Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2005 წლის იანვარში რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ


2005 წლის იანვარში რადიო “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზურაბ წერეთელმა გატაცებით ისაუბრა ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობაზე და გაიხსენა გიორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილი ძეგლი, რომელიც ქართველებმა 1991 წელს ააფეთქეს. “მაგრამ მე აღვადგენ ამ ძეგლს, გპირდებით, ყირაზე დავდგები და აღვადგენ”...– პირობა მისცა ზურაბ კონსტანტინოვიჩმა რუსული რადიოს კორესპონდენტ ქალბატონს, მერე კი დაუმატა: ის ხალხი, ვინც ძეგლი ააფეთქა, უკვე დასჯილია - ეს ხალხი ღმერთმა დასაჯაო.

ზურაბ წერეთელი, რომელმაც თავიდან საბჭოთა საელჩოების მხატვრული გაფორმებით გაითქვა სახელი და იმას მიაღწია, რომ რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი გახდა, დღეს უკვე ღმერთის სახელით ლაპარაკობს. “კიტჩის მეფედ”, “კიტჩის გენიოსად” მონათლული მხატვარი მშვენივრად მოერგო იმ როლს, რომელიც ხალხმა ანეკდოტებში შეურჩია. “ეს გზა ტაძრისკენ მიგვიყვანს?”, “არა, ეს გზა მხოლოდ ზურაბ წერეთელთან მიგვიყვანს”.

წერეთელი ამბობს, რომ არ აინტერესებს, რას ამბობენ მისი კრიტიკოსები, რადგან თავის დროზე ფრანგებმა ეიფელის კოშკიც დაიწუნეს, მოვა დრო და შეეჩვევიანო.

“ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტთან საუბარში ერთი მოსკოველი ქალი ამბობს, წერეთელი მართალია, შევეჩვიეთ... ესაა “სტოკჰოლმის სინდრომი”: როცა სულ ცრის, ბოლოს და ბოლოს, წვიმას ეჩვევი და სხვანაირი ამინდი ვერ წარმოგიდგენიაო.

[ანსამბლი “ბადენს ლამბაკი”]

მაგრამ წვიმას, მოგეხსენებათ, მეხის გავარდნაც ახლავს ხოლმე. როცა ცა ჭექს და გრიალებს, ადამიანებს ეღვიძებათ და ფიქრს იწყებენ.

ფიქრის უნარი აღმოაჩნდათ, მაგალითად, ამერიკელებს, ჯერსისიტის მცხოვრებლებს, რომლებმაც 2004 წლის ივლისში შტატის ხელისუფლებას წერილი გაუგზავნეს თხოვნით, არ დაიდგას მათ ქალაქში ზურაბ წერეთლის ქანდაკება, რომელიც რუსმა მოქანდაკემ (ამერიკელები წერეთელს “რუს მოქანდაკეს” უწოდებენ) 11 სექტემბრის მსხვერპლთ მიუძღვნა. დენიელ ლევინი, ჯერსისიტის მოქალაქეთა ასოციაციის პრეზიდენტი აღნიშნავდა, ჩვენ გაოგნებულები ვართ - არ მინდა აუგად მოვიხსენიო რუსეთის ხელისუფლების ეს ძღვენი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მათ, უბრალოდ, უხარიათ, ეს ქანდაკება რომ მოიშორესო.

საპროტესტო წერილის ავტორები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ არაფერი ჰითხა ხელოვნებათმცოდნეებს და ასე, დაუკითხავად, გადაწყვიტა წერეთლის ქანდაკების დადგმა.

შტატის ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადამიანთა ამ ჯგუფის თხოვნა: “კიტჩის გენიოსის” ძღვენი რუსებს უკან დაუბრუნეს.

მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლებიც კი, ოდესღაც “უმცირესობების უფლებებს” რომ იცავდნენ, ადამიანთა “მცირე ჯგუფების” - მათ შორის, სპეციალისტების - მოთხოვნებს დღეს, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ირონიით უყურებენ:

[გიგა ბოკერიას ხმა] “საზოგადოებაში ვის გულისხმობთ? თუკი თქვენ გულისხმობთ ძალიან პატარა ჯგუფს ადამიანების, რომლებსაც მუდმივად, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ან მათ მემკვიდრეებს, აქვთ პრეტენზია, რომ ელიტას წარმოადგენენ და მათი კეთილგანწყობის გარეშე არაფერი არ უნდა კეთდებოდეს, ამას ვუყურებ სკეპტიკურად და ირონიით.”(სტილი დაცულია)

