Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ოფიცრის სენსაციური აღსარება უკრაინული ტექნიკა ბრძოლისუნარიანი და ვარგისი იყო


პარასკევს, 11 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ზურაბ ნოღაიდელი ერთდღიანი ვიზიტით კიევში გაემგზავრა. დაუგეგმავი ვიზიტის პროგრამის ოფიციალურ ვერსიაში არაფერია თქმული მოულოდნელი ვიზიტის რეალურ მიზანზე. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელს უნდა დაემშვიდებინა უკრაინის პოლიტიკური ელიტა, რომელიც უკიდურესად შეაშფოთა “უხარისხო უკრაინული იარაღის” თაობაზე საქართველოში ატეხილმა სკანდალმა. შესაძლოა, ამიტომაც პრემიერ-მინისტრთან ერთად კიევში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც გაფრინდა. ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი კიევს გაემგზავრნენ, რადიო “თავისუფლებას” ესტუმრა და სენსაციური განცხადება გააკეთა ქართველმა ოფიცერმა, თემურ ბოჭორიშვილმა, რომელიც უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას უკრაინული საბრძოლო ტექნიკის შემოწმებაში. ოფიცერი ადასტურებს, რომ ტექნიკა უკრაინის ქარხანაში მიღების დროს გამართული იყო და რომ იგი საქართველოში არასწორი ექსპლუატაციის დროს გამოვიდა მწყობრიდან.


შეგახსენებთ, რომ თვე-ნახევრის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციამ დააპატიმრა თავდაცვის სამინისტროს სამი მაღალჩინოსანი, რომლებსაც, გამოძიების ვერსიით, რასაც სამხედრო უწყებაც ეთანხმება, ერთი წლის წინ უკრაინიდან შემოიტანეს 40-მდე უვარგისი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. ამ ჯგუფში, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში სამსახურებრივი მივლინებით უკრაინის ქალაქ ჟიტომირში იმყოფებოდა და საბრძოლო ქვეითი მანქანების შემოწმებას ატარებდა, ჩართული იყო ლეიტენანტი თემურ ბოჭორიშვილი. პარასკევს თემური რადიო “თავისუფლებას” ესტუმრა და განაცხადა, რომ უკრაინული საბრძოლო ტექნიკა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდა.

[თემურ ბოჭორიშვილის ხმა]

უფროსმა ლეიტენანტმა თემურ ბოჭორიშვილმა თავდაცვის ეროვნული აკადემია 2002 წელს დაამთავრა და მას შემდეგ ცალკეული ჯავშანსატანკო ბატალიონის მექანიზებული ასეულის ოცმეთაურად მუშაობდა. ნოემბერ-დეკემბერში უკრაინაში ჯავშანსატანკო საბრძოლო მანქანების მიღების შემდეგ, უფროსი ლეიტენანტი თემურ ბოჭორიშვილი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ორი თვის წინ კიდევ გაგზავნა კიევში საბრძოლო ტექნიკის ჩამოსატანად. თემური მთელი ორი თვის განმავლობაში თავს იკავებდა პრესასთან ურთიერთობისაგან, თუმცა მაშინ არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ათი თვის წინ უკრაინისაგან მიღებული საბრძოლო ტექნიკა სწორედ საქართველოში გამოვიდა მწყობრიდან.

[თემურ ბოჭორიშვილის ხმა]

არაპროფესიონალიზმისა და პროფესიონალიზმის თემას უფროსი ლეიტენანტი თემურ ბოჭორიშვილი ინტერვიუს დროს რამდენჯერმე მიუბრუნდა. მისი თქმით, ლოგისტიკის ყოფილი სარდალი პოლკოვნიკი მამუკა ლომსაძე, მისი მოადგილე დავით ნატროშვილი და ბესარიონ ბუქვაიძე, რომელსაც პროკურატურამ, სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, უმაღლესი დონის პროფესიონალები იყვნენ.

[თემურ ბოჭორიშვილის ხმა]


უფროსმა ლეიტენანტმა თემურ ბოჭორიშვილმა ეს შეფასება ორი თვის წინ პროკურატურის გამომძიებლებსაც გააცნო, შემდეგ კი ტექნიკის მორიგი პარტიის მისაღებად უკრაინაში გაემგზავრა. ოფიცერს იმედი ჰქონდა, რომ ამ ხნის განმავლობაში სიმართლე გაირკვეოდა და უდანაშაულოდ პასუხისგებაში მიცემულ ოფიცრებს საპატიმროებიდან გაათავისუფლებდნენ, მაგრამ მართლმსაჯულების იმედი ლეიტენანტ თემურ ბოჭორიშვილს აღარა აქვს. ამიტომ მან გადაწყვიტა უარი ეთქვა ოფიცრობის კარიერაზე და პირველი საჯარო განცხადება ამის შესახებ რადიო “თავისუფლებით” გაეკეთებინა.

[თემურ ბოჭორიშვილის ხმა]

ლეიტენანტ თემურ ბოჭორიშვილისთვის იოლი არ იყო უარი ეთქვა ოფიცრის კარიერაზე, რომლისთვისაც ის ბავშვობიდანვე ემზადებოდა, მაგრამ იგი არჩევანის წინაშე დადგა: ან სიმართლის თქმა და ღირსების შენარჩუნება, ან ღირსების გარეშე სამხედრო კარიერის გაგრძელება. უფროსმა ლეიტენატმა თემურ ბოჭორიშვილმა ეს არჩევანი ღირსებისა და სიმართლის სასარგებლოდ გააკეთა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG