Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასო გოძიაშვილი – 100


27 ნოემბერს ქართული თეატრალური საზოგადოება

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, რუსთაველის პრემიის ერთ-ერთი პირველი ლაურეატის, ვასო გოძიაშვილის დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. თანამედროვე მაყურებელს შეუძლია იმსჯელოს დიდი არტისტის ნიჭზე იმ ფილმებით, რომელშიც გოძიაშვილი ეპიზოდურ როლებს ასრულებს და სპექტაკლების იმ ფრაგმენტებით, რომელიც ტელევიზიის არქივში ინახება. მაგრამ თეატრმცოდნეების აზრით, ვასო გოძიაშვილის ხელოვნება რეპროდუცირებას არ ექვემდებარება – მაყურებელთან უშუალო კონტაქტი მისი შემოქმედების არსია. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც ვასო გოძიაშვილის იუბილეს ეძღვნება, დიდი არტისტის როლებს შეგახსენებთ.

1922 წელს გაზეთ “კომუნისტში” ასეთი ცნობა დაიბეჭდა:

“ტფილისში დაარსდა აკაკი ფაღავას ხელმძღვანელობით დრამატული სტუდია, სადაც თავი მოიყარა ორმოცდაათამდე ახალგაზრდამ. სტუდიის პროგრამაში შედის 1) მოკლე ანატომია და ფიზიოლოგია, რათა მომავალმა მსახიობმა იცოდეს აგებულება ადამიანის სხეულისა და მათი ფუნქციები, 2)ხმის დაყენება, 3)მხატვრული მეტყველება, 4) პლასტიკა, ცეკვა, 5)გიმნასტიკა, 6)ფარიკაობა, 7)ფსიქოლოგია, 8)სასცენო ელემენტების დამუშავება, 9)იმპროვიზაცია და მიმოდრამა, 10) თეატრის ისტორია, 11)გრიმი, 12) ტანსაცმლის ისტორია, 13) ლიტერატურისა და დრამის ისტორია, 14) ხელოვნების ისტორია, 15)ესთეტიკა, 16)სიმღერა, 17)ნაწყვეტები სცენებისა და პიესების დამზადება.”

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ამ სარეკლამო განცხადების ავტორმა ვასო გოძიაშვილის სტილი დაახასიათა. გოძიაშვილი ხომ თბილისის დრამატული სტუდიის პირველი კურსდამთავრებული იყო – ფაღავას თეატრალურ სტუდიაში ივანე ჯავახიშვილის, დიმიტრი უზნაძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის ლექციებს ისმენდა. მერე კი არა მარტო მხატვრულ მეტყველებას და “გიმნასტიკას” დაეუფლა, არა მარტო ხელოვნების ისტორია შეისწავლა, არამედ იმპროვიზაციისა და მიმოდრამის ნიჭით გააკვირვა მაყურებელი – ჯერ 1924-30 წლებში, რუსთაველის თეატრში, შემდეგ კი, 1930 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე, 1976 წლის იანვრამდე, მუშაობდა. სად იმპროვიზაცია და სად 30-იანი, 40-იანი წლების თეატრი? გაიკვირვებს ადამიანი, რომელმაც მეტ-ნაკლებად იცის საბჭოთა კულტურის ისტორია და კარგად მოეხსენება, რომ სტალინის ეპოქა არაფრით დაუშვებდა გადაჭარბებულ სილაღეს სცენაზე. მსახიობს ძალიანაც რომ მოენდომებინა და თავი მოეჩვენებინა, რომ წარმოდგენა არა აქვს, რა ხდება ქვეყანაში, იგი მაინც “ამოვარდებოდა” საერთო თეატრალური ესთეტიკიდან. დროდადრო ვასო გოძიაშვილი “ამართლებდა” ხოლმე ასეთ “ამოვარდნილობას” – წარმოდგენაში “მეფე ერეკლე”, რომლის პოპულარობა ომის წლებში განსაკუთრებით საგრძნობი იყო, მან აშკარად “დაამიწა” ჰეროიკა, რითაც მაყურებლისა და სცენის ერთიანობას მიაღწია. ომოს დრის ასეთი ერთიანობა ხელისუფლებას სჭირდებოდა, ამიტომ ვასო გოძიაშვილის პერსონაჟის “არაჰეროიკულობამ” იმხანად არავინ შეაშფოთა.

[მუსიკა, “ქეთო და კოტე”]