ასეთი იყო გიგა ბოკერიას პასუხი ტელეკომპანია “იმედის” კორესპონდენტის კითხვაზე, რას ფიქრობს ხელისუფლება საპროტესტო აქციაზე, რომელიც გასული კვირის დასაწყისში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. იყო დრო, როცა დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს აქ, თავისუფლების მოედანზე, არათუ აზრს ეკითხებოდა, სიტყვასაც აძლევდა მრავალათასიან მიტინგებზე. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. ამინდის გარდა. წმინდა გიორგის წერეთლისეული ვერსიის მოწინააღმდეგეებს - მათ შორის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძეს - ისევ წვიმაში მოუხდათ დგომა.


[ლაშა ბაქრაძის ხმა] “ ეს ავტორიტარული აზროვნების ის ჩუმი სიმბოლოა, რომელიც ამ ქვეყანაში ნელ-ნელა მყარდება...როცა ადამიანს მოაფიქრდება მსგავსი ძეგლის დადგმა, ე.ი. იგი არ არის დემოკრატიულად განწყობილი და ავტორიტარულად ფიქრობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ფროიდისტული მეთოდით მივუდგეთ ამას, მაგრამ ჩემთვის ამ ძეგლის დადგმა ნიშანდობლივია სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით.”

მაგრამ ფროიდისტული მეთოდი “პოლიტიკურ თვალსაზრისს” სულაც არ გამორიცხავს. 2003 წელს გაზეთ “იზვესტიას” კორესპონდენტთან საუბარში ზურაბ წერეთელმა განაცხადა: “ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება ლუჟკოვის მესამე ქანდაკება. უნდა დამესიზმროს. ლუჟკოვი სიზმარში გამომეცხადება ხოლმეო.”

მაგრამ წერეთელი სიზმარში მხოლოდ ლუჟკოვს როდი ხედავს. თავის დროზე “ვაშინგტონ პოსტმა” შენიშნა, რომ წერეთლის სკულპტურული პორტრეტი “ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია” ძალიან ჰგავს ვლადიმირ პუტინს. თუმცა მხატვარს მხოლოდ თანამედროვე ადამიანის სახე არ იტაცებს. წერეთელს ისტორია - განსაკუთრებით რუსეთის ისტორია - უყვარს. ცოტა ხნის წინ მან სიამოვნებით დაათვალიერებინა რადიო “მაიაკის” კორესპონდენტს მოსკოვის მეტროს ახალი სადგური “გამარჯვების პარკი”, რომელსაც წერეთლის კომპოზიციები ამშვენებს.


[“მაიაკის” რეპორტაჟი. ზურაბ წერეთლის ხმა]”კუტუზოვი, ბაგრატიონი, ქვევით - ნაპოლეონის ხმალი...ან კიდევ აქ – 45 წელი, “გამარჯვება”, მინდოდა გამომეხატა როგორც დიდი თაიგული – იღიმება ხალხი, გახარებულია. მესამე კედელი არ დარჩა, თორემ კულიკოვოს ბრძოლასაც გამოვხატავდი იმის აღსანიშნავად, რომ ჩვენი გამარჯვებები იწყება კულიკოვოს ბრძოლით და სრულდება 45 წელს.”

1945 წელს გამარჯვებები “სრულდება” აქ, მოსკოვის მეტროში... თორემ წერეთლის შემოქმედებაში გამარჯვების თემა კვლავაც უსასრულოდ გრძელდება. რუსი ხალხის ახალი გამარჯვების თავისებური სიმბოლოა, მაგალითად, კადიროვის ძეგლი გროზნოში, შესრულებული ეგრეთ წოდებული “ოპტიმისტური ტრაგედიის” ჟანრში. წმინდა გიორგის სკულპტურას, რომელიც ამიერიდან თავისუფლების მოედანს დაამშვენებს, საქართველოს ახალი ხელისუფლებაც აფხაზეთში მომავალი გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვამს. თუმცა არ აკონკრეტებს, ვინაა გველეშაპი, ვის უნდა მოუგოს – თავის მოქალაქეებს, ე.ი. აფხაზებს? თუ - იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც სკულპტურის ავტორი, ზურაბ წერეთელი, ძეგლებს უდგამს?

