Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესი იცვლება


უახლოეს ხანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ შეიცვლება. ცვლილებათა საფუძველს წარმოადგენს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-მდე შემცირება

და თვითმმართველობის ახალი კანონი, რომელსაც, საკონსტიტუციო ცვლილებებისგან განსხვავებით, ოფიციალური სახე ჯერჯერობით არ მიუღია.
საარჩევნო კოდექსის მომავალი შინაარსი სერიოზული დავის საგნად იქცა თბილისში დღეს გამართულ მრგვალ მაგიდაზე, რომლის ინიციატორი აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი იყო.
რას ითვალისწინებს ხელისუფლების ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და როგორ აღიქვამს მათ ოპოზიცია?

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში მომზადდა, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალ წესს განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მომავალ პარლამენტს 75-ის ნაცვლად 50 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა ჰყავდეს.
კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას 14 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. მრავალმანდატიანობის პრინციპს იზიარებს ოპოზიციური ფრაქცია ,,დემოკრატიული ფრონტის” რესპუბლიკელი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "მაგრამ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ 5 მანდატი არის, ვთქვათ, თბილისის ოლქში, მან გააკეთოს არჩევანი ხუთ კანდიდატზე. მაგრამ ამომრჩეველს ეუბნებიან, ერთი არჩევანი გააკეთე, ანუ პრაქტიკულად პარტიული არჩევანი გააკეთეო. ეს არის 33%-ით არჩეული დეპუტატები, რომელთა წინააღმდეგ ხმა მისცა 67%-მა.” (სტილი დაცულია)

დავით ბერძენიშვილი განმარტავს, რომ თუ სახელისუფლებო პარტია ხმათა ერთ მესამედს მოიპოვებს, მასვე დარჩება მაჟორიტარული მანდატები:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] "ეს არის არაკვალიფიციური ამომრჩევლის იმედად ყოფნა - კვალიფიციური ამომრჩევლის წინააღმდეგ. ასეთი პრაქტიკა ქვეყანაში არის. ქვემო ქართლში, ჯავახეთსა და აჭარაში ყოველთვის, კომუნისტებიდან მოყოლებული, სახელისუფლებო პარტია მის წინააღმდეგ მიცემულ ხმებს თავის მანდატებად აქცევდა. ეს არის მხდალი ხელისუფლების დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის მიმართ.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციის კრიტიკა მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანისთვის, რომელიც აცხადებს, რომ რაიმე ალტერნატიული პროექტი მას არ უნახავს:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] "მე შევთავაზე ოპოზიციას, რომ მზად ვიყავი მომესმინა ყველა წინადადებისთვის, როგორც მაჟორიტართა რაოდენობასთან დაკავშირებით, ასევე არჩევის წესთან დაკავშირებით. მოდელი, რომელიც დავწერე, გულისხმობდა იმგვარ სისტემას, როგორიც არის თბილისში, რომ პარტია წარადგენს მაჟორიტარების რაოდენობას, მაგრამ აქაც ვთქვი, ჩვენ გვინდოდა, რომ ამ საკითხებზე ყოფილიყო დისკუსია. ნუ, დისკუსიის ნაცვლად ყოველთვის ვაწყდებით შეურაცხყოფებს.” (სტილი დაცულია)

საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტის თანახმად, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის უფლება ექნებათ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს. ანალოგიური უფლებით კი ვეღარ ისარგებლებენ საინიციატივო ჯგუფები. წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა ორჯერ უნდა აღემატებოდეს ოლქებისთვის განკუთვნილი მანდატების რაოდენობას.

სიის პირველ ნაწილში ჩამოთვლილი კანდიდატებისგან განსხვავებით, მეორე ნაწილის წარმომადგენლები ერთგვარად რეზერვისტების სტატუსს მიიღებენ, რაც შუალედური არჩევნების ინსტიტუტს გააუქმებს. პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევის ამ მეტ-ნაკლებად გასაგები მომავალი წესისგან განსხვავებით, ჯერჯერობით გაურკვეველია თვითმმარველობის არჩევნების პრინციპი, რადგან თავად თვითმმართველობის კანონპროექტის განხილვა ახლახან დაიწყო. საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, ისევე როგორც ქართული თვითმმართველობის მომავალ მოდელს, ამჟამად ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტები სწავლობენ და დასკვნას ნოემბრის ბოლოს გამოაქვეყნებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG