Accessibility links

logo-print

რუსეთში საქართველოდან ბაზების გაყვანაზე დათანხმებას ნანობენ, საქართველოში კი რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობენ


რუს პოლიტიკოსებს დღემდე ვერ მოუნელებიათ ამა წლის მაისის შეთანხმება 2008 წელს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის დასრულების თაობაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმების რეალიზაცია უკვე დაწყებულია, პირობები, რაც ამ შეთანხმებით რუსეთს 2005 წელს უნდა შეესრულებინა, შესრულებულია, პროცესის შეჩერება თითქმის წარმოუდგენელია, რუსი დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი კი პროკურატურისგან ითხოვს განმარტებას შეკითხვაზე - ბაზების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმების რეალიზაციის დაწყებით არღვევენ თუ არა რუსი სამხედროები საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას. დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამხედროების მხრიდან კანონი სწორედაც, რომ დარღვეულია. არის თუ არა ასე და შეუძლია თუ არა რაიმეს შეცვლა ზატულინის მიერ წამოწყებულ ახალ კამპანიას?

კონსტანტინ ზატულინი დარწმუნებულია, რომ საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმების რეალიზაციის დაწყებით რუსი სამხედროები არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ ფედერალური კანონის მეთხუთმეტე თავს, სადაც ნათქვამია, რომ რატიფიცირებას ექვემდებარება საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის თავდაცვისუნარიანობას, განიარაღებას ან შეიარაღებაზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას. რადგან საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მაისის შეთანხმების რატიფიცირება არ მომხდარა, დუმის დეპუტატი ითხოვს რუსეთის გენერალური პროკურატურის რეაგირებას მომხდარზე. ამას გარდა მისი მოთხოვნაა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოცხადდნენ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, მათთან ერთად უშიშროების საბჭოს მდივანი და განმარტონ, რა ღონისძიებები იქნება გატარებული მომხდარი კანონდარღვევის გამოსასწორებლად.

საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის რეჟიმში მოყვანით აღშფოთებული ზატულინი საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ ფედერალური კანონის მეთხუთმეტე თავს ისე ჩაებღაუჭა, რომ კანონის მოთხოვნებზე საუბარს მიუძვნა სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც თქვა: “ბაზების საკითხზე რუსეთის ცალმხრივმა დათმობამ საქართველოს პარლამენტი მადაზე მოიყვანა და მთავრობისთვის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისთვის სათანადო ზომების გატარება მოათხოვნინაო.”

ზატულინის მორიგ გააქტიურებას თბილისში მშვიდად შეხვდნენ. აქ მიიჩნევენ, რომ რუსეთის გენერალურ პროკურატურას არ შეუძლია რუსეთ-საქართველოს შეთანხმების გადახედვა. ჩვენთან საუბრისას ზუსტად ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”პრაქტიკულად გამორიცხულია, ეს არის ტიპიური ზატულინიადა. საგარეო საქმეთა მინისტრები არიან პრეზიდენტების მიერ უფლებამოსილი პირები, ხელი მოაწერონ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და პროკურატურა არ არის უფლებამოსილი, გადახედოს ორმხრივ ხელშეკრულებას.” (სტილი დაცულია)

შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტების მიერ უფლებამოსილ პირებს შორის შედგა, ამოქმედებულია. რუსეთმა შეასრულა ვალდებულება, რაც ამ შეთანხმებით 2005 წლისთვის ჰქონდა ნაკისრი. ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებიდან გაიტანა 40 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა და საქართველოს გადმოსცა რამდენიმე სამხედრო ობიექტი. ახალქალაქის ბაზიდან მძიმე ტექნიკა მან 2006 წლის ბოლომდე უნდა გაიტანოს, 2007 წლის ბოლოსთვის აღნიშნული ბაზა უნდა დახუროს, ბათუმის სამხედრო ბაზის გაუქმება კი 2008 წლის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

ამ ყველაფრის შესახებ შეთანხმებას თავის დროზე ისტორიული ეწოდა. იყო იმედი, რომ ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაყვანას შეუწყობდა ხელს და ერთგვარად დააჩქარებდა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმებას. ამ მიმართულებით პროცესი წინ არ წასულა. საქართველოში ფიქრობენ, რომ სულაც არ არის საჩქარო მეგობრობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება მეზობელთან, რომელსაც ქვეყნის ორი ნაწილი აქვს მიტაცებული:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ჩარჩო-ხელშეკრულება აზრიანი მაშინაა, როცა რეალურად მეგობრული ურთიერობაა ქვეყნებს შორის. მაშინ, როცა ასეთი დაძაბული ვითარებაა და ასეთი სერიოზული პრობლემებია აფხაზეთსა და ცხინვალში, ეს ჩარჩო ხელშეკრულება, ცოტა არ იყოს, აზრს კარგავს.”

ეს ისევ კოტე გაბაშვილი გახლდათ. მის მიერ აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებაში მაინც იტოვებენ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გამოსწორების იმედს. ეს იმედი საქართველოს პრეზიდენტმა ახლახან რადიოსადგურ “ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამოხატა, სადაც ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოსთვის ყველაზე ადვილია დიდი პრობლემების რუსეთთან ერთად გადაჭრა.
XS
SM
MD
LG