[ილია გლაზუნოვის ხმა] “ხალხი კითხულობს, ზედმეტი ბილეთი ხომ არა გაქვთო? არადა, ყველგან ცარიელ დარბაზებს ვხედავთ. გული გიწუხდება, როცა ორი ბებრუცუნა ქალი დირიჟორს შესცქერის, დარბაზი კი ცარიელია... ხალხი, დემოსი წყვეტს ყველაფერს. ასე იყო ყოველთვის, რადგან დემოსი – ეს თქვენ ხართ, მე ვარ, ჩვენ ყველანი ვართ.”

ასეთი შთაბეჭდილება დარჩა ზურაბ წერეთლის პერსონალურ გამოფენაზე ილია გლაზუნოვს...იმ გლაზუნოვს, ბრეჟნევის პორტრეტებს რომ ქმნიდა შთაგონებით და, წერეთლისა არ იყოს, არაერთი ანეკდოტის პერსონაჟი რომ გახდა რუსეთში. გიგა ბოკერიას მსგავსად, გლაზუნოვი უმცირესობას “ბებრუცუნა ქალებად” აღიქვამს... არადა, თავის დროზე სტალინმაც კი ჰკითხა პასტერნაკს, არის თუ არა მართლა მანდელშტამი კარგი პოეტი, კენედიმ იკითხა, რატომაა ბეჟარი დიდი ქორეოგრაფიო.

[წერილის ტექსტი]: “მოსკოველებს ძალიან გვაღელვებს თქვენი მოღვაწეობა ჩვენს ქალაქში... პატივი ეცით იმ ხალხს, ვისაც ყოველდღიურად, თქვენი ნამუშევრების ცქერით, ცხოვრების ხალისი ეკარგება. გემუდარებით, ზურაბ კონსტანტინოვიჩ, ძალიან მოგვბეზრდა თქვენი ბრინჯაოს ურჩხულები.”

ამ წერილს სულ რამდენიმე ადამიანი აწერს ხელს. ეს ხალხი წინააღმდეგი იყო იოსიფ ბროდსკის ძეგლის დადგმისა, ზურაბ წერეთლის ინტერპრეტაციით, და თქვენ წარმოიდგინეთ მიზანს მიაღწია. უმცირესობის აზრი რუსეთშიც გაითვალისწინეს და წერეთელს დიდი პოეტის ქანდაკება არ დაადგმევინეს.

ამის შემდეგ რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტმა (რომელიც ამ პოსტზე 8 წლით, ე.ი. 2012 წლამდე აირჩიეს) ისტორიული სამშობლო გაიხსენა: ბროდსკი არა, მაგრამ წმინდა გიორგი გამოუგზავნა თანამემამულეებს – ვიღაცისთვის “ვარდების რევოლუციის” და ვიღაცისთვის ქვეყნის გამთლიანების, აფხაზეთში მომავალი გამარჯვების სიმბოლო. ლაშა ბაქრაძეს შევახსენებთ, რომ, შესაძლებელია, რუსეთის სახელისუფლო წრეებში გავლენიანი ადამიანის ეს სკულპტურა პოლიტიკურ გარიგებას ასახავდეს.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] “აფხაზეთს თუ დაგვიბრუნებს ეს ძეგლი... შეიძლება ვიფიქროთ. შეიძლება ცოტა ხნით დავდგათ და მერე მოვხსნათ...”

ძეგლების “ცოტა ხნით დადგმას”, მერე კი მათ მოხსნას თავის დროზე ეიზენშტეინმა შედევრი მიუძღვნა – ფილმი “ოქტომბერი”. ძეგლების დადგმისა და განადგურების ვნება ოთარ იოსელიანმაც ასახა “მთვარის ფავორიტებში”. დედაქალაქის კულტურული ცხოვრება დღეს ამ ფილმების “ციტატად” იქცა. გუშინ დავით აღმაშენებელს გურამ შარაძე და თემურ შაშიაშვილი იცავდნენ, დღეს წერეთლის წმინდა გიორგის გამოუჩნდა დამცველი. საეჭვოა მხოლოდ ხვალ, ხელისუფლება თუ შეიცვალა, გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ ისეთივე შემართებით უდარაჯონ წერეთლის ძეგლს, როგორც შარაძე და შაშიაშვილი იცავდნენ “აღმაშენებელს”... თუმცა რატომ ხვალ? “კიტჩის გენიოსად” მონათლული ოსტატის ქანდაკება პრეზიდენტის ახალ არჩევნებამდე აუცილებლად დარჩება თავისუფლების მოედანზე. თუკი წვიმაში მეხი არ გავარდა, რა თქმა უნდა.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG