Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის მკვლელობისკენ მოწოდების წინააღმდეგ


საქართველოს პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი, “დამნაშავეობასთან ბრძოლის” საბაბით, პირდაპირ მოუწოდებენ სამართალდამცველებს, რომ დაუფიქრებლად

დახოცონ ის ადამიანები, რომლებიც “საფრთხეს უქმნიან” მოქალაქეთა ან პოლიციელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, - ნათქვამია მიმართვაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის “ - გაუგზავნა. ორგანიზაციას მოჰყავს ბოლო ერთი თვის სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ ქართველი სამართალდამცველების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციები სულ უფრო მეტი მსხვერპლით მთავრდება.

თამაზ კურკუმული, ლევან გულუა, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მანჯავიძე, ალექსანდრე თაბაგარი, ხვიჩა მელაძე - ეს იმ მოქალაქეების არასრული სიაა, რომლებიც სპეცოპერაციების დროს სამართალდამცველების ხელით დაიღუპნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” შეფასებით, ყველა შემთხვევაში ხელისუფლება მსხვერპლს იმით ამართლებს, თითქოს მოკლულები შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, თუმცა, რეალურად, ხშირ შემთხვევაში, არავითარ შეიარაღებულ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე და შიშობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი მოწოდების შემდეგ ასეთი მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება:

[ნანა კაკაბაძის ხმა] “მოწოდება მინისტრისა და პრეზიდენტისა იყო პირდაპირი მკვლელობა. რა შემთხვევაში ეძლევა პოლიციელს მკვლელობის ჩადენის უფლება? თუკი დასაბუთებულია, რომ პირი ემუქრებოდა საზოგადოების დიდ ნაწილს. გამონათქვამი, რომ “ჩაცხრილეთ”- ეს აბსოლუტურად არაადეკვატურია, იმიტომ რომ ყველა ფაქტზე შეიძლება ითქვას, რომ ის არ მემორჩილებოდა.”(სტილი დაცულია)

პოლიციელთა მხრიდან “უკონტროლო ძალის” ზემოქმედება 28-29 ოქტომბერს გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტის ნინო მიქიაშვილის ძმამ, 21 წლის გიორგი მიქიაშვილმა, საკუთარ თავზე გამოსცადა. როგორც ჟურნალისტმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, მისი ძმა არ დაემორჩილა პოლიციის პატრულს, რაც იმით დამთავრდა, რომ რამდენიმე პოლიციელმა გიორგი მიქიაშვილი სასტიკად, გონების დაკარგვამდე, სცემა:

[ნინო მიქიაშვილის ხმა] “ჩემს ძმას უკვე ვნახულობ არანორმალურ ვითარებაში. გამომდინარე აქედან, დეტალებზე მე ვერ გესაუბრებით, მაგრამ არიან თვითმხილველები... ეს არანორმალური მდგომარეობა გამოიწვია იმან, რომ პატრულის თანაშრომლებმა ურტყეს თავში რაციები, კონდახები და, ბოლოს, “კა-პე-ზე”-ში ბავშვს ჭიქა დააფშვნეს თავზე.”


საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის” გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან, კიდევ ერთ საშიშროებაზეა გამახვილებული ყურადღება. ეს ეხება ცვლილებებს საპროცესო კოდექსში და, მოწმის დაცვის მოტივით, “მოწმის გასაიდუმლოების ინსტიტუტის” შემოღებას, რაც, უფლებათდამცველ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ადამიანის დაპატიმრების საფუძველი გახდეს:

[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] “ამ ყველაფრის ერთობლიობაში, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მივიღებთ იმას, რომ დაიწყება დევნა განუკითხავად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ანონიმურ შეტყობინებაზე აპელირებით და მითითებით.” (სტილი დაცულია)

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებენ როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ საზოგადოებას, რომ ასეთი სახიფათო ტენდენციების შეუფასებლობა ძალიან მალე ქვეყანას გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG