Accessibility links

logo-print

ტონი ბლერის ანტიტერორისტული ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო


ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის ანტიტერორისტული წინადადება ჩააგდო. კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ხმა ორმოცდაათამდე ბლერის თანაპარტიელმა

პარლამენტარმა მისცა. ბლერის ინიციატივა პოლიციას უფლებას აძლევდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები, ბრალდების წაყენების გარეშე, 90 დღის განმავლობაში ჰყოლოდა დაკავებული. პრემიერ-მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ამ წინადადებას ბრიტანეთის მცხოვრებთა უმეტესობა უჭერდა მხარს. უფლებადამცველები და პოლიტიკური ოპოზიცია კი აცხადებდნენ, რომ ამ ინიციატივის განხორციელება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იქნებოდა და კიდევ უფრო მეტი ექსტრემიზმის გაჩენას შეუწყობდა ხელს.


1997 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს ტონი ბლერის პირველი საპარლამენტო მარცხია.

კანონპროექტის გატანის მიზნით, მთავრობამ მოსკოვში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო და ახლო აღმოსავლეთში მყოფი ფინანსთა მინისტრი გორდონ ბრაუნი ლონდონში გამოიძახა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მათაც მიეღოთ.

თუმცა ბოლოს კანონპროექტი მაინც ჩავარდა: ოთხშაბათს მისი მომხრე 291 დეპუტატი აღმოჩნდა, მაშინ როდესაც წინააღმდეგი 322 იყო. მოწინააღმდეგეებს შორის 49 პარლამენტარი ტონი ბლერის თანაპარტიელია.

ექსპერტთა ვარაუდით, საკუთარ პარტიაში მოწინააღმდეგეების მომრავლებამ ბლერის რეპუტაცია სერიოზულად დააზიანა. ამ თემაზე რადიო “თავისუფლება” "თაიმსის" ყოფილ მთავარ რედაქტორს უილიამ რის-მოგსს ესაუბრა:

[რის-მოგსის ხმა] “ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევაა – პრემიერ-მინისტრად გახდომის შემდეგ ტონი ბლერი პირველად დამარცხდა და ეს სამოქალაქო უფლებების გამო მოხდა. ლეიბორისტულ პარტიას ბლერი თანდათან თავს აბეზრებს. ისინი ახალ ლიდერს ეძებენ. ამ პარტიაში საკმაოდ ბევრი წევრია, ვისთვისაც მოქალაქეების პირადი თავისუფლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.”

თავად ტონი ბლერი მარცხს არ აღიარებს. ოთხშაბათს, სატელევიზიო ინტერვიუში, მან უარყო მოსაზრება, რომ კანონპროექტის ჩაგდება მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების ტოლფასი იყო.

"ზოგჯერ უმჯობესია წააგო, მაგრამ მართალი იყო, ვიდრე გაიმარჯვო და არასწორი რამ გააკეთო", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ოთხშაბათს, კენჭისყრამდე, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბლერმა შემდეგი რამ თქვა:

[ბლერის ხმა] “ჩვენ პოლიციურ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ, არამედ ქვეყანაში, რომელსაც ტერორიზმის რეალური და სერიოზული საფრთხე ემუქრება – ტერორიზმის, რომელსაც ჩვენი ცხოვრების წესის განადგურება და ჩვენთვის უზარმაზარი ზიანის მოყენება სურს.”

ბლერის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების, პოზიციას – რომ, ბრალდების წაყენების გარეშე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების 14 დღით დაკავება საკმარისია - ბევრი სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაცია იზიარებს. სამოქალაქო თავისუფლებების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა დუგ ჯეუელმა ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა:

[ჯეუელის ხმა] “ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ კონკრეტული წინადადების გამო. ჩვენი აზრით, ეს ითვალისწინებს ძალაუფლების ძალიან ფართოდ გამოყენებას, რაც, რეალურად განხირციელების შემთხვევაში, სამართლიანობის დარღვევას გამოიწვევს.”






კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვები ტერორიზმის ანალიტიკოსებსაც ჰქონდათ.

შოტლანდიაში მოქმედი ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი პოლ ვილკინსონი მიიჩნევს, რომ პოლიციას, მართლაც, აქვს ეჭვმიტანილების 90 დღით დაკავების მოთხოვნის საფუძველი, რადგან მათი გლობალური კავშირების გამოძიება დროს მოითხოვს. მაგრამ ვილკინსონს მიაჩნია აგრეთვე, რომ 90-დღიანი პერიოდის დაწესება მუსულმანი მოსახლეობის გაუცხოებას გამოიწვევს:

[ვილკინსონის ხმა] “ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი 90 დღე ეჭვმიტანილების დაკავების სტანდარტულ ვადად იქცევა, ეს მუსულმანური აღმსარებლობის მოსახლეობის გაუცხოებას გამოიწვევს. ჩემი აზრით, უფრო დაბალანსებული მიდგომა უნდა შევიმუშაოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ასეთი საქმის გამოძიება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი.”

საბოლოო ჯამში, გარკვეული კომპრომისის მიღწევა მოხერხდა. პარლამენტი ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავების ვადის 14-დან 28 დღემდე გაზრდას დასთანხმდა, მაშინ როდესაც, ვთქვათ, მკვლელობაში ეჭვმიტანილები ბრალდების წაყენების გარეშე მხილოდ 4 დღე შეიძლება იყვნენ დაკავებული; მთავრობა კი დაეთანხმა წინადადებას, 28 დღის გასვლის შემდეგ, დაკავებაში ყოფნის კიდევ 7 დღით გაგრძელების გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის, "Amnesty International"-ის, წარმომადგენლებმა ოთხშაბათის მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო უფლებების პრინციპების არაერთგვაროვანი გამარჯვება უწოდეს. მათი აზრით, მართალია, პარლამენტმა ეს კონკრეტული წინადადება ჩააგდო, მთავრობის ანტიტერორისტული ინიციატივის სხვა ასპექტებით თავისუფლებების შეზღუდვის საფრთხე კვლავ რეალურია.
XS
SM
MD
LG