Accessibility links

logo-print

„ქალაქში მკვლელია“ – მკვლელისა და მისი ბრალმდებლის ვინაობას სახელმწიფო სამსახურები მკაცრად ასაიდუმლოებენ


სამშაბათს ღამით დედაქალაქის ქუჩებში, კერძოდ, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე, თამარ მეფის ხიდთან და ყაზბეგისა და მელიქიშვილის გამზირებზე

გამოიკიდა ბანერები, რომლებმაც თბილისელებს შოკი მოჰგვარა. „ქალაქში მკვლელია“ –იუწყებოდა პლაკატები, რომელთა ჩამოხსნაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა იტვირთა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის თანამშრომლები წუხელ საგანგებოდ ფხიზლობდნენ, ქალაქის ქუჩებში ახლა უკვე სხვაგვარი წარწერები გაჩნდა: „მოკლულია 22 წლის გიგი“, „თიკო 16 წლის მოკლეს“. უჩვეულო აქციის მომდევნო, ამაღამდელ, ღამეს ქალაქის სამსახურები ახალი ბანერების გამომზეურებას ელიან. თუმცა, სავარაუდოდ, დღის სინათლეს ეს ბანერები უკვე ვეღარ ნახავს.

ამ არცთუ ცუდად ორგანიზებული აქციის მთავარი თავისებურება ის არის, რომ ბანერები სარეკლამო სამსახურმა დაამზადა და მისი ქალაქში გამოფენაც უზრუნველყო. მაშინ, როცა ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბანერების ჩამოხსნის მასზე დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევს თავს და გაქცეულ მუშებთან დალაპარაკებასაც ახერხებს, პლაკატების დამკვეთის ვინაობის გარკვევა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. ასეთია ლოგიკური ჯაჭვი. თუმცა მთელი ეს პროცესი სწორედ ალოგიკურობით, ბუნდოვანებითა და როგორღაც ხელოვნური იდუმალებითაა აღბეჭდილი.

[გურამ დონაძის ხმა]“თავიდან როგორც გამოჩნდა “ქალაქში მკვლელია”, - და, ალბათ, ბევრი მკვლელი არ იგულისხმებოდა, ერთი კონკრეტული მკვლელია, - რამდენიმე დღე დაგვჭირდება, რომ ბოლომდე გავერკვეთ რა ხდება – ვინ აკრავს. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე და დეტალებს ჯერ არ გავახმაურებთ.”(სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე აბსურდულს უწოდებს საზოგადოების გარკვეულ ფენებში გაჩენილ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეგრეთ წოდებული მკვლელის მამხილებელი პლაკატების გამოჩენა საქართველოს პრეზიდენტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბოლო დროის ერთ–ერთ ყველაზე სკანდალურ განცხადებებს უნდა უკავშირდებოდეს, კერძოდ, კრიმინალების ადგილზე ლიკვიდაციის შესახებ, რასაც უკვე მოჰყვა მსხვერპლი. ამ მოსაზრებას ასევე არ იზიარებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი და სხვა ვერსიას ემხრობა:

[კობა სუბელიანის ხმა]“ საზოგადოებას, ასე ვთქვათ, შოკურ თერაპიას უტარებდნენ. ჩანაფიქრი, იდეა, მე მგონი, ეს იყო, რომ ქალაქში მკვლელია და მერე აღმოჩნდებოდა, რომ ეს მკვლელი იყო ნარკოტიკი. და ეს იყო რაღაც პიარაქცია, პიარკამპანია, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან უნიჭოდ, ყოველ შემთხვევაში, შეუთანხმებლად გაკეთდა და ახლა ისინი ჩამოკიდებენ და მე ვხსნი და რა გამოვა, ეს ხომ კუკუ–დამალობანაა.“(სტილი დაცულია)

კობა სუბელიანი ფიქრობს, რომ დედაქალაქის შესაბამის სამსახურებთან შეუთანხმებელი პიარაქციის მესამე ღამეს ქალაქში გაჩნდება ბანერები წარწერით–„მკვლელი–ნარკოტიკია.“ ასეთ შემთხვევაში, ამ ორგანიზებული აქციის უკან, სულ მცირე, ერთი ანტინარკოტიკული პროფილის მოძრაობა მაინც უნდა იდგეს.

[ჯანა ჯავახიშვილის ხმა]“ ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია, ჯვარი გვწერია. მაგაში როგორ ვიქნებით გარეულები. ჩვენი ორგანიზაციები არაფერ შუაში ამასთან არ არიან. ერთი სანტიმეტრის, ერთი მილიმეტრის შეხებაც არ გვაქვს.“(სტილი დაცულია)

ქალბატონი ჯანა ჯავახიშვილი ამ განცხადებას საქართველოს ანტინარკოტიკული კოალიციის სახელით აკეთებს. მაშინ კი, როცა უკვე ნათელი სურათის გაბუნდოვანება, ძირითადად, სახელმწიფო უწყებების ხელით ხდება, ფანტაზიას დიდი გასაქანი ეძლევა;

[ნანა კაკაბაძის ხმა]“იცით, რა, ეს გაკეთებული აქვს მერიის სოციალურ სამსახურს.”

[ნონა ოქროპირიძის ხმა]“პიარაქციას სანიტარული აკეთებს ამ ნარკომანიის წინააღმდეგ, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ მაგასთან.“(სტილი დაცულია)

[დავით მესხიშვილის ხმა]“ ტყუილია, უარვყოფ მე ამ ბრალდებას, ნამდვილად არა. სასაცილოა, მეცინება, იმიტომ რომ არ ვიცი ვინ მოიგონა ეგ წარწერები, საიდან მოვიდა.“

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაზუსტებულ ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებს. იმედია, მკვლელის ვინაობა, აბსტრაქტულია თუ კონკრეტული იგი, შეგნებულად არ მიიჩქმალება.
XS
SM
MD
LG