Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა თბილისს ბუნებრივი აირი პირველი იანვრის შემდეგ


თბილისის გაზმომარაგების სისტემაში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ”თბილგაზი” გაკოტრებულად გამოცხადდა, გაკოტრების მმართველმა

იმ პრობლემების გადაწყვეტა დაიწყო, რომლებმაც კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა: “თბილგაზის” თანამშრომლები დაითხოვა, 1000-მდე ურჩი გადამხდელი თუ გაზის დამტაცებელი დააჯარიმა. ჯარიმების საერთო მოცულობამ კი 900 ათას ლარს მიაღწია. აგრეთვე გამოვლენილ იქნა სხვა კორუფციული ფაქტებიც. ამ და სხვა ცვლილებების წყალობით, ექნება თუ არა თბილისს ბუნებრივი აირი?

შეგახსენებთ, რომ გაზის მოწოდების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომს” შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის 2006 წლის 1 იანვარს. ამ თარიღამდე თვე-ნახევრით ადრე კი “თბილგაზში” - დედაქალაქის გაზგამანაწილებელ კომპანიაში - უამრავი ცვლილების განხორციელება დაიწყო, მათ შორის, ურჩი გადამხდელებისა და გაზის დამტაცებლების გამოვლენა-დაჯარიმება.

[ისმის კამათი]

აი, ასეთი კამათისა და წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობს “თბილგაზის” სისტემაში დღემდე ჩამოყალიბებული გაზის დატაცებისა და კორუფციული გარიგებების სქემის ნგრევა. თუ რა შედეგები მოაქვს ამ კამპანიას, “თბილგაზის” მმართველის გიორგი გვიჩიანის განცხადებიდან შეიტყობთ:

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”ყველაზე მთავარი შედეგი არის ის, რომ გაზის საფასურს ზუსტად დათქმულ დროს ვიხდით მოსკოვში და ჩემი მოსვლის შემდეგ. და ჩემს მოსვლამდე “თბილგაზი” ბიუჯეტში არ იხდიდა გადასახადებს, სოციალური და საშემოსავლო გადასახადების გარდა. და, აი, ასეთი მუშაობის შედეგია, რომ ბოლო 3 თვეში ჩვენ 3 მილიონი ლარი გვაქვს ბიუჯეტში გადახდილი.”

მიუხედავად ამისა, “თბილგაზს” ჯერ კიდევ რჩება რუსული კომპანია “გაზექსპორტის” 5 მილიონიანი ვალი, რომლის გასტუმრების ვადა ბოლო 1 თვის მანძილზე იწურება.


თუმცა ამ ვალის დროულად გადახდის შემთხვევაშიც გაურკვეველი რჩება, მომავალი წლის 1 იანვრიდან მიიღებს თუ არა ბუნებრივ აირს თბილისი ან საქართველოს სხვა რეგიონები. ამ კითხვაზე პასუხი გიორგი გვიჩიანს ვთხოვე.

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”ჯერჯერობით რაიმე შეთანხმება ამაზე მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მუშაობა და ჯერ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.”

გაურკვეველია ისიც, თუ რა ფასად მოხდება მომავალი წლიდან რუსული გაზის შესყიდვა. მიუხედავად ამ გაურკვევლობებისა, გაკოტრებულ “თბილგაზში” სტრუქტურული რეორგანიზაციაც მიდის და სისტემის გადაიარაღებაც ხორციელდება. როგორც წესი, არც ეს პროცესი მიმდინარეობს უმტკივნეულოდ.

[“თბილგაზის” ყოფილ თანამშრომელთა ხმა] ”...120-ჯერ გადამირჩენია ქალაქი აფეთქებას...”

“… ომში დაღუპულის მეუღლე ვარ, 2 შვილი მყავს. ვინ უნდა არჩინოს ჩემი ობლები? 2 სტუდენტი მყავს. აქ ვმუშაობდი და ასე გამათავისუფლეს...”

ეს და კიდევ 175-მდე ქალბატონი “თბილგაზიდან” დათხოვნილი თანამშრომლები არიან. გიორგი გვიჩიანის განცხადებით, მათ სამსახურზე “თბილგაზი” ყოველწლიურად 900 ათას ლარამდე ხარჯავდა. ამიერიდან მათ საქმეს, ანუ გაზგაყვანილობის ქსელის შემოწმებას, სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილები და 30 კაციანი სამსახური განახორციელებს. ამ ცვლილებების ეფექტურობა კი სულ ცოტა ხანში, ზამთრის დადგომასთან ერთად, გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG