Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკაში არცთუ იშვიათად წარმოგიდგენთ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ასპექტით ეხება პოლიტიკას.


დავით პაიჭაძე, თბილისი ბიბლიოთეკაში არცთუ იშვიათად წარმოგიდგენთ წიგნებს, რომლებიც სხვადასხვა ასპექტით ეხება პოლიტიკას. დღევანდელი საუბრის საგანი, ამერიკელი ავტორის,

რობერტ პატნემის, წიგნი “როგორ ვამუშაოთ დემოკრატია”, ორიოდ კვირის წინ დაიბეჭდა ქართულ ენაზე. ის რომ შემოდგომაზე გამოვიდოდა, მსმენელს ზაფხულში ვაცნობეთ, როცა ბიბლიოთეკაში გამომცემლობა “ლოგოს-პრესის” საქმიანობაზე მოგითხრობდით. წიგნი თარგმნა ევროპის საბჭოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, თუმცა პატნემის გადმოქართულება მან წლების წინ, სამოქალაქო სექტორში მუშაობისას, დაიწყო და, როგორც “ბიობლიოთეკის” ავტორს, დავით პაიჭაძეს, უთხრა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასე ახლოს შეეხებოდა წიგნში წამოჭრილ პრობლემებს. რობერტ პატნემის “როგორ ვამუშაოთ დემოკრატია” მოგვითხრობს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და განვითარებაზე იტალიაში. თუმცა ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ წიგნი სამაგალითოა საქართველოსთვისაც.

“როგორ ვამუშაოთ დემოკრატია: სამოქალაქო ტრადიციები თანამედროვე იტალიაში” სამეცნიერო ნაშრომია. ამთავითვე შეიძლება ითქვას: თარგმანი ისეთი ქართულით არის შესრულებული, რომელიც ადეკვატურად გაგრძნობინებთ ორიგინალის სიღრმეს და მრავლისმომცველობას, თუ, ცხადია, ასეთი ლიტერატურა გაინტერესებთ. თავად ავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პატნემი, წერს, რომ წიგნის მიზანია დაგვეხმაროს, უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებენ დემოკრატიული ინსტიტუტები: ისევე ვითარდებიან თუ არა ახალ გარემოში გადანერგვის შემდეგ, როგორც მათთვის ჩვეულ გარემოში ვითარდებოდნენ; დემოკრატიის ხარისხი მოქალაქეთა მოქალაქეობრივი შეგნების ხარისხზე ხომ არ არის დამოკიდებული, ანუ ყოველი ხალხი იმ მთავრობას ხომ არ იმსახურებს, რომელიც ჰყავს? მიზანი თეორიულია, მეთოდი ემპირიული: ავტორი გვთავაზობს, ვნახოთ, რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ ინსტიტუციური რეფორმის უნიკალური ექსპერიმენტიდან, რომელიც იტალიის რეგიონებში 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაგრამ მკითხველს ნუ ეგონება, რომ მხოლოდ გასული საუკუნის ბოლო სამი ათწლეულის რეალიებთან - ფაქტებთან, რიცხვებთან, ტენდეციათა ამსახველ დიაგრამებთან მოუწევს შეხვედრა: წიგნი თამაშის თეორიებსაც ეხება და შუა საუკუნეების ყოფისა და მმართველობის გამოცდილებას ახლებურად იაზრებს. ჩემთან საუბრისას დავით დარჩიაშვილმა, “ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, აღნიშნა (წიგნი სწორედ ფონდის შემწეობით ითარგმნა და გამოიცა):

[დარჩიაშვილის ხმა] “გარკვეული ნიჰილიზმი აკადემიური შრომებისადმი არსებობს. რაღაც შრომები იწერება, მაინცდამაინც დიდი ღირებულება არა აქვს და თაროებზე იმტვერება. მაგრამ არის წიგნები, რომელთათვის ღირს, რომ აკადემიური წრეები არსებობდნენ და ერთი ასეთი წიგნია პატნემის “როგორ ვამუშაოთ დემოკრატია”. საქართველოსთვის რომ დროულია, შესაფერისია, მისი პოლიტიკური ელიტისთვის რომ უდავოდ საინტერესო უნდა იყოს, ამაში ეჭვი არ მეპარება. მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა დღესვე დაიწყებს ამის კითხვას, მაგრამ ვისი იმედიც გვაქვს, რომ რეფორმები უნდა მიდიოდეს სწორხაზოვნად და ეფექტიანად როგორც პოლიტიკური ელიტიდან, სახელმწიფო მოხელეების წრიდან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, მათ ნამდვილად დაეხმარება ეს წიგნი.”

