Accessibility links

logo-print

ნატოელი ექსპერტების თვალით დანახული ქართული სამხედრო ძალები


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელს გაემგზავრა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბის უფროსთა ყოველწლიურ შეხვედრაზე.

პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ალიანსის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში IPAP-ის - ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით ნაკისრ სამხედრო ვალდებულებათა შესრულებასა და კონკრეტულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. ამ შენიშვნების ავტორი ამერიკის ევროპული სარდლობის შეფასების ჯგუფია.

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული ძალების წარმომადგენლები, საქართველოს სამხედრო უწყების თხოვნით, ყოველწლიურად ახდენენ შეიარაღებული ძალების შეფასებას და იძლევიან რეკომენდაციებს. შეფასებები, ძირითადად, ისეთივეა, როგორსაც ხშირად ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტებიც გამოთქვამენ, მაგრამ საქართველოში შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. ამერიკელი ექსპერტების დასკვნას საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა ითვალისწინებს თუ არა, ეს სხვა საკითხავია. ყოველ შემთხევევაში, 2005 წლის დასაწყისში გაკეთებულ შეფასებაში მოცემული ბევრი შენიშვნა კვლავ ძალაშია, ამბობს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი სამხედრო მრჩეველი გენერალი ვახტანგ კაპანაძე:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “როგორც ვიცი, შენიშვნები კვლავ ძალაშია და მათი უმრავლესობა გადაწყვეტილი არ არის. და კიდევ რაღაცები დაემატა. მე ახლა, უბრალოდ, დეტალურად არ ვიცი, რადგან არ გავცნობივარ ამ შეფასებას. თუმცა ზოგადად ვიცი, რომ დეტალური შეფასება იყო ჩვენი მოქმედებებისა და გეგმების.”

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო უწყება ასაიდუმლოებს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რადიო “თავისუფლებამ” მოიპოვა 2005 წლის შეფასებების დროს - ამერიკელი სპეციალისტების დროს - გაკეთებული შენიშვნების ჩამონათვალი. მასში მითითებულია, რომ საქართველოში არ არსებობს გამჭვირვალე და სრულყოფილი სამხედრო მშენებლობის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმძღვანელო გეგმა. ამერიკელი ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ბიუჯეტი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნილებებს, სუსტია სამხედრო სამედიცინო მომსახურების სისტემა, მოთხოვნებს არ უპასუხებს სანაპირო დაცვა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. ამასთან, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის თქმით, იმ დროს, როდესაც იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ედგა სათავეში, ნატოელი ექსპერტები კიდევ რამდენიმე არსებითი ხასიათის რეკომენდაციას სთავაზობდნენ საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობას:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ჩემს დროს გეგმაში ჩასმული იყო, რომ უნდა შექმნილიყო სახმელეთო ჯარების სარდლობა. იყო ორი ვარიანტი: ან უნდა გაკეთებულიყო გაერთიანებული შტაბი, სადაც საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალები წარმოდგენილი იქნებოდნენ შტაბების კომპონენტებით, ან უნდა ყოფილიყო მხოლოდ სახმელეთო ძალების სარდლობა. ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო , რადგან ყველაზე მსხვილ სახეობას არ ჰყავდა სარდლობა. და ამ დროს ჰყავდა სარდლობა ლოგისტიკას, საჰაერო ძალებს და ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

ამას გარდა, საქართველოს ოკეანისგაღმელი თუ ევროპელი მეგობრების რეკომენდაცია მეტად მარტივია: თუ ქვეყანას სურს ნატოს წევრობა, მისი ყველა სამხედრო კომპონენტი უნდა იყოს დაკომპლექტებული, უზრუნველყოფილი და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი. და რაც მთავარია, ამ რეკომენდაციებში არსად წერია ეროვნული თავდაცვის აკადემიის ერთწლიან სწავლებაზე გადაყვანა და დასავლეთში განათლებამიღებული ოფიცრების სამსახურიდან სოციალური შემწეობის გარეშე დათხოვნა, რასაც საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით ხსნის.
XS
SM
MD
LG