Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერდება თუ არა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის იჯარით გაცემის პროცესი


როგორც ცნობილია, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის 49 წლის იჯარით გაცემის ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად

საზოგადოებისა და პოლიტიკური წრეების აქტიური ნაწილიც გამოვიდა. გამოიწვევს თუ არა ეს საპროტესტო მოძრაობა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის იჯარით გაცემის პროცესის შეჩერებას?

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 22 ათას 500 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზესი კარ-მიდამოს, სასტუმრო სახლის, ღვინის ქარხნისა და სახლმუზეუმის 49 წლიანი იჯარით გასხვისების წინააღმდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პოლიტიკური პარტიებიც გამოვიდნენ, ყველაზე მეტად კი კონსერვატიული პარტია აქტიურობს. მისი დახმარებით, წინანდლის მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტსა და ეკონომიკური განვითარების მინისტრს უჩივლა.

მოსახლეობა იმ აქტების უკანონოდ ცნობას მოითხოვს, რომელთა ძალით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის იჯარით გასაცემად ტენდერი გამოცხადდა. ამის საფუძველზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ, ტენდერის პროცესის შეჩერება მოითხოვა:

[კახა კუკავას ხმა] ”სარჩელის მიღება აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას. ამიტომ მე მინდა ოფიციალურად პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვაცნობო, რომ სარჩელი შეტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში და თუ, ამის მიუხედავად, ეკონომიკის სამინისტროში კონკურსი გაიმართება, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტენდერის 1 თვით გადადების თხოვნით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც. მისი და, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ გრიგალაშვილმა, გაახმოვანა:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”თვითონ იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევიდეს ინვესტიცია კულტურულ მემკვიდრეობაში. ეს იდეა ერთგვარი წინაპირობაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის. თვითონ ხელშეკრულებაში არის კიდევ რამდენიმე პუნქტი, რომელთა კიდევ უფრო დახვეწა და სახელმწიფოებრივი ხედვით წარმოდგენა უფრო უპრიანი იქნებოდა.”(სტილი დაცულია)

ნოდარ გრიგალაშვილს არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი ხედვა, თუმცა კი ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან ტენდერის 1 თვით გადავადება მოითხოვა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტრო პროცესის შეჩერებას, ანუ განაცხადების მიღებას თუ აუქციონის ჩაშლას არ აპირებდა. ამაზე მინისტრის მოადგილის კახა დამენიას მიერ 8 ნოემბერს გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს:

[კახა დამენიას ხმა] ”ნუ, იმის მიხედვით, როგორი მომართვაც იქნება, განვიხილავთ, ბუნებრივია, თუმცა გვიანი კი არის. ხვალ ბოლო დღე არის.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ოპოზიციის აქტიურობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნისა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მაინც არ შეაჩერა სატენდერო პროცესი და 8 ნოემბრის 6 საათზე წინასაკონკურსო პროცედურის დასრულება გამოაცხადა. გაირკვა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის იჯარით აღების სურვილი ”ამბრელა კონსალტინგმა” გამოთქვა, რომელმაც, ეგრეთ წოდებული ”ბეს” სახით, 7 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

რით არის განპირობებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ასეთი ენთუზიაზმი? ამ კითხვას ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტის რეზო საყევარიშვილის კომენტარი:

[რეზო საყევარიშვილის ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტი იყო ბიუჯეტის შევსება ეგრეთ წოდებული კაპიტალური შემოსავლებით. რეალურად ბიუჯეტმა ვერ მიიღო იმხელა შემოსავლები, რამდენიც იყო დაგეგმილი, რადგან ბევრი საპრივატიზაციო გარიგება ან გადაიდო, ან დროში გაჭიანურდა, ან სულაც ჩავარდა.”

რამდენად გამოასწორებს ამ ჩავარდნას ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმის 49 წლიანი იჯარით გასხვისება, ძნელი სათქმელია, რადგან საქართველოს მთავრობამ წლიურ საიჯარო ქირის საწყის ფასად მხოლოდ 70 ათასი ლარი დაასახელა.
XS
SM
MD
LG