Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ჯორჯ სოროსთან


გასული კვირის ბოლოს პრაღა წარმომადგენლობით შეხვედრას სტუმრობდა. ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართა ე.წ. მადრიდის კლუბის მეოთხე გენერალური ასამბლეა და კონფერენცია.


შეხვედრაზე კლუბის წევრები, და მოწვეული სტუმრები მსჯელობდნენ პოსტ-კომუნისტურ სამყაროში დემოკრატიის განვითარებაზე.

ფორუმის მონაწილეთა შორის იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის პრეზიდენტი, ამერიკელი ფინანსისტი და ფილანთროპი ჯორჯ სოროსი.

მასთან საუბარში პირველ რიგში იმით დავინტერესდით, როგორ აფასებს იგი ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

სოროსი: "ჩემი ფონდი საქართველოში ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ძალიან მიხარია და ვამაყობ კიდეც, რომ ეს ასეა. რადგან ღია საზოგადოებას სჭირდება ადამიანები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. ზოგადად, ხელისუფლებაში მყოფ ხალხს არ უყვარს, როცა მას აკრიტიკებენ, მაგრამ სააკაშვილი გაცილებით უფრო მეტად ამჟღავნებს კრიტიკის მიღების ან, სულ ცოტა, დისკუსიაში ჩაბმის მზადყოფნას, ვიდრე ბევრი სხვა ლიდერი. ჩემი აზრით, საქართველოში ახლა უწინდელზე გაცილებით უკეთ არის საქმე. მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რასაც, ვფიქრობ, რიგითი მოსახლეობაც ხედავს. დადებით ცვლილებებს შორის დავასახელებდი საგზაო პოლიციის თანამშრომელთა ქცევას, უნივერსიტეტის თანამშრომელთა შერჩევას დამსახურების და არა კორუფციის გზით - ესეც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. მაგრამ, მაგალითად, სასამართლო სისტემაზე როცაა ლაპარაკი, აქ ჩანს სისუსტეები. ასევე შეიძლება მთავრობის კრიტიკა იმის გამო, რომ იგი ძალზე ბევრს ხარჯავს შეიარაღებაზე.
პირადად მე ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები მოაგვაროს. საქართველოსთვისა და რუსეთისთვის საჭიროა მშვიდობიანი თანაარსებობა. მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული."

ჩვენს შეკითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბუშის ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლების დაახლოებამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ჯორჯ სოროსმა თქვა:

სოროსი: "ვფიქრობ, საქართველო დიდ დახმარებას იღებს ბუშის ადმინისტრაციისგან და, ჩემი აზრით, ეს ძალიან სასარგებლოა. თუ გავითავლისწინებთ, რომ რუსეთსაც კარგი ურთიერთობები სჭირდება შეერთებულ შტატებთან, ამან შესაძლოა შეზღუდოს საქართველოზე მისი ზეწოლის ფარგლები. ჩემის აზრით, ეს არის გეოპოლიტიკური წონასწორობა, რომელმაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს საქართველოს."

როგორ აფასებს ჯორჯ სოროსი საკუთარ როლს ვარდების რევოლუციაში?

სოროსი: "იმედი მაქვს, რომ მეც და ჩემმა ფონდმაც ღვაწლი შევიტანეთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. პრეზიდენტმა პუტინმა პირადად მე დამდო ბრალი საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. მაგრამ, თუ შეიძლება ამ სიტყვის ხმარება, ეს ნონსენსია, ვინაიდან ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, ქართველებმა გააკეთეს. არავითარი გავლენა არ მქონდა იმაზე, თუ რა პოზიცია დაიკავა სააკაშვილმა. ისე, სიამოვნებით მექნებოდა ამაზე გავლენა, ვინაიდან მაშფოთებდა სისხლისღვრის შესაძლებლობა. კაცმა რომ თქვას, მე არ გახლავართ რევოლუციების მომხრე. ჩემის აზრით, თავისთავად რევოლუცია არის წარუმატებელი რეჟიმის მანიფესტაცია. ხალხს იმდენად ბეზრდება ის, რომ მისი ჩამოგდება სურს. ესაა ინსტიტუციების წარუმატებლობა. რევოლუციით არ ხდება ამ ინსტიტუციების გამოცვლა. ინსტიტუციები ნელა უნდა ჩამოყალიბდეს. რევოლუცია დემოკრატიისთვის იძლევა მხოლოდ შანსს, და არა გარანტიას. ჩემი როლის მცდარი ინტერპრეტაციის მიზეზი კი ისაა, რომ შევარდნაძისთვის უფრო იოლია, მე დამდოს ბრალი, ვიდრე საკუთარ თავს. და პუტინისთვის უფრო იოლია საერთაშორისო შეთქმულება დაადანაშაულოს, ვიდრე აღიაროს, რომ ხალხს დემოკრატია სურს და გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ აღარ იტანს კორუმპირებულ და უვარგის მთავრობას."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG