Accessibility links

logo-print

"ლა სკალას" ფინანსური პრობლემები ემუქრება


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საოპერო თეატრის, მილანის "ლა სკალას" სამომავლო ბედი გაურკვეველია. შარშან თეატრში ძვირადღირებული რეკონსტრუქცია და რემონტი ჩატარდა.

იტალიის მთავრობა იმუქრება, რომ მომავალ წელს ერთი მესამედით შეამცირებს სახელმწიფო სუბსიდიებზე დამოკიდებული თეატრის ბიუჯეტს.

მომავალ წელს ცუდი დრო დაუდგება არა მხოლოდ ლა სკალას. ბიუჯეტის შემცირება ემუქრება ვენეციის კინოფესტივალს და რომში ახლახან გახსნილ მუსიკალურ აუდიტორიას.

სხვა "კულტურულ კერპთა" შორის, რომელთაც შეიძლება შეეხოს სუბსიდიების შემცირება, არის იტალიის დანარჩენი 12 საოპერო თეატრიც.

"ლა სკალაში" კარგა ხანია საქმე ვერ არის რიგზე. თეატრის ორკესტრთან და ხელმძღვანელობასთან გახმაურებული დაპირისპირების შემდეგ მიმდინარე წლის დამდეგს მუსიკალური დირექტორის პოსტიდან გადადგა მსოფლიოში სახელმოხვეჭილი დირიჟორი რიკარდო მუტი. მან არ ისურვა რეპერტუარში პოპის შეტანა, რაც ახალგაზრდა პუბლიკის მისაზიდად იყო გამიზნული.

"ლა სკალის" ახალი დირექტორია ფრანგი სტეფან ლისნერი, რომელიც სამშობლოში კერპად არის აღიარებული.

პარასკევს მილანში მან პირველი პრესკონფერენცია გამართა საზოგადოების წინაშე და თქვა, რომ თეატრში წესრიგისა და მორალური ატმოსფეროს აღდგენას აპირებს.

ლისნერის თქმით, თეატრს არა აქვს დავალიანება, მაგრამ, ამავე დროს, მან აღიარა, რომ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე "ლა სკალის" სუბსიდირება 38 პროცენტით შემცირდა, მაშინ, როცა ხარჯები ყოველწლიურად იზრდება.

"მილანში სამუშაოდ ჩამოვედი და არა იმისთვის, რომ გადავდგე. შეიძლება ხუთი წელი დამჭირდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი თეატრი გვექნებაო," უთხრა მან დამსწრეთ.

გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ფურორი მოახდინა, როცა თქვა, რომ ლა სკალაში ათასი შტატიანი თანამშრომელი მუშაობს.

"ეს არ არის სწორი," აცხადებს ლისნერი და აზუსტებს: "მათი რიცხვი 745-ია."

მილანში ვნებათაღელვა რომშიც იგრძნობა. კულტურის მინისტრმა როკო ბუტილიონემ დაადასტურა, რომ მართლაც დაიმუქრა გადადგომით, თუკი მთავრობა უარს არ იტყვის სუბსიდების შეკვეცაზე.

"არ მინდა ისტორიაში შევიდე როგორც ადამიანი, რომელმაც 'ლა სკალა' დახურაო", შიშობს მინისტრი.
XS
SM
MD
LG