Accessibility links

logo-print

რამდენად ახერხებს აშშ მუსლიმანებში თავისი იმიჯის გაუმჯობესებას?


აშშ-ში გამოქვეყნდა საანგარიშო მოხსენება, რომელშიც შეფასებულია ბოლო წლის მანძილზე ამერიკის მთავრობის ძალისხმევა სამი მიმართულებით:

ერთია ზრუნვა იმაზე, რომ არ იქნეს დაშვებული მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება მსოფლიოში; მეორეა, ზოგადად, საგარეო პოლიტიკა და მესამე - მუსლიმანურ სამყაროში ამერიკის იმიჯის გაუმჯობესება. ანგარიშის ავტორები სამივე სფეროში აკრიტიკებენ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას.

კერძოდ, კრიტიკას გამოთქვამენ ამჟამად უკვე აღარარსებული კომისიის წევრები. ეს კომისია 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეიქმნა უპრეცედენტო მასშტაბის ტერაქტებზე რეაქციის სახით და, ვიდრე ამ ერთი წლის წინ ისევ დაიშლებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის რეკომენდაციები დატოვა. მიმდინარე კვირაში გამოშვებულ ანგარიშში სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებაა შეფასებული.

თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონში ანგარიშის წარდგენისას ამ, ყოფილი კომისიის წევრმა ლი ჰემილტონმა შეაქო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუსლიმანური სახელმწიფოების დახმარებისათვის, ინტეგრირებული იყვნენ მსოფლიოს სავაჭრო სტრუქტურებში. მანვე შეაქო კარენ ჰიუზი - სახელმწიფო მდივნის მოადგილე საჯარო დიპლომატიის სფეროში. ჰიუზი ამ პოსტზე ორი თვის წინ დაინიშნა და მოწადინებულია, გააუმჯობესოს მუსლიმანურ სამყაროსთან ამერიკის ურთიერთობა. აი, ნაწყვეტი ჰიუზის გამოსვლიდან მის ახალ პოსტზე ინაუგურაციისას: [ჰიუზის ხმა] “მჯერა, რომ ამერიკის ეროვნული უშიშროებისთვის და მსოფლიოს ყველა ბავშვის უფრო მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების, საერთო ინტერესებისა და საერთო ღირებულებების შეგრძნების განმტკიცება ამერიკელებსა და სხვადასხვა ქვეყნების, კულტურების, რელიგიების წარმომადგენელთა შორის”.

მაგრამ ამ ძალისხმევას, რომელზეც კარენ ჰიუზმა ილაპარაკა, დიდ ზიანს აყენებს ინფორმაცია, როგორიცაა აბუ ღრაიბის ციხეში მულისამნი პატიმრების წამების ამსახველი ფოტომასალა, ან კიდევ გუანტანამოს ბაზაზე მუსლიმანი პატიმრების გაურკვეველი ბედი. ამ შეფასებას გამოთქვამენ ზემოხსენებული ანგარიშის ავტორები, მათ შორის რიჩარდ ბენ-ვენისტი. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პატიმრები იტანჯებიან, აშშ-ის ინტერესებიც ილახება.
[რიჩარდ ბენ-ვენისტის ხმა] “ეს აქტები მიმართულია ამერიკის ძირითადი პრინციპებისა და იდეალების წინაამდეგ. მარტივად რომ ითქვას, ეს მიდგომა არა-ამერიკულია, მნიშვნელოვანი გადახვევაა წარმოდგენიდან ამერიკელებზე, როგორც კანონის ერთგულ, სამართლიან და ჰუმანურ ერზე“.

ამ ფონზე ბენ-ვენისტი დამაიმედებლად მიიჩნევს კანონპროექტს, რომლითაც აშშ-ის სენატი აპირებს ტერორიზმში ეჭვმიტანილების წამებისა და სხვა სახის უხეში მოპყრობის აკრძალვას. დაბოლოს, რაც შეეხება მასობრივი განადგურების იარაღს, უფრო სწორედ, მსოფლიოში მის გაუვრცელებლობაზე ზრუნვას: ანგარიშის ავტორები აქებენ პრეზიდენტ ბუშის შეთანხმებას რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან, მათი ქვეყნების ბირთვული არსენალების დაცვაზე. მაგრამ სხვა მხრივ - ვაშინგტონის ადმინისტრაციას ბევრი არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ “ალ-ყაიდას” ხელში არ ჩაუვარდეს მასობრივი განადგურების იარაღი.
XS
SM
MD
LG