Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უწინდელზე უკეთ აფასებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების სფეროში არსებულ მდგომარეობას


უკვე მეშვიდე წელია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

ძირითადი კატეგორიები, რომლის მიხედვითაც ექსპერტები ამა თუ იმ ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავენ, გახლავთ რწმენის თავისუფლება, რელიგიური უმცირესობების უფლებები და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა. თავის უწინდელ ანგარიშებთან შედარებით სახელმწიფო დეპარტამენტი ამჯერად უფრო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში რელიგიური თავისუფლების სფეროში არსებულ მდგომარეობას. ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ რით არის გამოწვეული ეს ცვლილება.

თუმცა, ვიდრე საქართველოზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე სიტყვა დოკუმენტზე ზოგადად. 197 სახელმწიფოდან, რომელსაც დეპარტამენტის ანგარიში მოიცავს, რამდენიმე ათეული ქვეყანა გაკრიტიკებულია იმისთვის, რომ იქ უგულებელყოფილია რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო ნორმები; რვა ქვეყანა კი შეყვანილია "განსაკუთრებული შეშფოთების აღმძვრელ სახელმწიფოთა" კატეგორიაში.

სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ეს "განსაკუთრებული შეშფოთების აღმძვრელი ქვეყნები" ჩამოთვალა.

[კონდოლიზა რაისის ხმა]: ბირმა, ჩინეთი, კსდრ, ერითრეა, ირანი, საუდის არაბეთი, სუდანი და ვიეტნამი.

საქართველო ამჯერად იმ ხუთი სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდა, სადაც რელიგიური თავისუფლების სფეროში, სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნა. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ანუ 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის ივლისამდე, საგრძნობლად შემცირდა თავდასხმები რელიგიური უმცირესობების წარმომამდგენლებზე. დადებითად არის შეფასებული ეკლესიიდან მოკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილისა და მისი რამდენიმე თანამოაზრის დაპატიმრების ფაქტიც, რადგან ეს ადამიანები, ანგარიშის შემდგენელთა აზრით, რელიგიურად მოტივირებული ძალადობის ინსპირატორებად გვევლინებოდნენ.

"თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი ლევან რამიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ რელიგიური თავისუფლების სფეროში საქართველოში მართლაც მოხდა დადებითი ცვლილებები.

ლევან რამიშვილი: "პირველ რიგში ეს ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც საშუალება მისცა რელიგიურ უმცირესობებს, რომ იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვონ და რამდენიმე რელიგიურმა გაერთიანებამ უკვე ისარგებლა ამ შესაძლებლობით. თუმცა, ზოგ გაერთიანებას, სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეექმნა ნოტარიუსების მხრიდან; კერძოდ, ევანგელისტურ ეკლესიას, და რამდენადაც ვიცი, რამდენიმე სხვასაც."

თუმცა, პრობლემები ამით არ ამოიწურება.

ლევან რამიშვილი: "ისევ რჩება განსხვავებული სტანდარტები საპატრიარქოსა და ყველა სხვა რელიგიურ გაერთიანებას შორის. აქ, სამწუხაროდ, ბოლომდე თანასწორობის პრინციპის დაცვა ვერ მოხერხდა და ალბათ ეს იქნება კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შემდგომში შეიძლება პოლიტიკური დისკუსიებიც გაიმართოს და შეიძლება ეს საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დადგეს, რათა ყველა რელიგიური გაერთიანება საგადასახადო კანონმდებლობის წინაშე თანაბარი სტატუსით სარგებლობდეს."

როგორც ლევან რამიშვილი ამბობს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კანონმდებლობა განათლების სფეროში...

ლევან რამიშვილი: "...თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება მისი სრული ამოქმედება ყველა სკოლის ფარგლებში. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, მკაფიოდ იმიჯნება საჯარო სკოლა და ნებისმიერი რელიგიური გაერთიანება და გარანტირებულია თითოეული მოსწავლის, მშობლისა თუ პედაგოგის რელიგიური თავისუფლება. ასე რომ, ესეც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, რომელზეც პოზიტიურ ჭრილშია საუბარი ამ მოხსენებაში."

მაგრამ მოხსენებაში ნათქვამია ისიც, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები. ასეთ პრობლემად მოყვანილია ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები ყოველთვის ვერ ახერხებენ, სათანადოდ დაიცვან თავდასხმებისგან ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები.

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს მისამართით კიდევ უფრო ნაკლები პრეტენზია გამოითქვას? "თავისუფლების ინსტიტუტის" ხელმძღვანელის აზრით, პირველ რიგში უნდა დასრულდეს კანონმდებლობის რეფორმირება იმ მიმართულებით, რომ სრული თანასწორულფლებიანობა გარანტირებული იყოს ყველა რელიგიური გაერთიანებისთვის. ლევან რამიშვილის თქმით, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა უკავშირდება ჩამორთმეული საკუთრების კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხს.

ლევან რამიშვილი: "არსებობს ძალიან ბევრი შენობა, ნაგებობა, რომელიც სადავო საგანს წარმოადგენს სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს თუ რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ესა თუ ის ისტორიულად რელიგიური ნაგებობა კვლავინდებურად სახელმწიფოს საკუთრებაშია, მას არც ერთი სხვა რელიგიური გაერთიანება არ იყენებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ ხდება მისი დაბრუნება კანონიერი მფლობელისთვის, მაგალითად, ლუთერანებს ძალიან ბევრი ასეთი შენობა ჰქონდათ ისტორიულად, რომელიც დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია; თავი რომ დავანებოთ იმ დავებს, რომელიც კათოლიკურ ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას თუ იგივე მართლმადიდებლებსა და სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას შორის მიმდინარეობს."

დაბოლოს, კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ლევან რამიშვილი ამახვილებს ყურადღებას:

ლევან რამიშვილი: "ასევე სერიოზულ პრობლემად რჩება საკითხი, რაც ეხება რელიგიური გაერთიანებების მიერ სამშენებლო ნებართვების მოპოვების სფეროს. ძალიან ხშირად მათ აბსოლუტურად გაურკვეველი ბარიერები და უკანონო ბარიერები ხვდებათ, როდესაც ისინი ცდილობენ თავისი საკულტო ნაგებობების აშენებას. არადა, ეს შეიძლება ერთ-ერთი ის სფერო ყოფილიყო, სადაც მნიშვნელოვნად უნდა გამოსწორებულიყო სიტუაცია. და ამას შეეძლო გარკვეულწილად განემუხტა კიდევაც დაძაბული ურთიერთობა მართლმადიდებლურ და იგივე კათოლიკურ რელიგიურ თემებს შორის."
XS
SM
MD
LG