Accessibility links

logo-print

”ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ”. კაცი, რომელიც საქართველოდან დეპორტაციას ითხოვს


რუბრიკით ”ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ” დღეს მოგითხრობთ ადამიანზე, რომელიც არის მოქალაქეობის არმქონე პირი,

იმყოფება საქართველოში და სურს, რომ აქედან გააძევონ და გააძევონ ავსტრიაში. რატომ სურს ეს?

”ადამიანი არსაიდან”, - ასე შეიძლება ვუწოდოთ ვლადიმირ ლომტიევს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოვიდა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში და ირწმუნებოდა, რომ ის არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს საკუთარი ნებით თქვა უარი საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა ავსტრიის მთავრობას. ლომტიევი სხაპასხუპით ჰყვება თავის ისტორიას და ხშირ-ხშირად იშველიებს საერთაშორისო ტერმინებსა, თუ სათანადო დოკუმენტებს, რომლებიც მას საქართველოს სახელმწიფო უწყებებიდანაც მრავლად მიუღია. ლომტიევს ხელთ დოკუმენტების მთელი დასტა ჰქონდა, რომლებში სრულად გარკვევაც მოკლე დროში შეუძლებელი იყო. თავად ლომტიევმა ისინი პრაქტიკულად ზეპირად იცის, ისევე როგორც საკუთარი ბიოგრაფიის მოკლე ვერსია, აქცენტით თავის სამოქალაქო-პოლიტიკურ სტატუსზე. ამიტომ უმჯობესია თავად მას მოვუსმინოთ. ისტორია საკმაოდ საინტერესო გახლავთ:

[ლომტიევის ხმა] ”დავიბადე 1945 წელს. საქართველოს ტერიტორიაზე ვიმყოფები როგორც პოლიტიკური მძევალი, პოლიტიკური ტყვე, რადგან მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა პოლიტიკური თავშესაფრის მონიჭების თაობაზე, შედგა დოკუმენტი საქართველოდან ჩემი დეპორტაციის შესახებ. ამას გარდა, რამდენჯერმე თავად ვცადე საქართველოდან გასვლა, მაგრამ მესაზღვრეებმა არ გამიშვეს. 2005 წლის 23 ოქტომბერს გავიარე რეგისტრაცია თვითმფრინავის რეისზე და ავედი მესაზღვრეებთან. მათ ნახეს ჩემი ყველა დოკუმენტი, - მათ შორის, დეპორტაციის შესახებ, - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და მითხრეს, რომ მე თან უნდა მხლებოდა გამცილებელი პირი. ვის უნდა გავეცილებინე? მე ხომ არ შემიძლია თანამდებობის პირები ვაიძულო გამაცილონ.”

ვლადიმირ ლომტიევი ჰყვება, რომ ის 1997 წელს ავსტრიაში მოიტაცეს და მისი ნების საწინააღმდეგოდ რუსეთში გაამგზავრეს. ამის შემდეგ მან არალეგალურად შვიდი ქვეყანა გაიარა, ვიდრე საქართველოში ჩამოაღწევდა. ყველგან ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს, მაგრამ უშედეგოდ:

[ლომტიევის ხმა] ”რუსეთიდან გამოვიქეცი საქართველოში, საქართველოდან გადავედი სომხეთში, სადაც მინდოდა ჩემი სტატუსის დოკუმენტებით გამყარება. სომხეთში იმიტომ ჩავედი, რომ იქ დავიბადე, ისე კი ეროვნებით ებრაელი ვარ. სომხეთში, რუსეთის მითითებით, გენერალური პროკურორის მოადგილემ გააპროტესტა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მე უნდა დავერეგისტრირებინე როგორც მოქალაქეობის არმქონე პირი, და მთელი სასამართლო პროცესი სულ სხვა მიმართულებით წავიდა. მე მეუბნებოდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ. ეს დოკუმენტები თავადაც ნახეთ. რუსეთის მოქალაქეობის შეთითხნას კი ცდილობდნენ იმისათვის, რომ ჩემი ავსტრიიდან გატაცების ფაქტი დაეფარათ.”

თავადაც მოისმინეთ, ლომტიევს საქართველოდან არალეგალურად გასვლის პრაქტიკა აქვს. ეგ არის, რომ ახლა სურს, ეს დეპორტაციის გზით მოხდეს, რადგან მას საამისოდ ყველა დოკუმენტი აქვს - მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბრძანება ნომერი 1367, რომლის თანახმადაც, ის უნდა გააძევონ საქართველოდან:

[ლომტიევის ხმა] ”პარადოქსია: არც მიშვებენ და არც ჩემს დეპორტაციას ახორციელებენ.”

ვლადიმირ ლომტიევი აცხადებს, რომ ვენაში მას ჰყავს მეუღლე და აქვს 700 ათასი დოლარის ღირებულების ქონება. აცხადებს აგრეთვე, რომ ავსტრია არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც უნდა მოხდეს მისი დეპორტაცია, რადგან 1989 წლიდან ის იქ პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა. ასეთი გახლავთ ისტორია კაცისა, რომელსაც სურს, რომ საქართველოდან გააძევონ.
XS
SM
MD
LG