Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვლილი კვირის გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ პარლამენტში ვანო მერაბიშვილის სტუმრობას


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პრესა თუ რაიმე თემას გაბმულად ამუშავებდა, ეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა იყო.

ვანო მერაბიშვილისა და დეპუტატების კითხვა-პასუხმა, შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოდ ჩაიარა. არადა, გაზეთი “რეზონანსი”, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ხსნიან და მის ადგილას ვინმე ოთარ გოგოძეს ნიშნავენ. ამდენად, თქვენს ყურადღებას დიდხანს არ დავაყოვნებ ამ მოვლენის წინა და შემდგომ გაშუქებაზე და სხვა პრობლემების შესახებ მოგითხრობთ.

ხელისუფლების შიგნით ძალთა განლაგებაზე პრესაში ინფორმაცია იშვიათად იბეჭდება. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ხელისუფლებას აქცენტები გადააქვს, ძირითადად, ოპოზიციასთან დაპირისპირებაზე და ხაზს უსვამს ერთიანობას თავის შიგნით. მაგრამ გაზეთი “ალია” ცდილობს, შენიშნოს ბზარები ამ ერთიანობაში და მოგვითხრობს პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დეტალებს. კონტექსტი კი ასეთია: მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა და მისმა თავმჯდომარემ სასურველზე მეტი ძალა აჩვენა, როცა საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენებას მიაღწია. “პარლამენტს ისიც შეახსენეს, რომ კანცელარია არავის მოხსნას არ აპირებდა, - წერს “ალია”. - კანცელარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მესიჯს პარტიული მებრძოლები ასე კითხულობდნენ: ჩვენ გვითხრეს, რომ ნინო ბურჯანაძე დამოუკიდებელ თამაშს იწყებს, თქვენ ეს უნდა იცოდეთ და თქვენი როლი შეასრულეთ, აქეთ-იქით ნუ იყურებითო.”

“რეზონანსი” წამოჭრის გვამ-დონორების საკითხს და წერს, რომ ერთმა გარდაცვლილმა შეიძლება 5-6 ადამიანი გადაარჩინოს. საქართველოში გვამ დონორისაგან მიღებულ ორგანოთა გადანერგვის ოპერაცია 1977 წლის შემდეგ არ გაუკეთებიათ. სადღეისოდ ქვეყანაში ტრანსპლანტაციის 63 ოპერაციაა გაკეთებული და ყველა შემთხვევაში დონორობა პაციენტებს ნათესავებმა გაუწიეს. მოსახლეობის მენტალიტეტი ჯერ მზად არ არის იმისათვის, რომ გარდაცვლილი ახლობლების ორგანოები სხვების სიცოცხლის გადასარჩენად გაიღონ, - ვკითხულობთ “რეზონანსში”. გაზეთი ამ საკითხისადმი უცხოური კანონმდებლობის მიდგომებსაც აღწერს: ერთ შემთხვევაში ადამიანი დონორობაზე ღიად აცხადებს თანხმობას, მეორე შემთხვევაში კი გარდაცვლილი თავისთავად უკვე დონორად იგულისხმება, თუ მისმა ახლობელმა უარი არ განაცხადა. “რეზონანსის” მიხედვით, გარდაცვლილის დონორად გამოყენებას კატეგორიულად არც მართლმადიდებელი ეკლესია ეწინააღმდეგება.

ალბათ, უკვე გსმენიათ, რომ თბილისის მთავრობა განიზრახავს, სასტუმრო “აჭარის” წინ 36 სართულიანი შენობა აიგოს. გაზეთი “24 საათი” პუბლიკაციაში “მიწის ზემოთ და მიწის ქვემოთ” ცდილობს წინ წამოსწიოს ამ ინიციატივის პოზიტიური ასპექტები, თუმცა კრიტიკოსთა შენიშვნებიც მოჰყავს. მათგან მთავარი ისაა, რომ თბილისის ერთ ყველაზე გადატვირთულ მოედანზე 36 სართულიანი შენობა მოძრაობას შეაფერხებს. საპირისპირო არგუმენტი კი ასეთია: აქაურობის მომავალ მუშტრებს, შეძლებულ ადამიანებს, ფართო ქუჩა თუ გამართული კომუნიკაციები. ანუ გაზეთი ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ შენობა პრობლემებს არ შექმნის.

ახლა შაბათის, 12 ნოემბრის, პრესის დროც დადგა. “ხვალინდელი დღე” მკითხველს აუწყებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი კრიტიკულად მოეკიდა საქართველოს მიერ ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სულ ასეთი ვალდებულება ოცდაცამეტია. საქართველოს თითქმის არაფერი შეუსრულებია, რამდენიმე კონვენციასთან მიერთების გარდა. შენიშვნების კასკადი არჩევნებს, თვითმმართველობას, სასამართლოს შეეხო. იყო პოზიტიური შეფასებებიც, კერძოდ, კომიტეტის წევრები ასე მოეკიდნენ სამხრეთ ოსეთისათვის გამიზნულ სამშვიდობო პროგრამას და რესტიტუციის კანონპროექტს, რომელიც კონფლიქტის დროს დაზარალებულებს უფლებებს აღუდგენს და სოციალურ გარანტიებს დაუწესებს.

12 ნოემბრის “ალია” წინასწარ წერს საქართველოს სახალხო დამცველის ექვსთვიან ანგარიშზე, რომლითაც სოზარ სუბარი პარლამენტის წინაშე უნდა წარდგეს. მოხსენება გავსებულია მაღალჩინოსანთა კანონდარღვევებით, – ამტკიცებს “ალია” და ჩამოთვლის სფეროებსა თუ უწყებებს, სადაც ადამიანის უფლებებს ხშირად არღვევენ. ესაა: თბილისის პოლიციის სამმართველო (141 ფაქტი ბოლო 6 თვეში); სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, რომლის უფროსიც, დავით კოდუა, ადამიანებს სცემს; ფინანსური პოლიცია; საბაჟო, სადაც იმპორტიორთა უფლებები ირღვევა; საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია; მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო. “ალიას” მოჰყავს რამდენიმე ფაქტი ამ დარღვევათა საილუსტრაციოდ.

დაბოლოს, “რეზონანსი”, რომელიც წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ქართველები ყველაზე მწეველი ერია და თამბაქოს წევისაგან გამოწვეული დაავადებებით საქართველოში ყოველდღიურად 31 ადამიანი კვდება. ქვეყანაში მცხოვრებ მამაკაცთა 42 და ქალთა 28 პროცენტი სიგარეტს ეწევა. ამ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოში უხარისხო და ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიში თამბაქო შემოდის, რომელსაც საჭირო აპარატურის არარსებობის გამო ვერ ამოწმებენ.
XS
SM
MD
LG