Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი ჟურნალისტი აკბარ განჯი “თავისუფლების ოქროს კალმით” დაჯილდოვდა


ირანელი ჟურნალისტი აკბარ განჯი 5 წელია, პატიმრობაშია იმის გამო, რომ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდა, იძიებდა პოლიტიკური დისიდენტებისა და ინტელექტუალთა მკვლელობებს.

ახლა კი ჩვენს ირანელ კოლეგას, იმედია, ოდნავ მაინც გაუხალისებს ციხეში ყოფნას პრემია, რომელიც მას “გაზეთთა მსოფლიო ასოციაციამ” მიანიჭა. ეს არის “თავისუფლების ოქროს კალამი” და მისი წლევანდელი ლაურეატი, აკბარ განჯი ირანის წამყვან, ფაქტობრივად, ყველაზე ცნობილ ჟურნალისტად ითვლება.

აკბარ განჯის ეს, გამორჩეული ადგილი მოპოვებული აქვს, უწინარეს ყოვლისა, ჟურნალისტური გამოძიებით, რომლის შედეგადაც 1998 წელს 4 დისიდენტის მკვლელობასთან კავშირში ამხილა რამდენიმე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი.

2001-თ წელს ჟურნალისტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე ბრალდების საფუძველზე, მათ შორის იყო ირანის ლიდერების შეურაცხყოფა. მაგრამ აკბარ განჯიმ ციხეშიც გააგრძელა წერა: მის კალამს ეკუთვნის ორტომეული, რომელშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა დაყენებული ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის ავტორიტეტი და გამოთქმულია რწმენა, რომ ირანში - ამჟამინდელი რეჟიმის პირობებში - შეუძლებელია, დემოკრატიის არსებობა.

[ლერი კილმენის ხმა] “ის ძალიან გაბედული ჟურნალისტია, რომელსაც ციხეშიც კი ვერ აჩუმებენ. ის შიმშილობს ხოლმე თავისი პრინციპების დასაცავად; ციხიდან საავადმყოფოში როცა უშვებენ, განაგრძობს თავისი შეხედულებების გამოთქმას დიდი რისკის მიუხედავად. და “გაზეთთა მსოფლიო ასოციაციამ” მიიჩნია, რომ ამ გაქანების ჟურნალისტს პატივი უნდა მიეგოს ასეთი სიმამაცისათვის. ამიტომაც მიენიჭა მას თავისუფლების ოქროს კალამი”, ასე ასაბუთებს “გაზეთთა მსოფლიო ასოციაციის” გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ლერი კილმენი.

თვით აკბარ განჯი ჯერ არ გამოხმაურებია ცნობას მისი დაჯილდოვების შესახებ, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენს ხელთ ამჟამად არსებული ინფორმაციით, ჯერ არც კი იცის, რომ “ოქროს კალმის ლაურეატი” გახდა. ამის შესახებ ჩვენმა რადიომ ჟურნალისტის მეუღლისაგან შეიტყო: [მასუმე საფიის ხმა] “თუ ეს ცნობა ირანის გაზეთებში დაიბეჭდა, განჯი ალბათ შეიტყობს მის შესახებ და ალბათ, ძალიან გაუხარდებაო”, თქვა აკბარ განჯის მეუღლემ, მასუმე საფიიმ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში. მისივე თქმით, პრემიის მინიჭება აჩვენებს, რომ მსოფლიოს არ დავიწყებია დაპატიმრებული ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG