Accessibility links

logo-print

საქართველო აფხაზეთთან სატელეფონო კავშირსაც კარგავს?


კიდევ ერთი პრობლემა, რაც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წინამორბედისაგან მემკვიდრეობით მიიღო, სეპარატისტული აფხაზეთის ერთიანი სატელეკომუნიკაციო

სივრციდან ამოვარდნაა. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოსთან სატელეფონო კავშირის ჩახშობასა და რუსეთთან მის მიერთებაზე. გამონაკლისია გალის რაიონი, რომელსაც ქართული სიგნალი ჯერ კიდევ სწვდება. თუმცა თბილისში ამ ფაქტს ტრაგედიად არ აღიქვამენ და აცხადებენ, რომ საკომუნიკაციო სისტემა ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად აღდგება.


პარლამენტარი ნიკა გვარამია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მან 12 წლის წინ ალმოდებული აფხაზეთი მშობლებთან ერთად დატოვა. ქართული პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და აქტიური წევრი ამბობს, რომ თუკი ჯერ კიდევ 5 წლის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილ თითო-ოროლა ახლობელთან დაკავშირებას საქალაქთაშორისო ტელეფონის საშუალებით ახერხებდა, ახლა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია:

[ნიკა გვარამიას ხმა] “ჩვეულებრივ საქალაქთაშორისო კავშირზე სადღაც 5 წლის წინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა დარეკვა. თითონ გამორთეს ეს სისტემა და ახლა?”(სტილი დაცულია)


კიდევ უფრო ცუდადაა საქმე ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებების მხრივ. ლეგიტიმური აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი, დამოუკიდებელი ექსპერტი პაატა დავითაია იგონებს, რომ 5 წლის წინ ვითარება, ამ მხრივ, აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ სხვაგვარი იყო და აფხაზეთის ხელისუფლება იძულებული იყო ქართული კოდი გამოეყენებინა, რაც, ექსპერტის თქმით, ძლიერი კოზირი იყო საქართველოს ხელისუფლების ხელში:
[პაატა დავითაიას ხმა] “2002 წლამდე, როდესაც ინჯია იყო მინისტრი, 8, ასე ვთქვათ, სატელეფონო სისტემა, 8 “იაჩეიკა” ჰქონდათ აფხაზებს.თუ დარეკავდი, საქართველოს კოდით უნდა დაგერეკა, ისე ვერ დარეკავდი. ამის შემდეგ აფხაზები ჩაკეტილები იყვნენ და თუ 8 ტელეფონი საუბრობდა ერთდროულად, სხვა ტელეფონი ვერ ჩაერთვებოდ ამაში და ჩვენ მიერ კონტროლირებადი იყო.”

თუ როგორ იყენებდა სატელეფონო ზარების კონტროლის ექსკლუზიურ უფლებას საქართველოს ყოფილი ხელისუფლება, ძნელი სათქმელია. თუმცა დროთა განმავლობაში სეპარატისტულმა აფხაზეთმა კიდევ უფრო გააძლიერა დისტანცირება საქართველოს სატელეკომუნიკაციო სივრციდან. თუკი, ფიჭური კავშირგაბმულობის მხრივ, აფხაზეთის ტერიტორიაზე 2004 წლამდე ჯერ კიდევ რუსული “ჯი-ეს-ემის” კომპანიები დომინირებდნენ, წლეულს აფხაზებს უკვე საკუთარი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ემსახურება, რასაც, ექსპერტ პაატა დავითაიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება არავითარ ყურადღებას არ აქცევს:
[პაატა დავითაიას ხმა] “იქ “ჯი-ეს-ემ” სისტემა შეიქმნა აფხაზეთში. არის ეს “აგუაფონ”. ლიცენზია აიღეს რუსებისაგან და სისტემა მიერთებულია კავშირგაბმულობის საერთაშორისო სატელიტზე. და საქართველოს მარეგულირებელი კომპანია კი ხმას არ იღებს.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მხრიდან ამგვარ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას საქართველოს პარლამენტის საპრეზიდენტო უმრავლესობის წევრი, იურისტი ნიკა გვარამიაც ადასტურებს, თუმცა სეპარატისტულ აფხაზეთთან კავშირის გაწყვეტა პარლამენტარს ტრაგიკულად არ მიაჩნია:

[ნიკა გვარამიას ხმა] “ეს ძალიან რთულია. კომუნიკაციები ხომ ცალმხრივი სფერო არ არის, ეს ორმხრივ სურვილზეა დამოკიდებული და როდესაც მეორე მხარე კომუნიკაციურ თანამშრომლობაზე არ მოდის, როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობის დამყარება? საქართველოს ხელისუფლებას, ერთადერთი, შეუძლია აღადგინოს იქ ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფრის წამალი ეს არის.”(სტილი დაცულია)

ამ “წამლის” რეცეპტზე საქართველოს წინა ხელისუფლება 10 წლის განმავლობაში უშედეგოდ მუშაობდა. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, როგორც არაერთხელ განუცხადებია, გაცილებით სწრაფად, პირველი საპრეზიდენტო ვადის ბოლოსთვის, აპირებს - თანაც, სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით, ყოველგვარი ძალადობისა და სამხედრო ჩარევის გარეშე, როგორც მისი წინამორბედი.
XS
SM
MD
LG