადაა უახლოეს ხანში სახელფასო პოლიტიკაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ქუთაისის სამეცნიერო უნივერსალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც საქმის კურსში ჩააყენოს. ასეთ ფონზე უდავოდ რევოლუციურია ინიციატივა, რომელიც დედაქალაქში ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა ხელფასების 100 პროცენტით მატებას გულისხმობს.

[ბიბლიოთეკარის ხმა]“ როცა გავიგეთ, რომ ხელფასი გვემატება, ძალიან გაგვიხარდა ბიბლიოთეკარებს და იმედიც მოგვეცა. ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო. როცა ასე უჭირს ქვეყანას, ჩვენ ხმასაც არ ვიღებდით, პრეტენზია არ გვქონდა.”(სტილი დაცულია)

ეს ქალბატონი თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის საქალაქო ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მუშაობს. მართალია, ამ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ხელფასის სიმწირის გამო უკმაყოფილება აქამდე საჯაროდ, მართლაც, არ გამოუხატავთ, მაგრამ ბიბლიოთეკის გადასარჩენად ბრძოლა ჯერაც არ დაუსრულებიათ. საქმე ისაა, რომ ცნობილი ქველმოქმედების - ძმები ზუბალაშვილების - დაარსებული ბიბლიოთეკა, თითქმის საუკუნეს მიწეული, მის მიერ დაკავებული ფართის პრივატიზების შემდეგ რეალურად უბინაოდ ითვლება.

[რუიზან კალმახელიძის ხმა]“ჩვენ ვერ გავიგეთ, ისე გაუკეთებიათ პრივატიზაცია. პრივატიზაცია საერთოდ მიუღებელია ბიბლიოთეკების. არ შეიძლება, არ არსებობს, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. უფრო გამყიდველის ბრალია, ვიდრე მყიდველის. ახლა მყიდველმა მიყიდა და იყიდა. მაგრამ რომ ყიდიდნენ, ხომ უნდა გამოეცხადებინათ ტენდერი ან რაღაცა, რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა.”(სტილი დაცულია)

როგორც ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების განყოფილების გამგე რუიზან კალმახელიძე ამბობს, საბინაო დავა ბიბლიოთეკის დამარცხებით დასრულდა და
შენობის მეპატრონესთან გაფორმებული ერთწლიანი კონტრაქტის განმავლობაში მერიამ ახალი ფართი უნდა იქირაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, უნიკალური ფონდი, მართლაც, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს.

ამგვარი მომავალი, უფრო სწორად, გაუქმება და სხვა ბიბლიოთეკასთან შეერთების პერსპექტივა, არსებული ინფორმაციით, უკვე ემუქრება ბათუმის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. მიზეზი ამჯერადაც შენობის გასხვისებაა.

[გენო მახარაძის ხმა] “შენობის ინტერესმა ვერ უნდა განაპირობოს ბიბლიოთეკის არსებობა და არარსებობა. 1902 წელს აჭარის საჯარო ბიბლიოთეკა ზუსტად ამ შენობაში, ამ ადგილზე, გაიხსნა საზეიმოდ.“

აჭარის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გენო მახარაძე იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკას არც მისამართს შეუცვლიან და არც პროფილს. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგადად საბიბლიოთეკო ქსელის სტრუქტურული რეორგანიზაციის დროშით ცვლილებები გარდაუვალია. არ არის გამორიცხული, ბიბლიოთეკების შენობების პრივატიზების გარდა, ამ პროცესებს ბიბლიოთეკართა რაოდენობის შემცირებაც მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG