Accessibility links

logo-print

ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოს საკნონსტიტუციო სასამართლოში ჩივიან


ასლან აბაშიძემ და მისი ოჯახის წევრებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. საქმე ეხება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის

იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის პროცედურაა განსაზღვრული. მიიღო თუ არა სასამართლომ წარმოებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის საკონსტიტუციო სარჩელი?

[ბესარიონ ზოიძის ხმა] „დღეს განიხილება ერთი კონსტიტუციური სარჩელის, კერძოდ, ასლან აბაშიძის, გიორგი აბაშიძის, დიანა აბაშიძის, ირაკლი აბაშიძისა და მაია აბაშიძის 344-ე ნომრად რეგისტრირებული საკონსტიტუციო სარჩელის არსებითად მიღების საკითხი...“ (სტილი დაცულია)

განმწესრიგებელი სხდომის თავმჯდომარემ ბესარიონ ზოიძემ სარჩელის ჩაკითხვის შემდეგ ასლან აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები მოიკითხა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში აბაშიძეთაგან ერთიც კი არ აღმოჩნდა. მათ ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი იცავდა.

[იოსებ ბარათაშვილის ხმა] „ყურადღებას ვამახვილებთ კონსტიტუციის 21-ე მუხლთან ჩვენ მიერ დასახელებული ნორმატიული აქტების წინააღმდეგობაზე. ეს გახლავთ საკუთრების უფლების ხელყოფა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ადამიანს, სასჯელის სახით, სამუდამოდ არ შეიძლება ჩამოერთვას ქონება დანაშაულის დამტკიცებამდე, ანუ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. საზოგადოებრივ საჭიროებას არ წარმოადგენს უდანაშაულო ადამიანისათვის, სასჯელის სახით, ქონების ჩამორთმევა.“

საქმე ის არის, რომ ჯერ აჭარის უმაღლესმა, ხოლო მოგვიანებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მოსარჩელეებს ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოართვა. „დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონის“ მიღებას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, იუსტიციის მინისტრობის დროს, ითხოვდა, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის ინიციატივა კანონად მხოლოდ შარშან აქცია. სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა, მიხეილ სააკაშვილს კი არ ესწავლება, რას მოახმაროს ყოფილი სახელმწიფო მოხელეების დიდძალი ქონება.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „კორუმპირებულ, მაღალი თანამდებობის პირებს უნდა ჩამოერთვათ სახლები და ეს სახლები უნდა გადავცეთ ან საბავშვო ბაღებს, ან მიუსაფართა დაწესებულებებს, ან სხვა სოციალური მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული.“

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას აბაშიძეებამდე სხვა მოქალაქეებიც ითხოვდნენ, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. შეიცვლის თუ არა ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლო პოზიციას, ძნელი სათქმელია. პირველი კოლეგიის სხდომას ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღოს თუ არა აბაშიძეების საკონსტიტუციო სარჩელი არსებითი განხილვისთვის.

[მოსამართლის ხმა] „სასამართლო გადის სათათბირო ოთახში შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამზადებლად. ეს გადაწყვეტილება გამოცხადდება 21 ნოემბერს, ორშაბათს, 14 საათსა და 30 წუთზე.“
XS
SM
MD
LG