Accessibility links

logo-print

პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სტუმრად საქართველოში


დღეს იწყება და 19 ნოემბრამდე გასტანს პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ლეშეკ ბალცეროვიჩის ვიზიტი საქართველოში.

საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ- მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრების გარდა, ეკონომიკაში ”შოკური თერაპიის” ავტორი დაინტერესებული საზოგადოებისათვის მოწყობილ სემინარზე გამოვა მოხსენებით ”გარდამავალი ეკონომიკის გაკვეთილები”. თბილისში გაიმართება ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნის პრეზენტაციაც, სახელწოდებით „შეზღუდული სახელმწიფოსაკენ".

დაახლოებით 2 თვის წინ ლეშეკ ბალცეროვიჩის მიწვევით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის პოლონეთში ვიზიტის შესახებ გესაუბრეთ. ახლა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი სტუმრობს თბილისს საპასუხო ვიზიტით.

[რომან გოცირიძის ხმა] ”...რომლითაც კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პოლონეთის ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობა. მოხდება სპეციალისტების გაცვლა, საკონსულტაციო დახმარება. პოლონეთს ძალიან კარგი გამოცდილება აქვს საბანკო ზედამხედველობის რეფორმაში, ასევე ნაღდი ფულის მიმოქცევის მართვაში.”

ეს არის რომან გოცირიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მის მიერ ჩამოთვლილის გარდა, ბალცეროვიჩის პრაქტიკას უფრო მეტი სარგებლობის მოტანაც შეეძლო. შეგახსენებთ, რომ იგი 2000 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, ეკონომიკური მრჩეველი იყო. თუმცა მაშინდელ ხელისუფლებას ბალცეროვიჩის არც ერთი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია. რომან გოცირიძე ამბობს, რომ შოკური თერაპიის ავტორის რჩევებს ხორცი “ვარდების რევოლუციის” შემდგომ საქართველოში შეესხა:

[რომან გოცირიძის ხმა] ”კონკრეტულად ლიბერალიზაცია, დერეგულირება, ახალი საგადასახადო კოდექსი. ახლა ჩვენ არ მოგვწონს, თორემ პოლონელები ვერც ინატრებენ ისეთ განაკვეთებს და ისეთ კოდექსს, როგორიც ჩვენია.”

სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”საქმე ის კი არაა, ვინ იძლევა რჩევებს, საქმე ისაა, ვის აძლევენ რჩვებს. აი, ახლაც დაგეგმილია ეროვნულ ბანკში პრეზენტაცია ბალცეროვიჩის წიგნისა, რომელიც გამსჭვალულია ლიბერალური სულისკვეთებით. სტრიქონებში თუ სტრიქონებს შორის ყველგან გამოსჭვივის ნებისმიერი ადმინისტრაციული თუ ავტორიტარული მიდრეკილებისადმი ანტაგონიზმი. არადა, სამწუხაროდ, ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკვე დაუფარავად ატარებს ავტორიტარულ ნიშნებს.”

ნიკო ორველაშვილმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ორმაგი ეკონომიკური პოლიტიკის გზას დაადგა. შინ ერთს ამბობს და გარეთ მეორეს. თუმცა მისი რეალური პოლიტიკა თანდათან მჟღავნდება და ამის მაგალითია საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მიერ ამ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება. მან უცხოელი ინვესტიციების მოსაზიდად თბილისში გამართულ ფორუმზე საქართველოში უცხოელი ბიზნესმენების შევიწროებაზე ისაუბრა.

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”აი, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ბალცეროვიჩი, სულ მცირე, ნეიტრალურ შეფასებას გააკეთებს, ან კიდევ უფრო უკეთესი, თუ კეთილისმოსურნის პოზიციიდან მიუთითებს ხელისუფლებას იმისაკენ, რომ ასე სიარული აღარ შეიძლება. მე, მაგალითად, თუნდაც იმას მოგახსენებთ, რომ პოლონეთში ეკონომიკური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა გათვალისწინებული არ არის.”

თუ პოლონეთში ეკონომიკური დანაშაულისთვის მხოლოდ ზარალის ანაზღაურებას აკისრებენ, საქართველოში წინასწარი პატიმრობის მხოლოდ ერთადერთ ფორმას, სამთვიან პატიმრობას, მიმართავენ. არის ბევრი სხვა ფაქტორი, რომელიც ქართველი და პოლონელი საქმოსნების ყოფასა და, საერთოდ, ამ ორი ქვეყნის ბიზნესკლიმატს ერთმანეთისგან განასხვავებს.
XS
SM
MD
LG