Accessibility links

“ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავის საზეიმო დღეების შემდეგ ხალხში გასვლას „სახალხო ფორუმის“ წარმომადგენლები გეგმავენ


საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობისა და თვითმმართველობების ფორმირების საკითხებზე დებატები პარადოქსულ ფონზე მიმდინარეობს: დღეისათვის

საქართველოში პირდაპირი წესით არჩეული არც ერთი მერი აღარ არსებობს, პროცესები კი ისე ვითარდება, რომ უახლოეს მომავალში ზემოხსენებული ფაქტობრივი რეალობა საკანონმდებლო ბაზითაც გამყარდება. მერებისა და გამგებლების არჩევითობის რეფერენდუმის გზით დაკანონების რესურსი თითქმის ამოიწურა. რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფი, კერძოდ კი, „სახალხო ფორუმში“ შემავალი პოლიტიკური ძალები უახლოეს ხანში ახალ სტრატეგიას მიმართავენ: საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით, ისინი მოქალაქეთა ხმების შეგროვებას დაიწყებენ.


“სახალხო ფორუმში” შემავალი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები ხალხში გასვლას და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევითობის მომხრეთა ხმების შეგროვებას უახლოესი ერთი კვირის შემდეგ დაიწყებენ, ანუ მას შემდეგ, რაც “ვარდების რევოლუციის” ორი წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის ეიფორია ჩაწყნარდება და ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. საკითხის აქტუალობისა და პოლიტიკური მნიშვნელობის ხაზგასასმელად აკაკი ასათიანი იმაზე გაცილებით მეტი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს, ვიდრე საკანონმდებლო ინიციატივისთვისაა საჭირო:

[აკაკი ასათიანის ხმა]“ ჩვენ უნდა მოვაგროვოთ ძალიან ბევრი. ეს არ უნდა იყოს 30 000. ეს უნდა იყოს 300 000, 500 000. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 300–500 000–ზე რომ ავალთ, შევიტანოთ და გავაგრძელოთ. მე მგონი, რომ ეს უნდა იყოს, სულ ცოტა, მილიონი ხელმოწერა, რომ გამოჩნდეს დადასტურებულად - არა გამოკითხვების ბაზაზე, არამედ ხელმოწერილად - მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ამ ქვეყანაში ეს რეფერენდუმი რომ გამართულიყო, გაიმარჯვებდა. და ხალხი ამას არ მალავს და ხელს აწერს.“(სტილი დაცულია)
მერებისა და გამგებლების არჩევითობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება პრაქტიკულად მაშინ იწყება, როცა ამავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის შანსები ბოლომდე არ ამოწურულა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და”სახალხო ფორუმს” შორის წარმოებული სარეფერენდუმო პაექრობა სამი მნიშვნელოვანი ეპიზოდისაგან შედგება. კერძოდ, მერებისა და გამგებლების არჩევითობის საკითხზე “სახალხო ფორუმის” მიერ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ორჯერ დაბლოკა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა საქმის აღძვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში. სასამართლომ, თავის მხრივ, თამამი გადაწყვეტილება მიიღო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება ბათილად ცნო. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაინც კომპრომისულად იმოქმედა. ანუ არ მიიღო ადმინისტრაციული აქტი, რომელიც “სახალხო ფორუმის” საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების უფლებას მისცემდა.შესაბამისად, სასამართლომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბათილად ცნობის განკარგულება თანმხლები არგუმენტაციის გადახედვისა და დაზუსტების მიზნით გადაუგზავნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერად უკვე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჩივრა.

[გია ქავთარაძის ხმა]“არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდა ზუსტად და კანონის შესაბამისად გაკეთებული და ამიტომ არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის სასამართლოს.“ (სტილი დაცულია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გია ქავთარაძის თქმით, სასარჩელე განცხადება სასამართლოში დაახლოებით ათი დღის წინ გაიგზავნა. პროცესის დანიშვნის თარიღი მხარეებისთვის ჯერ ცნობილი არ არის. რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრებს კი უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ იმაში, რომ მათ წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს დროის გაწელვისა და სარეფერენდუმო საკითხის გაბანკროტების თამაში. თუმცა, თავის მხრივ, “სახალხო ფორუმის” წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ მერებისა და გამგებლების არჩევითობის პრინციპი გახდეს საქართველოში ახალი რევოლუციის საბაბი.
XS
SM
MD
LG