Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის განკუთვნილი ტრანშის გაცემა გადადო

  • ნინო როდონაია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის პროგრამა გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო და დღემდე ეროვნული

ბანკის ანგარიშზე 80 მილიონი დოლარი გადარიცხა. გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საერთო ჯამში 144 მილიონი დოლარის მიღების პერიოდულობა ახლახან დაირღვა. თანხის ნაწილს საქართველო, იანვრის ნაცვლად, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს. მიზეზი რომ ფონდისადმი არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა, ამას ქვეყნის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს. რამდენად რეალურია საქართველოში სიღარიბის დაძლევის პროგრამის შეწყვეტის საფრთხე?

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ბოლოს ოქტომბერში იმყოფებოდა. ამ ვიზიტიდან ერთ თვეში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამით გათვალისწინებული თანხის ნაწილს, ოც მილიონ დოლარს, საქართველო ფონდისადმი არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვეღარ მიიღებს:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ,,ან ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ან ეს არის ძალიან არაკომპეტენტური განცხადება. პრინციპში, ყველა ვალდებულება გვაქვს შესრულებული.” (სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე განმარტავს, რომ, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი პროგრამის გაგრძელების სანაცვლოდ, აუცილებელი ახალი პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ყოველი ვიზიტისას განისაზღვრება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ,,ბუნებრივია, ეკონომიკა ვითარდება, ახალი ამოცანები დგება და ხდება ამ პარამეტრების შეთანხმება. პროგრამა წყდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ ასრულებს რაღაც ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში, დაწყებიდან დღემდე და პროგრამის დამთავრებამდე, ამის რისკი არის ნულის ტოლი.” (სტილი დაცულია)

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ახალი ტრანში საქართველოში რომ იანვარში არ გადმოირიცხება, ადასტურებს ქვეყნის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი დავით ამაღლობელი. მისი ინფორმაციით, ოც მილიონ დოლარს ქვეყანა, სავარაუდოდ, მაისში ან ივნისში მიიღებს:

[დავით ამაღლობელის ხმა] ,,გადადების მიზეზი ის იყო, რომ უკანასკნელი მისიის დროს ვერ მოხდა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება იმის გამო, რომ ჯერ კიდევ საბოლოო პარამეტრები მომდევნო წლის იმავე ფისკალურ ნაწილში, ბიუჯეტის ნაწილში, არ არის ჩამოყალიბებული და, აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდა გარკვეულ პარამეტრებზე შეთანხმება.” (სტილი დაცულია)

სიღარიბის დაძლევის პროგრამის შესაძლო შეწყვეტის ვერსიას დავით ამაღლობელიც არ ადასტურებს და არასწორს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკმაყოფილების მიზეზთა შორის საქართველოს მიერ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის უგულებელყოფაა. ანალოგიური მოსაზრება აქვს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელს დევი ხეჩინაშვილსაც. თავად ტრანშის გადავადებას ექსპერტი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის თანამშრომლობის პირველ შეფერხებად აფასებს:

[დევი ხეჩინაშვილის ხმა] ,,კატასტროფა არ არის, მაგრამ სიგნალია საფიქრალი. თანაც მე ძალიან ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამის მიზეზი ყოფილიყოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის არჩამოყალიბება. მიზეზები უნდა იყოს იმაში, რაც წარმოადგენს სავალუტო ფონდის უპირველეს ინტერესს, ანუ ფისკალურ და მონეტარულ პარამეტრებს.” (სტილი დაცულია)

რომელი მიზეზია მეტად სერიოზული და რომელი ნაკლებად საიმისოდ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური დახმარების ნაწილს საქართველოს რამდენიმე თვით გვიან გადმოურიცხავენ, ამის თაობაზე ფონდის დირექტორთა საბჭო იმსჯელებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობა დარწმუნებულია, რომ, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამით, მომავალ წელს კიდევ ორმოც მილიონ დოლარს მიიღებს.
XS
SM
MD
LG