Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ბიზნესს ბიუროკრატიული მარწუხების შერბილებას ჰპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს პრეზიდენტი მეწარმეებს, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასა და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების

მოხსნას კიდევ ერთხელ ჰპირდება. ბიუროკრატიული ბარიერები ქართული ბიზნესისათვის, მართლაც, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ბოლო პერიოდში მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში არცთუ სახარბიელო ”ბიუროკრატიული” რეიტინგი აღმოაჩნდა.

მკაცრი ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული პროცედურები, რასაც პერმანენტულად აპროტესტებს ქართული ბიზნესი, როგორც ჩანს, ხელისუფლებასაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პრეზიდენტი სააკაშვილი ბიზნესმენებთან მორიგ შეხვედრაზე მათ სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ჰპირდება. საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში ბიუროკრატიული რეიტინგის მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ”ლიდერია” და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ყაზახეთის შემდეგ, მყარად იკავებს მეორე ადგილს. მსოფლიო ბანკის გამოკვლევა ეყრდნობა იმ პროცედურების ანალიზს, ჩინოვნიკთა ხელმოწერებისა და კალენდარული დღეების რაოდენობას, რომელიც ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისას არის საჭირო. ამ მაჩვენებლებით, საქართველოში ექსპორტიორებს სჭირდებათ 9 დოკუმენტი, 35 ხელმოწერა და 54 კალენდარული დღე; უფრო მეტი ბიუროკრატიული ბარიერებია იმპორტის შემთხვევაში. შედარებისათვის, თურქეთში, რომელიც არ ითვლება ადმინისტრაციული პროცედურებით მაინცდამაინც ლიბერალურ ქვეყნად, ანალოგიური მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია, კერძოდ, ექსპორტის განსახორცილებლად საჭიროა 9 დოკუმენტი, 10 ხელმოწერა და 20 დღე. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საქართველოში კორუფციის დამარცხებით იწონებს თავს, გართულებული ადმინისტრაციული ბარიერები, ტრადიციულად, კორუფციული გარიგებისათვის ყველაზე ნოყიერ ნიადაგადაა მიჩნეული და კორუფციული რისკი იმ ქვეყნებში, რომლებშიც ამგვარი ბიუროკრატიული სირთულეებია, გაცილებით მაღალია.

მართალია, პრეზიდენტმა რუსთაველის თეატრში შეკრებილ ბიზნესელიტასთან ეკონომიკური წარმატებებით მოიწონა თავი, მაგრამ ყველაფერი რომ მთლად კარგად არ არის, ეს იმ საკანონმდებლო ინიციატივებიდანაც ჩანს, რომელთა შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მეწარმეებთან შეხვედრისას ისაუბრა და პირველად კი ორი კვირის წინ გაახმიანა.

კერძოდ, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცვლილებები შევა საგადასახადო კოდექსში და გაუქმდება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის ჟურნალის წარმოების ვალდებულება, გამარტივდება ექსპორტ-იმპორტის პროცედურები. ამასთან, შეიქმნება ლიბერალური და გამარტივებული ახალი შრომის კოდექსი, განხორციელდება სასამართლო რეფორმა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე შემაქვს პაკეტი წინადადებებისა პარლამენტში. პირველი, ეს არის ექსპორტ-იმპორტის გაადვილება, ყველა საექსპორტო და საიმპორტო პროცედურების გაადვილება და გამარტივება. მეორე, ეს არის, საბანკო სექტორის ლიბერალიზაცია. - დღეს ჩვენ გვაქვს შეზღუდვები, განსაკუთრებული ნებართვებია საჭირო უცხოური ბანკების აქტიურობაზე; ჩვენთან, სხვა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ლიბერალური სისტემაა, მაგრამ მე მინდა ამის სრული ლიბერალიზაცია და შეზღუდვების მოხსნა. - მესამე, ეს არის სასამართლო პროცედურების გამარტივება და ვადების შემცირება და დახვეწა ამ სისტემის ისე, რომ ადამიანს ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლოში იპოვის სამართალს.”

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივებით ბიზნესის წარმოებას საქართველოში უფრო მარტივს გახდის, ხოლო ბიზნესი ჯერ კიდევ ფრთხილობს, რადგან ანალოგიური დაპირებები მას ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ აქვს მოსმენილი. თუმცა ის, რომ მთავრობა მეწარმეებთან დიალოგს ცდილობს და მათ გარკვეულ მოთხოვნებს ხანდახან ითვალისწინებს კიდეც, ბიზნესმენთა აზრით, უკვე პოზიტიური ნიშანია.
XS
SM
MD
LG