მერე კი მსახიობმა კიდევ ერთ გამოსავალს მიაგნო: აირჩია ეგრეთ წოდებული “სახასიათო”, გროტესკული პერსონაჟები, რომლებიც თავისთავად გულისხმობს დაწესებული ცენტრიდან გადახვევას – ე.ი. ექსცენტრიზმს. ახალმა ეპოქამ ხელოვანთა თავისუფლება კი შეზღუდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა გამოთქმას “გიჟი თავისუფალია”. კინტო, ყარაჩოხელი, “უსტაბაში” – სწორედ ასეთი პერსონაჟების განსახიერების დროს იყო თავისუფალი ვასო გოძიაშვილი. თეატრის პარალელურად იგი ესტრადამაც გაიტაცა; როგორც ჩანს, მაინც თრგუნავდა ჰეროიკული თეატრის სივრცე – ესტრადაზე კი მაყურებელთან კონტაქტს ახერხებდა; სიტყვით თუ ვერ ამბობდა სათქმელს, ჟესტს და მიმიკას იშველიებდა ხოლმე. ის ხალხი, ვისაც ვასო გოძიაშვილი სცენაზე ახსოვს, დღესაც ამტკიცებს, რომ ეს იყო თავისებური “ნიშნების თეატრი”. მაყურებელი ზოგჯერ ვერ ხვდებოდა, რას ანიშნებდა მას გოძიაშვილი, მაგრამ მის მიერ შეთავაზებულ თამაშში ადვილად ერთვებოდა... თანაც, თამაშობდა არა მარტო მიმიკით – ძალიან კარგად ფლობდა თავის სხეულს და ექსცენტრიზმისგან, მართლაც რომ, თავისუფლებისკენ ლტოლვის სახეს ქმნიდა. შემთხვევითი არ არის, რომ ვასო გოძიაშვილს ნაკლებად იღებდნენ კინოში – ეკრანი, თავისი ზედმიწევნით რეალისტური ბუნებითა და შეზღუდული პირობითობით, გოძიაშვილის უტრირებულ, თითქმის გროტესკულ პლასტიკას ვერ აიტანდა. თუმცა ვასო გოძიაშვილისთვის ქართულ კინოშიც გამოინახა როლები. ყველაზე დიდ წარმატებას მან მიაღწია მიხეილ ჭიაურელის ფილმში “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – თითქოს გაცოცხლდა ფაღავას დრამატული სტუდიის ტრადიცია; გოძიაშვილმა შექმნა სახე, რომელსაც არც ასაკი აქვს, არც პროფესია, თითქოს სქესიც კი არა აქვს... ეს იყო 20-იანი წლების ევროპული ავანგარდის დამკვიდრების ცდა 60-იანი წლების ქართულ კინოში, იმ ავანგარდისა, რომელსაც ძალიან კარგად იცნობდა მიხეილ ჭიაურელი და რომელსაც მოგვიანებით თავად უღალატა. არტისტიც ხომ ნიღაბია მხოლოდ... არტისტიც ხომ არ მიეკუთვნება კონკრეტულ ეპოქას... სწორედ ასე ესმის გოძიაშვილს არტისტის ხელოვნება.

[ხმა. “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”]

ამ პერიოდში, 60-იანი წლების მიწურულს, ვასო გოძიაშვილი თითქოს ხელახლა იბადება. დრო შეიცვალა – თავის მოკატუნება, თითქოს ექსცენტრიზმს და შერეკილობას პიესის შინაარსი კარნახობს, აღარ იყო საჭირო. ახლა მას შეეძლო არა მარტო ნიშნებით ეთამაშა, არამედ დაედგა კიდეც სპექტაკლი-ნიშანი, რომელშიც ქართული თეატრის - მათ შორის, დათრგუნვილი ქართული თეატრის - საუკეთესო ტრადიციები წარმოჩნდებოდა.

1968 წელს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა პრემიერა ვასო გოძიაშვილის სპექტაკლისა “ძველი ვოდევილები”. სამი სხვადასხვა ქართველი ავტორის - წერეთლის, ცაგარლისა და ბახუტაშვილის - პიესების ეს “თაიგული” იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის გარდაცვალებამდე – მთელი 8 წლის განმავლობაში - ანშლაგით იდგმებოდა. ტიგრან ოფოფიანცი, არშაკა და მოხუცი მსახიობი – სამი განსხვავებული როლი ქმნიდა ვასო გოძიაშვილის ბენეფისს, რომლის სანახავად მაყურებელი წარმოდგენამდე დიდი ხნით ადრე ყიდულობდა ბილეთებს.

[ხმა. “ძველი ვოდევილები”]

“ძველი ვოდევილების” პრემიერა დაემთხვა ქართული ოპერეტის, ეგრეთ წოდებული მუსკომედიის თეატრის პოპულარობას საქართველოში. დრამატული თეატრების მესვეურები შეშფოთებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ ხალხი მიეძალა საეჭვო მხატვრული დონის სპექტაკლებს. გოძიაშვილს პანიკა არ აუტეხია. მან ბრძოლა კი არ გამოუცხადა “თეატრ-კიტჩს”, ერთადერთს, რაც “ზასტოის ეპოქის” დასაწყისში ცოტათი მაინც ახალისებდა მაყურებელს, არამედ ამ მსუბუქი, ოპერეტული ჟანრის დაუფლება და “თავის სასარგებლოდ” გამოყენება განიზრახა. არსებითად გააკეთა ის, რასაც მოგვიანებით რობერტ სტურუა გაიმეორებს სპექტაკლში “ხანუმა” – გნებავთ, ქალაქური ფოლკლორი, უფრო სწორად, ფოლკლორიზებული მასკარადი – მიიღეთ, აი, ბატონო... ოღონდ იცოდეთ, “მდაბიო ჟანრებსაც” უყვარს ნიჭიერი მსახიობები.

[ხმა. “ძველი ვოდევილები”]

ამბობენ, რომ ამ წარმოდგენას იგი ყოველთვის განსხვავებულად თამაშობდა. “ძველ ვოდევილებს” ჰყავდა თავისი ფანები, რომლებიც რამდენჯერმე ნახულობდნენ სპექტაკლს და იმასაც ამჩნევდნენ, როდის არის კარგ გუნებაზე მსახიობი და როდის უჭირს თამაში. ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში სპექტაკლის მესამე მოქმედება, მოხუცი მსახიობის ფინალური მონოლოგი, სულ უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა. ეტყობა, ძნელია თავის მოკატუნება და იმის მტკიცება, რომ “ცხოვრება თეატრია”, როცა ცხოვრება ნამდვილად აღარ არის სახალისო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG