Accessibility links

ევროკავშირი გმობს ერაყში ადამიანის უფლებების დარღვევას


ევროპულ სტრუქტურებში დღეს დიდი შეშფოთება გამოითქვა ერაყში მიმდინარე მოვლენების, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.

ევროკომისიამ და ევროკავშირის ამჟამინდელმა მორიგე თავმჯდომარე ბრიტანეთმა ერაყის ხელისუფლებისაგან მოითხოვეს, გამოძიებულ იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევები, რომლებშიც ერაყის უშიშრეობის ძალებს ადანაშაულებენ. ერაყზევე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე მრავალმა პარლამენტარმა მოითხოვა ზომების მიღება აშშ-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ აღიარა, რომ ერაყის ქალაქ ფალუჯაში მეამბოხეებთან ბრძოლისას ამერიკელებმა ფოსფორის ბომბები გამოიყენეს.

ერაყში მიმდინარე მოვლენებზე ევროკავშირის დღევანდელი, მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა ცნობებს, გუშინ რომ გავრცელდა, პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში: ეს იყო ინფორმაცია ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საპატიმროში 170-მდე კაცის, რომ იტყვიან, გაძვალტყავებული, ზოგ შემთხვევაში ნაწამები პატიმრების მიკვლევის შესახებ.
[ფერერო -ვალდნერის ხმა] “რაც შეეხება წამებისა და ბოლო დროს მომხდარ სხვა შემთხვევებს - პირველ რიგში, რასაკვირველია, უნდა გავარკვიოთ, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ბრალდებები. მაგრამ მერე, თუ ეს დადასტურდა - უნდა ვიმოქმედოთ, ვინაიდან როგორც (ამ პარლამენტისადმი მიმართვაში ბრიტანელმა მინისტრმა) ლორდმა ბახმა აღნიშნა, ადამიანის უფლებები მიეკუთვნება ჩვენს ძირითად ფასეულობებს და გვსურს მათი ერაყში ექსპორტიც”. ეს სიტყვები დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა წარმოთქვა და დასძინა, რომ ერაყის პრემიერ-მინისტრმა უკვე დადო პირობა: დაიწყება გამოძიება წამებისთვის პასუხისმგებელთა ვინაობის დასადგენად.

დღესვე ევროპარლამენტში, როგორც ჩვენი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, ბევრი დეპუტატი აღშფოთებული გამოეხმაურა ცნობას ამერიკელების მიერ ფალუჯაში ფოსფორის ბომბების გამოყენების შესახებ. ამ ტიპის ბომბი მძიმე დამწვრობას იწვევს. როგორც ევროპარლამენტში სიდიდით მესამე ფრაქციის, ლიბერალების ლიდერმა გრეჰემ უოტსონმა აღნიშნა, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს გაეროს მიერ გამოძიების ჩატარება. [უოტსონის ხმა] “პენტაგონის აღიარება, სულ რამდენიმე საათის წინ რომ მოვისმინეთ, რომელიც ეხება სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ფალუჯაში ფოსფორის ბომბების გამოყენებას - ფრიად შემაშფოთებელია. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს გაეროს გამოძიება ამ აკრძალული იარაღის გამოყენების დასადგენად”.

აქვე ვიტყვი: პენტაგონმა აღიარა ამ იარაღის გამოყენება, ოღონდ არა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ! მანვე განმარტა, რომ აშშ-ს არა აქვს ხელმოწერილი არც ერთი ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ფოსფორის ბომბის გამოყენებას.

წეღან მოისმინეთ ევროპარლამენტში ლიბერალური ფრაქციის ლიდერის გამოსვლის ნაწყვეტი. მანვე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ ხავიერ სოლანას და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჯეკ სტროუს გაუგზავნა წერილობითი მოწოდება, დაგმონ ფოსფორის ბომბის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

დღესვე ევროპარლამენტში გაისმა მოწოდება, მალე გაიყვანონ კოალიციური ჯარები ერაყიდან. მაგრამ მოწოდება იქვე, ევროპარლამენტშივე უარყო ბრიტანული მთავრობის წარმომადგენელმა, ლორდმა ბახმა. ბახმა გაიხსენა ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ კოალიციური ჯარების ამ ეტაპზე წასვლა ერაყიდან, იქ - ერაყში ნამდვილ კატასტროფას, სამოქალაქო ომს გამოიწვევდა. [ლორდ ბახის ხმა]

ევროპარლამენტში საუბარი შეეხო ერაყში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებსაც. როგორც ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა აღნიშნა, ევროკავშირი არ გააგზავნის მეთვალყურეებს უშიშროების მხრივ მძიმე სიტუაციის გამო, მაგრამ დაეხმარება ერაყს არჩევნების ადგილობრივი, ერაყელი მეთვალყურეების მომზადებაში.

დაბოლოს: წეღან ვახსენეთ ევროპარლამენტის დეპუტატების მწვავე კრიტიკა შეერთებული შტატების მისამართით - საერთოდ, ეს პარლამენტარები გაცილებით უფრო მკაცრად აფასებენ ვაშინგტონის პოლიტიკას ვიდრე ევროკავშირის მთავრობების უმეტესობა. მაგამ ევროპარლამენტში გამოთქმული პოზიცია (რაც უნდა საყურადღებო იყოს) არ ახდენს უშუალო გავლენას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე.
XS
SM
MD
LG