Accessibility links

logo-print

„შავი სია“ რუსი პოლიტიკოსებისათვის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეადგინოს ეგრეთ წოდებული „შავი სია“, რომელსაც, ძირითადად,

რუსი პოლიტიკოსები შეავსებენ. „შავ სიაში“ შეტანილი ადამიანები ვერ მიიღებენ საქართველოს ვიზას და, შესაბამისად, ვერ გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. პარლამენტში ეჭვობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამგვარი „შავი სია“ უკვე აქვს და მასში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გვარიცაა შეტანილი. ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ და რომელ რუს პოლიტიკოსს არ შემოუშვებდნენ თბილისელები საქართველოში? ასამბლეის 26-ე სხდომაში, რომელიც 17-18 ნოემბერს პეტერბურგში გაიმართება, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის საელჩომ დელეგაციის ერთ-ერთ წევრს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარეს გივი თარგამაძეს, ვიზა არ მისცა.

[ნინო თარგამაძის ხმა] „მე ნამდვილად არ ვაპირებ - არც მე და არც ჩემი კოლეგები - ველოდოთ, როდის გაიღებს რუსეთის საელჩო მოწყალებას და როდის მისცემს დელეგაციის წევრს ვიზას.“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ რუსეთის მთავრობას შედგენილი აქვს ეგრეთ წოდებული „შავი სია“, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის გვარიც არის შეტანილი. პაუხად, ნინო ბურჯანაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე არ უარყოფს, რომ პოლიტიკურად მოტივირებული „შავი სია“ საქართველოს მთავრობას ჯერ არ შეუდგენია:

[მერაბ ანთაძის ხმა] „საზღვრის გადალახვის დროს ჩვენ განვიხილავთ იმ პირთა სიას, რომლებიც მიკუთვნებულნი არიან ამა თუ იმ ტერორისტულ ორგანიზაციას. პოლიტიკურად მოტივირებული სია, შედგენილი რუსი პოლიტიკოსებისგან, არ არსებობს.“

რა საჭიროა „შავი სია“ და ვინ შეიძლება მასში მოხვდეს? ამ კითხვებს საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ასე უპასუხებს:

[სოსო ცინცაძის ხმა] „ავიღოთ იგივე კვიპროსი. ვინც ცნობს ჩრდილოეთ კვიპროსს და ჩადის იქ, ნიქოზიას შეაქვს “შავ სიაში” და ეს ადამიანი ვეღარასოდეს ჩავა კვიპროსის რესპუბლიკაში. ჩვენს შემთხვევაშიც ადეკვატური და ნორმალური იქნება, თუკი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩადიან სეპარატისტულ რეგიონებში თბილისის გვერდის ავლით, საქართველოს ხელისუფლება შეიყვანდა “შავ სიაში”. როგორ შეიძლება ზატულინს ან ჟირინოვსკის მისცენ ვიზა! რასაკვირველია, არ შეიძლება!“

საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივაზე.

[ქალბატონის ხმა] „შავი სიები“ არ უნდა იყოს. აუცილებლად ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ადრე იყო. მე ასე ვფიქრობ.“

[მამაკაცის ხმა] „ეს სია შესადგენია, რუსეთის ბევრი დეპუტატი მოხვდება მასში. მათ პატივს არ ვცემ და ბევრის გვარს ვერ გავიხსენებ. მაგალითად, მიტროფანოვი და ის „ელ-დე-პე-ერ“-ის ლიდერი რომ არის, ჟირინოვსკი.ეს ადამიანები პრაქტიკულად საქართველოს მტრები არიან.“

[ქალბატონის ხმა] „ჩვენ პოლიტიკასთან საერთოდ არ გვაქვს შეხება და ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის.“

საქართველოს ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ „შავ სიაში“ არაერთი რუსი პოლიტიკოსის - მათ შორის, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა - გვარია შესატანი. თუმცა ოპოზიცია ურჩევს ხელისუფლებას, არ აჰყვეს ემოციებს, რამეთუ, სიის პატიოსნად შედგენის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, საქმე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე მივიდეს.
XS
SM
MD
LG