Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გაიმარჯვა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის იჯარით გაცემის ტენდერში


ამ დღეებში საქართველოში ცხარე პოლიტიკურ-სამართლებრივი დებატების საგნადაა ქცეული ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის 49 წლით იჯარით გადაცემისთვის ჩატარებული ტენდერი.

9 ნოემბერს გაირკვა, რომ ამ სკანდალურ კონკურსში ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ გამარჯვებულად გამოაცხადა ”ამბრელა კონსალტინგი”, ”სილქროუდ გრუპის” შვილობილი კომპანია. ჩოგოვაძის ასეთმა საქციელმა საპარლამენტო ოპოზიცია აღაშფოთა, 10 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არც უმრავლესობა ჩანდა.

თავდაპირველად იმ არგუმენტების შესახებ, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიცია იყენებდა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის პრივატიზების პროცესის წინააღმდეგ. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის, განცხადება:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”არც ერთ ქვეყანაში სახელმწიფოს ექსპონატები არავისთვის არ მიუცია - არც იჯარით და არც სხვანაირად. ექსპონატები მხოლოდ სახელმწიფოს ხელში შეიძლება იყოს, თუ მუზეუმი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამ ზღაპრებს ახლა რამდენჯერ უნდა ვუსმინოთ, ბოლოს და ბოლოს... არ არის ასეთი პრაქტიკა. იყო, რომ თალიბანმა მოსპო ბუდას ძეგლები, ახლა ქართველები სპობენ წინანდლის სასახლეს. აი, ეს არის სულ.”

მთავრობა კი შემდეგნაირად იმართლებდა თავს. სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძეს მოვუსმინოთ:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”უნდა იყოს კერძო საკუთრებაში - არა მარტო კერძო მართვაში, არამედ კერძო საკუთრებაში. ეს ხომ არ ეკუთვნოდა საქართველოს სახელმწიფოს ან მეფის ტახტს მეცხრამეტე საუკუნეში. ეს ეკუთვნოდა კონკრეტულ ოჯახს, ხო სწორია?”

კახა ბენდუქიძის ამ სიტყვებს საპარლამენტო უმრავლესობაც არ ეთანხმებოდა, თუმცა ცდილობდა ხელი არ შეეშალა მთავრობისთვის და მხოლოდ მისი ქმედებების გაშალაშინებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტენდერის 1 თვით გადავადება სთხოვა, თუმცა სამინისტრომ კონკურსიც ჩაატარა და გამარჯვებულიც დაასახელა. ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ, აი, ასეთი რამ განაცხადა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”პირადად მე ყველაზე მეტად მაქვს ის პრეტენზია, რომ ვერ მოხერხდა ამ საკითხის ისე გაფორმება, რომ არ ამტყდარიყო აჟიოტაჟი და გაკეთებულიყო ისე, რომ ადამიანებს გაეგოთ, რა კეთილშობილური მიზანია აქ ჩადებული და როგორ განხორციელდება ეს.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია შიშობს, რომ ამ კეთილშობილური მიზნის უკან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დაცული, მილიონებად შეფასებული, ექსპონატების გასხვისება დგას. კონსერვატორების ლიდერი კობა დავითაშვილი ირწმუნება, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების მიხედვით, ჭავჭავაძის სასახლის მეიჯარეს, ჯარიმის სახით, მხოლოდ 24 ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

არის თუ არა, მართლაც, ამგვარი მუხლი ხელშეკრულებაში? - ამ კითხვით მივმართე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ”ამბრელა კონსალტინგის” დირექტორს ივა მარტაშვილს. მან მითხრა, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან დასადები ხელშეკრულების პროექტში მსგავსი არაფერი წერია, ხოლო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი ჯერ თვალითაც არ მინახავსო. მე მას ისიც ვკითხე, თუ რის გაკეთებას აპირებენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში.

[ივა მარტაშვილის ხმა] ”წინანდალი არის კახეთის და საქართველოს ცენტრი. და რადგანაც ღვინის სამშობლოა კახეთი, ძალიან დიდი დაინტერესება იქნება ტურიზმის თვალსაზრისით. გარემონტდება ყველაფერი და წინანდლის კომპლექსში რომ მოხვდებით, უნდა შეგექმნათ სრული წარმოდგენა საქართველოს ისტორიაზე, უნდა შეგექმნათ წარმოდგენა ღვინოზე, ყურძენზე და ასე შემდეგ.”

”ამბრელა კონსალტინგი” წინანდლის სახლ-მუზეუმში და ჭავჭავაძეების მამულში 2 წლის მანძილზე 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტირებას აპირებს და ყოველწლიურად იჯარის საფასურის 70 ათასი აშშ დოლარის გადახდის პირობას იძლევა. ამ პირობების გათვალისწინებით, მასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულება მომდევნო 20 დღის მანძილზე უნდა გაფორმდეს.
XS
SM
MD
LG