Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში ეკონომიკა ჭარბობს პოლიტიკას


რაც უფრო იზრდება მსოფლიოში ჩინეთის ეკონომიკური წონა, მით უფრო დიდ ადგილს იკავებს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებში ეკონომიკის საკითხები.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური პრობლემები საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან. შაბათს ჩინეთში ვიზიტად ჩადის შეერთებული შტატების პრეზიდეტი ჯორჯ ბუში. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკებებზე ჩრდილო კორეის ბირთვულ პროგრამას, ჩინეთში რელიგიური თავისუფლების თემას და სხვა საკითხებსაც შეეხებიან.

უკანასკნელი ათწლულის მანძილზე შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანად შეიცვალა.

ადრე მათ შორის ურთიერთობებს ჩრდილს აყენებდა იდეოლოგიური განსხვავებები. ახლა ისინი პარტნიორები არიან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ურთიერდამოკიდებული არიან ეკონომიკურად.

[სიშის ხმა] "ვფიქრობ, ახლა ურთიერთობები უფრო კომპლექსურია. ეკონომიკა ძალზე მნიშვნელოვანია. ათი-თხუთმეტი წლის წინ ეკონომიკა თითქმის უმნიშვნელო იყო და მისი უგულებელყოფა იოლი იყო. წინ იყო წამოწეული პოლიტიკური საკითხები, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემებიც კი. ახლა... ყოველდღიური ბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე განყენებული იდეოლოგიური საკითხები," უთხრა ჩვენს რადიოს იტალიის გაზეთ "ლა სტამპას" პეკინელმა კორესპონდენტმა ფრანჩესკო სიშიმ.

ჩინეთი შეერთებული შტატების სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია. ამასთან, 2004 წელს ამერიკაში ჩინეთის ექსპორტი თითქმის ექვსჯერ მეტი იყო ამერიკიდან იმპორტზე.

ამ კონტექსტში გასაკვირი არ არის, რომ ბუშის ვიზიტისას მთავარი ყურადღება ეკონომიკას დაეთმობა.

მიუხედავად ამისა, ექსპერტების აზრით, ბუში მაინც წამოჭრის რიგ პოლიტიკურ საკითხებს. თუმცა, საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, ამ საკითხებში სწრაფ წინსვლას არავინ მოელის. საერთოდ, ამერიკასა და ჩინეთს შორის პოლიტიკურ პრობლემებზე დისკუსია მონოლოგს უფრო ჰგავს. ამერიკა ლაპარაკობს, ჩინეთი უსმენს.

შეერთებულ შტატებს განსაკუთრებით აშფოთებს ჩინეთის სამხედრო ძლიერების ზრდა. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, ამ საკითხს ბუში არ შეეხება თავისი ვიზიტისას. არ შეეხება იგი არც ადამიანის უფლებების კონკრეტულ დარღვევებს.
XS
SM
MD
LG