სახელმწიფო კანცელარიის უფროსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ პატნემის წიგნი მისი გამოსვლისთანავე, ათი წლის წინათ, წაიკითხა და დღემდე აღუმატებელ მნიშვნელობას ანიჭებს. გასული საუკუნის 70-იანი წლების იტალია, როცა რობერტ პატნემმა მისი შესწავლა დაიწყო, ძირეულად განსხვავებული ქვეყანაა 90-ანი წლების იტალიისაგან, როცა ეს სამუშაო დასრულდა. პეტრე მამრაძის აზრით, წიგნი ღირებულია, როგორც დემოკრატიულ ინსტიტუტთა განვითარების გამოცდილება და როგორც მანამდე უპრეცედენტო სამეცნიერო კვლევა. მისი თქმით, პატნემი გამოყოფს დემოკრატიული განვითარების 12 ინდიკატორს. მათგან მთავარია ადგილობრივი ბიუჯეტების საკითხი:

[მამრაძის ხმა] “რა პროცენტულობით შედის საერთო თანხა ადგილობრივ ბიუჯეტებში, რას განკარგავს და რისთვის ხარჯავს ამ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორ და ვინ იღებს გადაწყვეტილებას. როცა ეს დადის პირველად უჯრედებზე, იქნება ეს თემი თუ სხვა და მათაც კი აქვთ გადაწყვეტილების მიღებისა და ფულის ხარჯვის უფლება, ეს სულ სხვაა. მილტონ ფრიდმანის მაგალითია: ფულს ან თვითონ ადამიანი ხარჯავს თავის თავზე, ან ადამიანი სხვაზე ხარჯავს, ან სხვა ხარჯავს სხვის ფულს თავის თავზე ან სხვა ხარჯავს სხვის ფულს სხვაზე. ოთხი ვარიანტია სულ. აქედან ყველაზე არაეფექტიანი და აპრიორი კორუმპირებულია, როცა ადამიანები ხარჯავენ სხვის ფულს სხვისთვის, ანუ ბიუროკრატი განკარგავს ბიუჯეტში შემოსულ თანხას ვიღაცებისთვის, ვინც თვალით არ უნახავს. კორუფცია რომც არ იყოს, ეს არის უაღრესად არაეფექტიანი.”

პეტრე მამრაძეს არ სურს, წიგნი პესიმისტურად მიიჩნიონ, რადგან ის ასაბუთებს, რომ თუ არ არის საკმარისი კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება, მარტო პოლიტიკური ნება ზევიდან ვერ წყვეტს დემოკრატიული განვითარების საკითხს. წიგნის მთარგმნელი კი ავტორს იმოწმებს და ამბობს, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში თუ რამ დანერგავს მაღალ სამოქალაქო კულტურას და გააჩენს დიდ სოციალურ კაპიტალს, ესაა სწორედ ნამდვილი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია. იტალიაში 1970 წელს რეგიონული მთავრობების შექმნას მოქალაქეებმა დიდი იმედები დაუკავშირეს და მათი გაცრუებაც იწვნიეს. მაგრამ, საბოლოოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში, 20 და ახლა უკვე 35 წლის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ მოქალაქეებისათვის რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობის დაკისრებამ არსებითი ცვლილებები გამოიწვია მათ პოლიტიკურ ქცევაში. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ოდესმე იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც.

[ჭიაბერაშვილის ხმა] “ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდისაკენ. რა თქმა უნდა, როცა პასუხისმგებლობას მოქალაქესთან ჩავიტანთ, ბუნებრივია, უნდა ველოდოთ, რომ ამან შეიძლება მმართველობის გაუარესებაც გამოიწვიოს. მაგრამ წიგნი ამბობს, რომ იწვნევენ მოქალაქეები თავის თავზე მმართველობის გაუარესებას და საკუთარ დასკვნებსაც გამოიტანენ. ზოგჯერ არც დასკვნები გამოაქვთ, მაგრამ დემოკრატიული პროცედურების დაცვა აუცილებელია იმისათვის, რომ საზოგადოებამ თანდათან თავის შიგნით დაამკვიდროს ლიბერალური ღირებულებები, რომელზეც იგება თანამედროვე დასავლური ლიბერალური დემოკრატია.”

ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის მერი იყო და, ბუნებრივია, უნდა იცოდეს, რამდენად დასთრევს ქალაქსაც და ქვეყანასაც არაეფექტიანი, თითქმის უუფლებო თვითმმართველობის სიმძიმე. მაგრამ ჩემს შეკითხვას ჭიაბერაშვილი უპასუხებს არა როგორც ყოფილი მერი, არამედ როგორც მოქმედი დიპლომატი:

[ჭიაბერაშვილის ხმა] საკითხი დგას ასე: გაბედავს თუ არა ჩვენი ხელისუფლება, თუნდაც გარკვეული პერიოდით, წავიდეს ადგილობრივი მმართველობისა და მოქალაქეთა მომსახურების გაუარესებაზე იმის სანაცვლოდ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მომსახურება გაუმჯობესდება? ეს გაბედულებისა და პოლიტიკური ნების საკითხია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არა აქვს. მე ვფიქრობ, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევუდგეთ და ვიაროთ დეცენტრალიზაციის გზით. ამას ალტერნატივა არა აქვს. ამას ამბობს ევროპული გამოცდილება და ესაა ხელისუფლების გამოკვეთილი ნებაც.”(სტილი დაცულია)

დღევანდელი თაობა, კარგი გაგებით, განწირულია საიმისოდ, რომ დემოკრატიის შენების მოდუსში იცხოვროს. ლიბერალური დემოკრატიის ყველა სიკეთით ჩვენ ვერ ვისარგებლებთ, მაგრამ არაერთ პოზიტიურ შედეგს მოვესწრებით, ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი. ზოგი იმედით ეკიდება ამ პერსპექტივას, ზოგსაც ეეჭვება. ცხადი ერთი რამაა: ზურაბ ჭიაბერაშვილმა თარგმნა წიგნი, რომელიც არის ისტორია, გამოცდილება და თავისებური გზამკვლევი სწორედ ამ პერსპექტივის სარეალიზაციოდ.
XS
SM
MD
LG